სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი

AutoSharing Option
21 და 22 აპრილს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XXVII ტურის შეხვედრები გაიმართა.

21 აპრილი, ბათუმი
ბათუმი-სოხუმი 77:83
20:26, 16:23, 21:18, 20:16
ბათუმი: ჯინჭარაძე (18ქ, 5მ, 3პ), ლეჟავა (13ქ, 7პ, 5მ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), თენიეშვილი (2ქ), კრივცოვი (10ქ, 8მ, 3პ, 3დ), რამიშვილი, მაისურაძე (15ქ, 4ჩ), შემოსიუკი (17ქ, 3პ), მ. რევაზაშვილი.
სოხუმი: კვეტენაძე (5ქ), კოკა ტომარაძე, ბოქოლიშვილი, ზაქრაძე, ჯგერენაია (10ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (3ქ), ლათანი (28ქ, 11მ, 4პ), ბულიავა (2ქ), ტიშენკო (2ქ), ვუდსონი (17ქ, 11მ, 4პ, 3ჩ).

გადამწყვეტი. იყო მომენტი, "სოხუმი" 19 ქულით იგებდა,
თუმცა ბათუმელებმა მაისურაძის, ლეჟავასა და ჯინჭარაძის აქტიურობით საფინალო სირენამდე 3:32 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 73:73.

ეს იყო და ეს, თამაშის ბოლომდე შემოსატრიალებლად აჭარლებს ძალა აღარ ეყოთ და "სოხუმმა" ძალიან პრინციპული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები რეგულარული ეტაპის მიხედვით პლეი ოფში ვერ გავიდნენ და დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ.

მომდევნო ეტაპზე ოთხი გუნდი შინ და გარეთ ორ-ორ მატჩს ჩაატარებს, დაემატებათ რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები ქულები და სამი მათგანი გაისადაც სუპერლიგაში ითამაშებს. მეოთხე კი "ა" ლიგაში დაქვეითდება.

სტატისტიკა არ ტყუის. მატჩი თანაბარი იყო და სტატისტიკაშიც არ აღმოჩნდა პოლარული განსხვავებები. შეიძლება ყურადღება გამახვილდეს ფარქვეშ "სოხუმის" უკეთ თამაშზე. მან სამწამიანიდან 44 ქულა ჩააგდო, "ბათუმმა" - 34. სტუმრებმა ბურთი 40-ჯერ მოხსნეს, ბათუმელებმა 34-ჯერ.

გამორჩეული. "სოხუმს" მშვენიერი ინდივიდუალისტი ჰყავს, დუეინ ლათანი, რომელმაც 28 ქულას 11 მოხსნა წაუმატა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა რობერტ ვუდსონმა - 17 ქულა, 11 მოხსნა. ხოლო ოთარ ბულიავამ 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 18 ქულამდე ავიდა.

ნამატჩევს
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- დაძაბული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მოვახერხეთ დიდი სხვაობის აღმოფხვრა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ახლა ყველა მატჩს ოქროს ფასი აქვს...

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
- გამარჯვება ორივე გუნდისათვის მნიშვნელოვანი იყო, ველოდით რთულ თამაშს და ასეც მოხდა. ასე რომ, "სოხუმი" აქტიურად იბრძვის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, მის გარეშე ხომ სუპერლიგა წარმოუდგენელია!

21 აპრილი. ქუთაისი
ქუთაისი-მგზავრები 87:72
25:7, 17:27, 24:12, 21:26
ქუთაისი: ფაშაევი (12ქ), ქადარია (11ქ), ცინცაძე (11ქ,8მ,7პ), ბარბაქაძე (7ქ), ბექაური (13ქ), ჭეიშვილი (3ქ), ბოისა (4ქ), ცეკვავა (9), წივწივაძე, ბაბუნაშვილი (2), ლომოური (3), ტუბაკი (12).
მგზავრები: ფხაკაძე (9ქ,6მ), ქავთარაძე(7ქ), ტეილორი (7ქ,6მ), მერფი (8ქ,6მ), ალენი (26ქ), ცირეკიძე (6ქ), ლომინაშვილი (9ქ), ტურძელაძე.

გადამწყვეტი. "მგზავრები" სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მასპინძელი გუნდისგან განსხვავებით, ქუთაისურ შეხვედრას მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, თბილისელებმა, რომელთა ძირითად ბირთვს "ქუთაისის" ყოფილი კალათბურთელები წარმოადგენენ, მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და უშანსოდ დამარცხდნენ. პირველი პერიოდი ქუთაისელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათი 18-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 25:7.

მეორე მეოთხედში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, ფხაკაძის საჯარიმოების შემდეგ სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა, დიდ შესვენებამდე კი 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 42:34 "ქუთაისის" სასარგებლოდ.

მესამე პერიოდის დასაწყისში ლომინაშვილმა კიდევ ორი ქულით შეამცირა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა "აიწყვიტეს" და 16:0 გაქცევა მოაწყვეს (58:36), რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ქუთაისელები 25 ქულითაც დაწინაურდნენ - 76:51. სტუმრებმა ბოლოს კი გამოასწორეს თამაში, მაგრამ დიდი სხვაობით მატჩს ვერ გადაურჩნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. "ქუთაისმა" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ეს სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, თუმცა ყველაზე მეტად სტუმრებს სამწამიან ზონაში გაუჭირდათ, მასპინძლებმა 49 მცდელობიდან კალათში 28 ბურთი მოათავსეს (57.14%), მაშინ, როცა თბილისელების 42 სროლიდან ზუსტი მხოლოდ 19 ორქულიანი გამოდგა. "მგზავრებს" შეცდომაც ბევრი მოსდიოდათ, მათ 24-ჯერ დაკარგეს ბურთი. ამ მხრივ "ქუთაისსაც" არ ჰქონდა კარგი შედეგი - 17 დაკარგვა...

გამორჩეული. "ქუთაისმა" გუნდური თამაშით მოიგო და მათ რიგებში ძნელია ვინმეს გამოყოფა. 13 ქულა ბექა ბექაურს ჰქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა დრაგან ტუბაკმა, რომელიც საკუთარ გუნდს 12 ქულით შეეწია. 11-11 ქულა დააგროვეს გიორგი ცინცაძემ და ვახტანგ ქადარიამ.

"მგზავრების" რიგებში საუკეთესო რეჯინალდ მერფი იყო. 26 ქულით იგი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, მაგრამ მისმა გარჯამ თბილისელები მარცხისგან ვერ იხსნა.

22 აპრილი, თბილისი
კაკტუსი-ოლიმპი 82:79
22:23, 20:20, 19:18, 21:18
კაკტუსი: უაითი (6ქ), ჩიკვილაძე (13ქ, 6პ, 3ჩ), ჩლაიძე (12ქ, 3პ), ლოლიშვილი (4ქ), ბრიჯმენი (14ქ), ბააკაშვილი (6ქ, 5მ), ლომიძე (8ქ), ფლოვიესი (19ქ, 6მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (3ქ), ბურნეთი (19ქ, 8მ, 4დ), ბოლქვაძე (2ქ), როგავა (19ქ, 9პ), გეგი ბაქრაძე (3დ), მიქელაძე, კახა ტომარაძე (2ქ), მასხულია (6ქ, 7მ), პიჩფორდი (21ქ, 7მ, 3ჩ), შლიცერი (7ქ).

გადამწყვეტი. საინტერესო სანახაობა გამოდგა. საფინალო სირენამდე 29 წამით ადრე როგავამ ორი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 79:79. თუმცა მატჩის დასრულებას 5 წამი რომ აკლდა, ჩლაიძემ თამაშის ბედის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა კიდეც - "კაკტუსს" 82:79 მოაგებინა.

სტატისტიკა არ ტყუის. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევს, საჯარიმოებია: "ოლიმპმა" მხოლოდ 7 სტყორცნა და 4 ჩააგდო, "კაკტუსმა" 26 საჯარიმოდან 17 გამოიყენა. თუმცაღა, ოლიმპელებმა ეს სხვაობა 7-ით მეტი ორქულიანით დააბალანსეს.

გამორჩეული. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის გმირის გამორჩევა რთული არ არის - შეხვედრის ბედი სამქულიანით ირაკლი ჩლაიძემ გადაწყვიტა, რომელმაც 7-დან 3 შორეული ტყორცნა გამოიყენა, ჯამში კი 12 ქულა მოინაგრა.

ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- "ოლიმპი" უხერხული მეტოქეა და ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა. მართალია, განაღდებული გვაქვს პლეი ოფის საგზური, თუმცა ჯერ არ ვიცით, მე-3 ადგილზე გავალთ თუ მეოთხეზე. ეს ყველაფერი 3 დღეში გადაწყდება, 26 აპრილს უშუალო კონკურენტ "რუსთავს" დავუპირისპირდებით.

ლეონიდ ივატინი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
- 82 ქულა ჩვენი დაცვისთვის ძალიან ბევრია. საშუალოდ 70 ქულაზე მეტს არ ვუშვებთ. ბოლო წამებზე მსროლელი მოთამაშის მარტო დატოვება და მაღალ მოთამაშეზე გადართვა ცოტათი უცნაური იყო ჩემთვის, მაგრამ არა უშავს, დასკვნებს გამოვიტანთ და გამოვასწორებთ.

22 აპრილი, რუსთავი
რუსთავი-დინამო 71:96
20:25, 21:20, 18:21, 12:30
რუსთავი: ხმელიძე (7ქ), ქიტოშვილი (2ქ), ლორთქიფანიძე (3ქ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (18ქ), ათუაშვილი (8ქ, 12მ), კასპერბაუერი (13ქ, 5მ), გოგობერიშვილი (8ქ, 6პ), გუგავა (2ქ), ბრიგსი (10ქ, 6მ, 5პ).
დინამო: ვონი (16ქ, 5პ), გრძელიძე (2ქ), ღურწკაია (4ქ), ლონდარიძე (12ქ, 3პ), მაჩალაძე (6ქ, 5მ), ფაცაცია (8მ, 6პ), ჭოჭუა (18ქ, 4პ), მარავიჩი (16ქ, 12მ, 5პ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (19ქ).

გადამწყვეტი. მესამე პერიოდი რომ დასრულდა, "დინამო" მხოლოდ 7 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა გადამწყვეტი რაუნდის დასაწყისში მიხეილ ბერიშვილმა სამი სამქულიანი ჩააგდო და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე თბილისელები 84:64 დააწინაურა...

სტატისტიკა არ ტყუის. "რუსთავმა" "დინამოზე" ორჯერ მეტი სამქულიანი ჩააგდო - 12, თუმცა სამწამიანი ზონიდან საკმარისი ქულები ვერ მიამატა (ოდენ 16). ფარქვეშიდან "დინამომ" 28 ქულა მიითვალა, ასევე 28 ორქულიანი გამოიყენა, რაც "რუსთავის" ორქულიანებზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა.

გამორჩეული. მიხეილ ბერიშვილს ბევრი არ უსვრია, 4-4 სამიანი და საჯარიმო, 5 ორქულიანი სტყორცნა, საიდანაც 3 ორიანი, 3 სამიანი და 4 საჯარიმო გამოიყენა. 19 ქულით მიშა მატჩის ბომბარდირი გახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

ვაჟა სიმონიშვილი
დავით კოხრეიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული