სუპერლიგა 2013/14: ნასესხები ფული და გადამწვარი ტრანსფორმატორი

AutoSharing Option
31 იანვარს საქართველოს სუპერლიგის მეორე წრე განახლდა. მეათე ტურმა ინება, რომ სამიდან ორი შეხვედრა 10-ქულიანი სხვაობით დასრულებულიყო, მესამეში კი "ქუთაისმა" ოდნავ დააკლო - 9 ქულის სხვაობით იმარჯვა.

ქუთათურები დაუპირისპირდნენ "სოხუმს", რომლის კალათბურთელებსაც ხელფასები დიდი ხანია, არ მიუღიათ და იმერეთში მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას ნასესხები ფულით გაემგზავრნენ.

იყო კიდევ ერთი არასასიამოვნო შემთხვევა - "შსს აკადემიასა" და "მაქაბის" დაპირისპირება შაბათს სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიწვა გენერატორი და შეხვედრაც 3 თებერვლისთვის გადაიდო. მატჩი ვაკეში, სპორტის სამინისტროს დარბაზში ჩატარდება.

გადამწყვეტი
. რომ არა მესამე პერიოდში
"ოლიმპის" ჩავარდნა (8:27), შეიძლებოდა დღეს დაგვეწერა, რომ მატჩში გადამწყვეტი ბათუმელთა ორი ფორვარდის არყოფნა იყო - ჯერემი სეფოლდის და ჯეიმი ჯექსონისა.

საქმე ისაა, რომ ისინი რუსთავში 25 იანვარს გამართულ სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩზე არ გამოცხადდნენ და სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეხვედრის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია მეორე პერიოდის ბოლო წუთებმა. "ოლიმპი" 30:23-ს იგებდა, როცა ბათუმელებმა 26:5 გაქცევა მოაწყვეს და 49:35 დაწინაურდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. ზღვისპირელებმა საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით რომ მოიგეს, სულაც არ არის გასაკვირი, მათ ხომ სამწამიანი ზონიდან (42:32) და სწრაფი გარღვევებით მოგროვებულ ქულებში (24:14) 10-10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.

რჩეული. "ბათუმს" ერთგვარად გაუმართლა - ორი ლიდერის არყოფნაში, წინასწარ ძნელი განსასაზღვრი იყო, როგორ ითამაშებდნენ საქართველოში ახლახან ჩამოსული დებიუტანტები კამერონ მაქკეფრი და ნემანია მიშკოვიჩი. პირველმა 14 ქულა და 6 პასი მიითვალა, მეორემ 8 ქულა და 13 მოხსნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლეს. თუმცა მათ ბომბარდირობა მაინც არ დაუთმეს სტაჟიანმა ბათუმელებმა - ჯუნიორ ქეიდუგანმა (26 ქულა) და ნიკა რამიშვილმა (17).

მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ოლიმპელმა რიჩარდ მათიაშვილმა გაიფორმა - 26 ქულა, 11 მოხსნა.

გადამწყვეტი. მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე 49:49 ეწერა. ბოლო რაუნდი დავით მაისურაძემ ორქულიანით გახსნა და მასპინძლები დააწინაურა - როგორც აღმოჩნდა, ამ შეხვედრაში ბოლოჯერ, რადგან არმიელმა ბექა წივწივაძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო და სტუმართა -2 +4-ად აქცია. ამის შემდეგ "არმიას" ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.

სტატისტიკა არ ტყუის. ქვემოქართლელებს შეეძლოთ, ესარგებლათ "არმიას" ცენტრის, გიორგი შარაბიძის არყოფნით და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოეპოვებინათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათაც დიდი ძალა დააკლდათ - სერგო ათუაშვილი "რუსთავიდან" ტუნისში წავიდა. მოხსნებში "არმიამ" 51:40 იმარჯვა.

რჩეული. წივწივაძემ მხოლოდ ორი სამქულიანით როდი დაგვამახსოვრა თავი, მან ყველაზე მეტი, 22 ქულა ჩააგდო და 4 პასი მიითვალა. ბექას ანგარიშზე 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანია.

ბათუმი-ოლიმპი 71:61
ბათუმი: რამიშვილი (17ქ, 5ჩ), ნინუა (2ქ), ელიაშვილი (2ქ, 8მ), კეშელავა, კობიძე (3ქ), ელიაძე (5მ), ქეიდუგანი (25ქ, 6პ, 3ჩ), მაქკევრი (14ქ, 6მ, 6პ), ბოლქვაძე, მიშკოვიჩი (8ქ, 13მ).
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (11ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), გ. მიქელაძე (2ქ, 5პ), თავართქილაძე (2ქ), ხანიაშვილი (1ქ), თენიეშვილი (8ქ, 5მ), ათანელიშვილი (4ქ), ხიზანიშვილი (3ქ), ჩიტაშვილი, ალხანაიძე (4ქ, 9მ), მათიაშვილი (26ქ, 11მ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, დ. ბერეკაშვილი

რუსთავი-არმია 58:68

რუსთავი: გ. არაბული, არწივიძე (6ქ), ხმელიძე (14ქ, 11მ, 3პ), აბაიშვილი (12ქ, 4პ, 3ჩ), ჩაჩანიძე (15ქ), ყველაშვილი (6ქ, 5მ, 2დ), ჯ. არაბული, გუგავა (12მ), დ. მაისურაძე (5ქ).
არმია: ბაბუნაშვილი (8ქ, 5მ, 3პ), ბაბიაშვილი (6ქ, 7მ), ბერიშვილი (17ქ, 9მ, 4პ, 3დ), ჯგერენაია (3ქ), წივწივაძე (22ქ, 5მ, 4პ, 4ჩ), ტუჯანი (6ქ, 5მ), კვეტენაძე (2ქ), ჩაჩიბაია (4ქ), კეიდია (5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი

ქუთაისის 20-ქულიანი შემოტრიალება
"არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვეტილი გვქონდა, არ გვეთამაშა, მაგრამ ბოლო წამს მაინც გადავწყვიტეთ ქუთაისში გამომგზავრება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ. მართლაც, დიდი შანსი იყო, რომ განახლებული სუპერლიგის ქუთაისური დაპირისპირება ჩაშლილიყო.

"სოხუმის" კალათბურთელებს ხელფასები კარგა ხანია არ აუღიათ და ამის გამო გუნდი თამაშზე გასვლას არ აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო წამს შეცვალეს და ქუთაისის სპორტის სასახლესთან თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივიდნენ. დარბაზში თავდაპირველად მხოლოდ ექვსი სოხუმელი კალათბურთელი გამოჩნდა, მთავარი მწვრთნელი და სათადარიგო კალათბურთელები კი გუნდს პირველი პერიოდის ბოლოს შეუერთდნენ.

პრობლემების მიუხედავად, შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს. შესანიშნავად ირჯებოდა ჯერემი საიმონსი. სწორედ ამერიკელი ლეგიონერის ზუსტი თამაშის წყალობით პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 27:14 მოიგეს.

მეორე პერიოდიც სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა, სოხუმელთა უპირატესობამ 20 ქულასაც კი მიაღწია - 37:17, მაგრამ ამის შემდეგ მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმაც გამოასწორეს თამაში და სოხუმელთა 20-ქულიანი ფორაც ნელ-ნელა შემცირდა.

ქუთაისელთაგან გიორგი ცეკვავას თამაში უნდა გამოვყოთ, რომელმაც გუნდის ლიდერობა იტვირთა და თანაგუნდელებიც აიყოლია. დიდ შესვენებაზე სტუმრები 11-ქულიანი სხვაობით გავიდნენ (29:40), თუმცა უკვე დაღლილობაც ეტყობოდათ.

მესამე პერიოდი უფრო აქტიურად "ქუთაისის" კალათბურთელებმა დაიწყეს. მასპინძლები სწრაფად მოქმედებდნენ და ამ ათწუთეულშივე გაათანაბრებდნენ ანგარიშს, რომ არა სოხუმელი რატი ბააკაშვილის 3 ზუსტი სამქულიანი. მისი წყალობით, ბოლო პერიოდამდე "სოხუმმა" შვიდქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა - 51:58.

გადამწყვეტი. მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. ადგილობრივი გულშემატკივრების მიერ გამხნევებულმა ქუთათურებმა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით და 14 წამით ადრე ცეკვავას შედეგიანი შეტევის შემდეგ პირველად შეძლეს დაწინაურება - 68:66.

ამას დიდიასა და ფაშაევის სამქულიანები მოჰყვა, რამაც დაღლილი მეტოქე საბოლოოდ გატეხა. სტუმრებს თამაშის შემოსაბრუნებლად აღარც დრო დარჩათ და აღარც ძალები. "ქუთაისმა" მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და 77:68 გაიმარჯვა.

სტატისტიკა არ ტყუის. ქუთაისელები ყოველთვის ზუსტი სამქულიანი სროლებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ მატჩში მასპინძლები შორიდან არცთუ სახარბიელოდ ისროდნენ და 25 მცდელობიდან ბურთი მხოლოდ ექვსჯერ მოათავსეს კალათში.

სამაგიეროდ, კარგად მოქმედებდნენ ფარქვეშ და საშუალო დისტანციიდანაც შედეგიანად ისროდნენ.

ორქულიანებში ქუთაისელთა მონაგარი 59% იყო, 37.14%-ის წინააღმდეგ. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა კარგად გამოიყენეს საჯარიმოებიც (8-დან 7 ჩააგდეს), სოხუმელებს კი ამ მხრივ ძალიან ცუდი სტატისტიკა ჰქონდათ: მათ 31-ჯერ მიეცათ საჯარიმოს სროლის საშუალება და აქედან მხოლოდ 18 გამოიყენეს.

რჩეული. ჩვეულებისამებრ, სასარგებლოდ გაისარჯა რიონისპირელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის უნდა ვაღიაროთ. არანაკლებ სასარგებლო იყო გოგა ცეკვავა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და 6 პასიც მიითვალა მშვენივრად ირჯებოდა ზაურ ფაშაევიც, რომელიც ქუთათურებს 14 ქულით, 9 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით შეეწია.

რაც შეეხებათ სტუმრებს, სოხუმელთა რიგებში 21 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო საიმონსი იყო. "სოხუმს" რომ მოეგო, ალბათ, MVP-ის წოდებას ვერავინ შეეცილებოდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ვახტანგ ქადარიამაც - 16 ქულა და 12 მოხსნა, რომელმაც მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

ქუთაისი-სოხუმი 77:68
ქუთაისი: ფაშაევი (14ქ, 9მ, 8პ), დიდია (6ქ, 7მ), ცეკვავა (16ქ, 6პ), ლომინაშვილი (8ქ), დვალიშვილი (21ქ, 12მ), გრძელიძე (4ქ), ცირეკიძე (2ქ), დ. ბარბაქაძე (4ქ), გ. ბარბაქაძე (2ქ)
სოხუმი: ივანიჩი, ჩლაიძე (12ქ), შვანგირაძე (6ქ, 8მ), ბააკაშვილი (13ქ), ქადარია (16ქ, 12მ), საიმონსი (21ქ, 18მ), დეკანოიძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 9 7 2 684/595 16
2. ქუთაისი 9 7 2 769/624 16
3. დინამო 8 7 1 703/532 15
4. ბათუმი 9 6 3 769/693 15
5. სოხუმი 9 5 4 712/624 14
6. შსს აკადემია 8 4 4 565/601 12
7. რუსთავი 9 2 7 586/717 11
8. ოლიმპი 9 1 8 639/753 10
9. მაქაბი 8 0 8 556/844 8

ვაჟა სიმონიშვილი და დავით კოხრეიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული