"შსს აკადემიამ" რუსთაველები 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი 20-ქულიანი სხვაობით დასრულდა. ცხრილში გვერდიგვერდ მყოფი გუნდების დაპირისპირებამ მოლოდინი ვერ გაამართლა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "შსს-აკადემიამ" "რუსთავის" წინააღმდეგ თამაშს ალღო აუღო და, საბოლოოდ, 94:74 გაიმარჯვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდის ყველა წევრმა დიდი მობილიზებით ითამაშა. თავდაპირველად, ტერენს ოგლსბი სისწრაფისა და ზუსტი მიზნის ხარჯზე რუსთაველებს შანსს უნარჩუნებდა. თავისას ცდილობდა აკაკი დვალიშვილიც, რომელიც ფარქვეშიდან ხიფათს უქმნიდა აკადემიელებს, თუმცა მეორე ტაიმიდან ყველაფერი შეიცვალა.

პირველი ტაიმი აკადემიელებმა 8 ქულით მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ოგლსბის, გოგა ცეკვავას და
დვალიშვილის ქულებით რუსთაველებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს - 40:43. აქ მოხდა გარდატეხა. აკაკი ლომოურმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და სათავე დაუდო "შსს-აკადემიას" გაქცევას. მესამე მეოთხედის ბოლომდე აკადემიელებმა ლიდერობა 14 ქულამდე გაზარდეს და ბოლო პერიოდში ქვემოქართლელები საბოლოოდ გატეხეს.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა აკადემიელმა ნიკა მეტრეველმა, რომელმაც შეხვედრა 21ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. 14 ქულა და 8 პასი მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 21 ქულა-18 მოხსნით საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა, ხოლო ტერენს ოგლსბის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.

14.02.15, 14:00
შსს აკადემია 94 - 74 რუსთავი
შსს აკადემია 20 21 25 28
რუსთავი 16 17 19 22

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თითოეულ მოთამაშეს, მათ დღეს ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. ანგარიშში სხვაობა ნამდვილად არ ასახავს იმ სხვაობას, რაც ჩვენს და ,"რუსთავის" გუნდს შორისაა. "რუსთავი" ძლიერი გუნდია ძლიერი მწვრთნელით და დღემდე რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ ძირითად პრეტენდენტად. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბერუაშვილი მოახერხებს გუნდის სათანადოდ მომზადებას პლეიოფებისთვის და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ გუნდს ვიხილავთ. წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ბიჭებმა ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს, ის, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით, მოედანზე გადაიტენს და შედეგიც მივიღეთ. ჩემპიონატი ძალიან დაიძაბა და ყველა თამაში სულ უფრო საინტერესოა. დავიწყებთ მომზადებას შემდეგი თამაშისთვის, რომელსაც "სოხუმის" წინააღმდეგ ჩავატარებთ.

მიხეილ ბერუაშვილი("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი)
: პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ბოლომდე იბრძოლეს და შედეგს მიაღწიეს. "შსს აკადემია" ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი და გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული. რაც შეგვეხება ჩვენ, ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, გვინდოდა მოგება, მაგრამ ბოლოს აღარ გვეყო ძალები, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. შევეცდებით, შემდეგისთვის გამოვასწოროთ შეცდომები და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

ბექა ჩიკვილაძე("შსს აკადემია"): დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. წინა ტურში "მგზავრების" წინააღმდეგ არ ვიყავით სათანადოდ ფსიქოლოგიურად მომზადებულები, გვეგონა, ადვილად გავიმარჯვებდით, თუმცა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა და ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც დაგეგმილი გვქონდა. ამ შეხვედრისთვის კი შევეცადეთ იგივე შეცდომა არ გაგვემეორებინა, "რუსთავი" ძლიერი გუნდია და ფსიქოლოგიურადაც მოვემზადეთ. ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის და ძალიან გახარებულები ვართ მოგებით. "რუსთავს" კი წარმატებებს ვუსურვებ.

მომზადებულია superleague.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული