ქუთაისური მოულოდნელობა

AutoSharing Option
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც მასპინძელთა ამბიციური გუნდი ცხრილის ქვედა საფეხურზე მყოფ ”ბათუმთან" დამარცხდა. ქუთათურები ამ მატჩამდე სტაბილურად თამაშობდნენ და ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივრები მათგან მორიგ გამარჯვებას ელოდნენ.

”ბათუმს" აქამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა და ზღვისპირლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ ქუთაისიდან გამარჯვებულები წასულიყვნენ. მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში ზღვისპირლებმა 11-ქულიანი სხვაობით (98:87) იმარჯვეს. თანაც, მათ მატჩის ოთხივე პერიოდი მოიგეს. შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მასპინძლებიდან ბუბა კვიმსაძე და მამუკა ბოლქვაძე გამოირჩეოდნენ. დავით უსტიაშვილის გუნდის ლიდერობა კი გამოცდილმა ლაშა
კეშელავამ ითავა და მისმა ბრწყინვალე თამაშმა სტუმართა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კეშელავა მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, მან 32 ქულასთან ერთად 17 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.

კარგად გაისარჯა ბათუმელთა 17 წლის კალათბურთელი ირაკლი მიქელაძე, რომელმაც კეშელავასთან და ვანო მაისურაძესთან ერთად მალხაზ კოხრეიძის შეგირდებს დიდი პრობლემები შეუქმნა. მასპინძლები მიქელაძის შორეულმა ტყორცნებმა გატეხა, 8 სროლიდან 4 სამქულიანი გამოიყენა და საკუთარ გუნდს ზუსტი საჯარიმოებითა და ორქულიანებითაც შეეწია.

სტუმრები დაცვაშიც ყურადღებით თამაშობდნენ, ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ქუთაისელთა ერთ-ერთი ლიდერი გიგი ბარბაქაძე, რომელიც ყოველთვის შედეგიანობით გამოირჩეოდა, ამ მატჩში მხოლოდ 9 ქულას დასჯერდა.

მეორე პერიოდში ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი მოხდა. კვიმსაძემ სწრაფი გარღვევა განახორციელა და მცველებთან ჭიდილში ორი ქულა მოიპოვა. მასპინძელთა დამრიგებელი მალხაზ კოხრეიძე ამ მომენტში ჯარიმასაც ითხოვდა, თუმცა მსაჯმა, გურამ მიქელაძემ წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც მწვრთნელის მწვავე რეაქცია გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ მატჩის არბიტრმა მაკა კუპატაძემ თამაში შეწყვიტა და მოედანი დატოვა. მდგომარეობის განმუხტვას და მსაჯის მატჩისკენ ”შემობრუნებას" 5-6 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა რაც პირველ ორ პერიოდში იყო. ბათუმლები უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ ბოლო წუთებამდე ვერავინ იტყოდა გამარჯვება რომელ გუნდს დარჩებოდა. ბოლოს კი ახალგაზრდა არჩილ ჩხატარაშვილმა ზედიზედ სამი შედეგიანი გარღვევა განახორციელა და ბათუმელებს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.


ქუთაისი–ბათუმი 87:98
22:24, 22:25, 20:21, 23:28
ქუთაისი: ცაგარეიშვილი (4ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), დიდია (13ქ), ბ. ბერიშვილი (10ქ), კვიმსაძე (19ქ), ბოლქვაძე (19ქ), ლომინაშვილი (3ქ), გ. ბარბაქაძე (9ქ), კოღუაშვილი, ქორიძე (6).
ბათუმი: მაისურაძე (17ქ), მიქელაძე (18ქ), ნინუა (9ქ), ჩხატარაშვილი (8ქ), კეშელავა (32ქ), ელიაშვილი (8ქ), ელიაძე (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული