"სოხუმის" დამატებითი დრო: ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია

AutoSharing Option
"სოხუმი" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ამბიციური გუნდია, რომელმაც არსებობის მანძილზე პირველი ტიტული გასულ ოქტომბერს მოიგო. სოხუმელებმა დუდუ დადიანის სახელობის თასი მოიგეს, რაც სხვებთან ერთად, ირაკლი ჩლაიძისა და ვახტანგ ქადარიას დამსახურებაცაა.

ეს 2 კალათბურთელი "სოხუმის" ძირითადი ხუთეულის წევრია და ამ გუნდის წარმატებაც მათ კარგ თამაშზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული.

ჩლაიძე და ქადარია დღეს "ოვერტაიმის" წევრები არიან, რომლებსაც სასაუბროდ "სოხუმის" სავარჯიშო დარბაზში, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ვესტუმრეთ.

სუპერლიგის ახალი სეზონი
ირაკლი ჩლაიძე:
წელს ჩემპიონობა გვსურს და ვფიქრობ, შეგვიძლია კიდეც. შარშანდელთან შედარებით, გაძლიერებულნი ვართ, მაგრამ გუნდში არსებული
სხვადასხვა პრობლემის გამო ჯერ ხარვეზების გარეშე ვერ ვასპარეზობთ.

რაც შეეხება სუპერლიგას, შარშან უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვქონდა. წელს ბევრი გუნდი შედარებით შესუსტდა და ლეგიონერების რაოდენობაც შემცირდა. იმედია, იანვრიდან მეტი ხალისი და დაძაბულობა შეემატება ჩემპიონატს. ჩვენს მთავარ კონკურენტად"დინამოს" მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ "არმია", "ბათუმი" და "ქუთაისიც" ძლიერი გუნდები არიან.

ვახტანგ ქადარია:
საჩემპიონო გუნდისთვის წლევანდელი სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, დასანანი მარცხი განვიცადეთ ქუთაისშიც და ბათუმშიც. არ უნდა წაგვეგო არცერთი მატჩი, მაგრამ იმედია, ცუდად დაწყებულს კარგად დავამთავრებთ.

ირაკლი ჩლაიძე:
წელს სუპერლიგაში უფრო ცოტა ლეგიონერია. ვფიქრობ, ლეგიონერები საჭიროა, ჩემპიონატი ძლირდება ამით. ჩვენც, მოთამაშეები ბევრ რამეს ვსწავლობთ მათგან და ვფიქრობ, რომ მათი ყოფნა სუპერლიგაში აუცილებელია.

ვახტანგ ქადარია:
დიდი გამოცდილება შემძინა ლეგიონერებთან ერთადაც და მათ წინააღმდეგ თამაშმა. დავეთანხმები ირაკლის - ლეგიონერების თამაში სუპერლიგაში ნამდვილად საჭიროა.

სოხუმის საკალათბურთო სკოლა
ვახტანგ ქადარია:
წელს ჩვენი 20-წლამდელთა გუნდი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც შარშან. არადა, მოგეხსენებათ, ზედიზედ 2-ჯერ გახდნენ ჩემპიონები. წელს კი ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ დატოვა გუნდი, ზოგიერთმა ასაკობრივი ზღვარის გამო და დუბლების გუნდში, ძირითადად, უფრო პატარა ასაკის ბიჭები გვყავს.

სოხუმის ახალგაზრდები ჩვენთან ერთად ხშირად ვარჯიშობენ. მათთვის მნიშვნელოვანია, როცა უფროს მოთამაშესთან ერთად იზრდებიან და ბევრს სწავლობენ. ბიჭებს სულ უნდათ ჩვენთან თამაში და 1X1-ზე ხშირად ვთამაშობთ ხოლმე. ვარჯიშების დროსაც გვემატებიან. ხან ვაჟა კვარაცხელიას ვეხმარებით ბიჭების მომზადებაში. მაგალითად, მე ცენტრებს ვავარჯიშებ და შესაბამის რჩევებს ვაძლევ ხოლმე. შეკრებაზეც წავსულვართ ერთად და ჩვენი გამოცდილება გაგვიზიარებია მათთვის.

ირაკლი ჩლაიძე:
მათთვის დიდ გუნდთან ერთად ვარჯიში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია. როცა მათი ასაკის ვიყავი, ყოველთვის მინდოდა უფროსი მოთამაშეებისგან რჩევების მიღება. გამოცდილი კალათბურთელებისგან ბევრ რამეს სწავლობ.

ეროვნული ნაკრები
ვახტანგ ქადარია:
წელს ევრობასკეტზე არ გაგვიმართლა. ზაზა და თორნიკე რომ გვყოლოდა, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. ვფიქრობ, ამ რესურსებით მაქსიმუმი გააკეთეს ბიჭებმა და ბევრი იბრძოლეს.

ირაკლი ჩლაიძე:
ბოლომდე ვეთანხმები ვახოს.

საკალათბურთო კარიერა
ირაკლი ჩლაიძე:
8 წლის ვიყავი, როცა თამაში დავიწყე ნუგზარ მარკოიშვილთან. ჩემი ძმა დადიოდა კალათბურთზე და როგორც უმცროსს, სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. მივხვდი, რომ სწავლაში ვერ მივბაძავდი, ამიტომ ვცდილობდი, კალათბურთში დავმსგავსებოდი. თან ეს სპორტი ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა. ნუგზარ მარკოიშვილთან ავიდგი კალათბურთში ფეხი და 3 წელი ვიყავი მასთან. სწორედ მან გამიასმაგა ამ სპორტისადმი სიყვარული და მისი დამსახურებაა, რომ კალათბურთელი ვარ.

შემდეგ თამაზ ოქრუაშვილთან წავედი, "კაკტუსში" ვთამაშობდი. ბოლოს კი ვაჟა კვარაცხელიასთან აღმოვჩნდი და მას შემდეგ სოხუმის კლუბში ვიზრდები.

ძალიან სასიამოვნოა, როცა ბავშვობიდან იწყებ გარკვეულ საქმეს, დროთა განმავლობაში უმატებ და მუდმივად ცდილობ, რომ უკეთესი გახდე. მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელების, რომლებმაც ბევრი რამ მომცეს; განსაკუთრებით, ნუგზარ მარკოიშვილის, რომელმაც, როგორც გითხარით, კალათბურთი უზომოდ შემაყვარა.

ვახტანგ ქადარია:
საკმაოდ გვიან, 16 წლის ასაკში დავიწყე კალათბურთზე სიარული ვაჟა კვარაცხელიასთან. თავიდან ორ ნაბიჯს ვერ ვაკეთებდი და ბურთს კალათში საერთოდ ვერ ვაგდებდი. შემდეგ წავედი ლევან ინწკირველთან, მერე თბილისის "თბილისში", ნუგზარ კანდელაკთან ვვარჯიშობდი და პირველი ხელფასიც სწორედ აქ მქონდა - 150 ლარი.

ცოტა ხნით "დინამოშიც" ვითამაშე, მერე კი 2 წლით ამერიკაში ვიყავი და როცა დავბრუნდი, ისევ ვაჟასთან, "სოხუმში" გავაგრძელე ასპარეზობა.

ემოციური გამარჯვება
ირაკლი ჩლაიძე:
ყველაზე დასამახსოვრებელი იყო "დუდუ დადიანის" მოგება. მაშინ ჩემპიონობის გემო გავიგე. მანამდე ასაკობრივებშიც გავმხდარვარ ჩემპიონი, თუმცა უმაღლეს ლიგაში ეს სულ სხვა გრძნობაა.

ასევე, არ დამავიწყდება 3 წლის წინ მოგება "შსს აკადემიასთან", როცა პლეი ოფის სერიაში 1:1 იყო ანგარიში. აინარს ბაგატსკისი იყო ჩვენი მწვრთნელი. წაგებული თამაში შემოვატრიალეთ და მოვიგეთ. ეს გამარჯვება დაუვიწყარი იყო ჩემთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ თამაშში, არამედ იმიტომ, რომ საოცრად დაძაბული და ემოციური იყო მთლიანად ის სერია.

ვეცდებით, ამაზე არ გავჩერდეთ, კიდევ მრავალი გამარჯვება გვქონდეს მოსაგონარი და მომავალში უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე.

ვახტანგ ქადარია:
ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დუდუ დადიანის მემორიალში გამარჯვება. "სოხუმის" პირველი ტიტული ავიღეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს მოგება მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. იმედია, ეს არ იქნება ერთადერთი ტიტული და წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება.

სირთულეები
ირაკლი ჩლაიძე:
ყველაზე რთულია, როცა ტრავმის გამო ტრიბუნაზე ხარ და შენს გუნდს ვერ ეხმარები. როცა მონაწილეობას ვერ იღებ თამაშში - ეს არის ყველაზე დიდი ტანჯვა ნებისმიერი სპორტსმენისთვის.

ვახტანგ ქადარია:
ყველაზე დიდი სირთულე, რა თქმა უნდა, ტრავმაა. საშინელებაა, როცა სრულად ვერ იტვირთები, ვერ ვარჯიშობ, ვერ დარბიხარ, რადგან რაღაც გაწუხებს და ხელს გიშლის. სპორტსმენებს რთული გრაფიკიც გვაქვს, თუმცა გვიყვარს ეს სპორტი და ეს საკმარისი მიზეზია ყველაფრის ასატანად. კალათბურთი არა მარტო სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ ჩვენი სამუშაო და შემოსავლის წყაროცაა.

ირაკლი ჩლაიძე:
კალათბურთი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა და ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე. მსურს, იმდენს მივაღწიო ამ სფეროში, რომ უდიდესი სიამოვნება მივიღო და როცა ამ საქმეს თავს დავანებებ, თავაწეული გამოვდიოდე დარბაზიდან - ვიცოდე, რომ ჩემი მაქსიმუმი გაკეთებული მაქვს. არ მაქვს უაზრო ამბიციები და ნბა-ზე ტყუილად არ ვფიქრობ. უბრალოდ, მინდა, დიდხანს მივიღო ამ სპორტით სიამოვნება.

საოცნებო კლუბი და გამორჩეული მოთამაშე
ირაკლი ჩლაიძე:
ჩემი ფავორიტი არის კევინ დურანტი. ადრე მაიკლ ჯორდანი იყო - ერთადერთი და განუმეორებელი ლეგენდა. ძალიან მიყვარდა ტრეისი მაკგრეიდიც. ახლა ბევრი ძლიერი მოთამაშეა, ლებრონ ჯეიმსი და ასე შემდეგ, მაგრამ კევინ დურანტის სათამაშო სტილი ზუსტად ისეთია, როგორიც მე მომწონს.

საოცნებო გუნდებიდან "ბოსტონს" გამოვარჩევდი. ძალიან დიდი ოცნება მაქვს - ვთამაშობდე "ბოსტონში" რაჟან რონდოსთან ერთად და მე ვიყო მე-2 ნომერი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ოცნებაა. ასევე ძალიან მომწონს "ბარსელონა", თუმცა არ მინდა, ამას ოცნება დავარქვა. მსურს, რომ "ბარსელონაში" თუ არა, ოდესმე მის წინააღმდეგ მაინც ვითამაშო.

ვუყურებ ნბა-საც და ევროპულ კალათბურთსაც. ნბა უფრო სანახაობრივია, იქ ყველაფერი ფანტასტიკამდეა აყვანილი, მაგრამ პირადად მე, ევროლიგის ყურება უფრო მსიამოვნებს. ალბათ, ჯერ ევროპაში უნდა ითამაშო, ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდე და მერე წახვიდე ნბა-ში.

ვახტანგ ქადარია:
ძალიან ვგულშემატკივრობ თორნიკეს და ზაზას გუნდებს - "ბრუკლინს" და "მილოუკის". ისე კი, "ლეიკერსი" და კობი ბრაიანტი მომწონს და, რა თქმა უნდა, ოცნების დონეზე სწორედ იქ ვითამაშებდი. მიმაჩნია, რომ ევროპული კალათბურთიდან უფრო ბევრს ისწავლი, სულ კომბინაციები და დაცვაში თამაშია. ორივეს ვუყურებ, მაგრამ ბევრი რამ, რასაც ნბა-ში გააკეთებ, ევროლიგაში დაუშვებელია. ნბა თავიდან ბოლომდე ნამდვილი შოუა.

სამომავლო გეგმები
ირაკლი ჩლაიძე:
კალათბურთის გარდა, არაფრით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით არც იმაზე ვფიქრობ, მომავალში რას გავაკეთებ. ჯერ არც მინდა კალათბურთელის კარიერისთვის თავის დანებებაზე ფიქრი. როცა მივხვდები, რომ აღარ შემიძლია თამაში, მერე დავიწყებ ამაზე ზრუნვას.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უცხოეთში წავიდე, მაგრამ საქართველოში ისევ "სოხუმში" მირჩევნია დარჩენა. სხვა გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანს არაფერს მომცემს. ევროპაში კი დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ჩემს კარიერას ეს დიდად წაადგებოდა.

ვახტანგ ქადარია:
არ მინდა არსად გადასვლა, "სოხუმში" უკვე 3 წელია ვარ და ამ გუნდმა ის მომცა, რაც ძალიან მჭირდებოდა. მომეცა სათამაშო დრო და როგორც კალათბურთელი, ამ გუნდში გამოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემოთავაზებებიც მაქვს სუპერლიგის გუნდებიდან, გადასვლას ჯერჯერობით არ ვფიქრობ. თუ წავალ, ალბათ, უფრო საზღვარგარეთ... ვნახოთ, როგორ იქნება.

ჰობი და თავისუფალი დრო
ირაკლი ჩლაიძე:
ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ კალათბურთთან ახლოსაც ვერ მოვა. ბუნებრივია, რომ ამას კალათბურთელის პოზიციიდან ვამბობ. ფეხბურთში 90 წუთის მანძილზე შეიძლება ის სიამოვნება ვერ მიიღო, რასაც კალათბურთით იღებ. თუმცა, ფეხბურთს ვუყურებ, მომწონს ეს სპორტი და გარკვეულიც ვარ.

ვახტანგ ქადარია:
მეც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ თამაში არ გამომდის.

ირაკლი ჩლაიძე:
თავისუფალ დროს, როგორც ალბათ ყველა ადამიანი, მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს მუსიკა და ვცდილობ, სიამოვნება მივიღო მუსიკისგან. არ მიყვარს მძიმე რეპი, უფრო მსუბუქი ჰიპ-ჰოპი მომწონს. მომწონს ისეთი მუსიკა, რომელსაც ყველგან სიამოვნებით მოუსმენ - მეგობრებთან, ბარში, მანქანაში... მომწონს სხვა მიმდევრობა, რომელსაც საიდუმლოდ დავიტოვებ. ძალიან მიყვარს მოგზაურობაც.

ვახტანგ ქადარია:
ძირითად დროს მეც მეგობრებთან ერთად ვატარებს. ამას გარდა, მიყვარს ნადირობა და თევზაობა. როცა დასავლეთში მივდივარ, ამ საქმით ვერთობი. ხშირად ვთამაშობ X-box-საც.

რჩევები ახალგაზრდა კალათბურთელებს
ირაკლი ჩლაიძე:
ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და ივარჯიშონ. შეიძლება ნიჭიერი იყოს მოთამაშე, მაგრამ შრომისმოყვარეობა აკლდეს. ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. თუმცა, როცა იმდენად დიდი ნიჭი არ გაქვს, თუმცა ბევრს შრომობ, ეს აუცილებლად დაგიფასდება. ამიტომ მათ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და ნიჭი შრომით განავითარონ, თუ უნდათ, რომ რაიმეს მიაღწიონ. თუ არადა, დარჩებიან ისეთ მოთამაშეებად, როგორებიც დღეს ბევრი გვყავს საქართველოში.

ვახტანგ ქადარია:
ძალიან ბევრი შრომა და ვარჯიშია საჭირო წარმატების მისაღწევად. ასევე, უფროს და გამოცდილ მოთამაშეებთან ურთიერთობა, მათთან საერთოს პოვნა და გამოცდილების მიღება.

მოლოდინი და სურვილები
ირაკლი ჩლაიძე:
ძალიან მინდა, დარბაზი გაივსოს და გულშემატკივრებით სავსე სპორტის სასახლეში ვიასპარეზოთ. ყველა მოთამაშე სულ სხვა სტიმულით ასპარეზობს, როცა დარბაზი მაყურებლების შეძახილებით გუგუნებს და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვაკლია. იმედია, მეორე წრიდან ბევრი ადამიანი მოვა სუპერლიგაზე - არა მხოლოდ მოთამაშეების მეგობრები და ნათესავები, არამედ ისინი, ვისაც უბრალოდ ეს სპორტი უყვარს და ისიამოვნებს თამაშებით.

როცა ხალხი ივლის თამაშებზე, კალათბურთიც სულ სხვა ელფერს შეიძენს. მოთამაშეებს მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ, რადგან გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს შენგან.

ვახტანგ ქადარია:
ჩვენი ერთადერთი მიზანი წელს, როგორც გითხარით, ჩემპიონობაა, თუმცა გუნდის გაძლიერებაზე ვერაფერს გეტყვით, ლეგიონერებს ალბათ ვერ დავიმატებთ. გულშემატკივრის როლი კი ძალიან დიდია. ყველაზე დიდი სიამოვნებით ვთამაშობთ ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დარბაზი ყოველთვის სავსეა, ყოველთვის და სულ სხვა ატმოსფეროა.

სოხუმში რომ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დარბაზიც გაივსებოდა გულშემატკივრებით...:) მხარდაჭერა ყველა გუნდს ძალიან სჭირდება. ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს, კალათბურთზე იარონ და თავიანთ გუნდებს უქომაგონ.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული