ქუთაისის რთული გამარჯვება

AutoSharing Option
ქუთაისური მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. ისე მოხდა, რომ სამი პერიოდის მომგებმა "სამედიცინომ" ქუთაისი საბოლოოდ დამარცხებულმა დატოვა. წინა ტურში "სოხუმთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სპორტის სასახლეში მრავლად მისული ადგილობრივი გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან მორიგ გამარჯვებას ელოდნენ. "ქუთაისმა" ქომაგები კიდევ ერთხელ გაახარა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას მაყურებლებს ნერვიულობა არ მოჰკლებიათ.

"მედიკოსებმა" მასპინძლებს თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ პერიოდში სამქულიანი სხვაობით (19:16) იმარჯვეს. სტუმართაგან თავიდანვე გიორგი გულისაბედაშვილი და მიხეილ ჭოჭუა გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ გულისაბედაშვილმა "თსსუ"-ს 21 ქულა შესძინა, ჭოჭუამ კი 18 ქულას მოუყარა თავი.
კარგად გაისარჯნენ ბექა ბექაური (12ქ.) და თორნიკე ნინიაშვილი (13ქ.). მეორე პერიოდიც თბილისელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა შემდეგ პერიმეტრიდან აქტიურად შეუტიეს და სამქულიანი სროლებიც კარგად წაუვიდათ. ამან შედეგი გამოიღო, ბარბაქაძის სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა (29:29), რასაც ბერიშვილის ორი ზუსტი შორეული სროლაც მოჰყვა და ქუთაისი წინ გაიჭრა. მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ. მათ ლამაზ კომბინაციებს და სწრაფ შეტევებს სტუმრებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. თამაშში კარგად ჩაერთო ვიქტორ კოღუაშვილიც.

მალხაზ კოხრეიძის შეგირდები 18 ქულით გაიჭრნენ წინ (66:48). ეს უკვე მოგების წინაპირობა იყო, თუმცა... რიონისპირელები ნაადრევად მოეშვნენ, დაღლაც დაეტყოთ და დაისაჯნენ კიდეც. "თსსუმ" "ქუთაისს" 16 უპასუხო ქულა ჩაუგდო და ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა, შემდეგ კი ბექაურმა ანგარიშიც გაათანაბრა -69:69. მატჩის ფინალი დრამატული გამოდგა. მასპინძლებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომებს კიდევ უფრო უმატეს. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, ჯერ სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ ისევ გათანაბრდა ანგარიში (74:74). ამასობაში მასპინძლებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბუბა კვიმსაძე დაემტვრათ და მან თამაში ვეღა გააგრძელა. რთული მდგომარეობის მიუხედავად რიონისპირელებმა ძალები მოიკრიბეს, მეტოქის შეცდომებითაც ისარგებლეს და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს 81:76. მატჩის ერთდერთი "დაბლ დაბლი" რევაზ დიდიამ შეასრულა (10ქ.10მ.). მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი გიგი ბარბაქაძე იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 25 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.


ქუთაისი-სამედიცინო 81:76
16:19, 29:18, 21:23, 15:16
ქუთაისი: ბაბუნაშვილი, დიდია (10ქ, 10მ, 5პ), ბ. ბერიშვილი (17ქ, 5მ, 4ჩ, 3პ), კვიმსაძე (11ქ, 5პ, 3ჩ), ბოლქვაძე (9ქ, 8მ, 4პ, 3ჩ), გ. ბარბაქაძე (25ქ, 7მ, 3პ), კოღუაშვილი (9ქ).
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (21ქ, 8მ, 5პ, 5ჩ), ჩაჩიბაია (7ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე (5ქ, 6პ), ბექაური (12ქ, 7მ, 5პ, 2დ), ნინიაშვილი (13ქ, 6მ), ჭოჭუა (18ქ, 6მ, 5პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: ა. კაზანჯიანი.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული