სუპერლიგა. X ტური: ორი მატჩის ერთი სცენარისტი

AutoSharing Option
სუპერლიგის მეათე ტური ორად გაიყო. ორი მატჩი გუშინ, 15 დეკემბერს გაიმართა, ორიც დღეს შედგება. წესითა და რიგით, საწყისი ორივე შეხვედრა რეგიონებში უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან რუსთავში დარბაზის რემონტი მიმდინარეობს, ქვემოქართლელებმა "ქუთაისს" თბილისში უმასპინძლეს. "ბათუმმა" კი "ოლიმპი" მიიღო.

გუშინდელ შეხვედრებს თითქოს ერთი სცენარისტი ჰყავდა, ერთნაირად დაიწყო და ასევე დასრულდა: პირველ წუთებში მასპინძლები გაიქცნენ, "რუსთავი" 21:8 დაწინაურდა, ხოლო "ბათუმი" - 20:8. თუმცა, ვისაც "ქუთაისისა" და "ოლიმპის" თამაშები უნახავს, დაგვეთანხმება, რომ მათთვის 12 და 13-ქულიანი ჩამორჩენა არათუ პირველ პერიოდში, მეოთხეშიც არაფერს ნიშნავს.

თამაშის
შუაში როგორც იმერლები, ასევე თბილისელები გაქცეულებს დაეწივნენ და ორივე მატჩში გამარჯვებულის ვინაობის გამორკვევა ბოლო წუთებს მიენდო:

ბათუმში, საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ტრავმამოშუშებულმა ნუგზარ აბულაძემ ორქულიანით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (68:69). თუმცა სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ ბათუმელებმა სტეფანიშინი-რამიშვილი-დვალიშვილის წყალობით 6:0 გაქცევა მოაწყვეს და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 75:68 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ ბათუმელებმა სტუმრები 3 ქულაზე ნაკლებით აღარ მიიახლოვეს და მეშვიდე გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. თუმცა ზღვისპირელები პოტენციური ლიდერები არიან. მათ პირველადგილოსან "ქუთაისზე" ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული, მოგებების რაოდენობა კი თანაბარი აქვთ.

"რუსთავისა" და "ქუთაისის" დაპირისპირებაში, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, რიჩარდ მათიაშვილმა სამქულიანით მრგვალი ანგარიში დააფიქსირა - 60:60. თუმცაღა, ისევე, როგორც ბათუმში, თბილისშიც გადამწყვეტი 6:0 გაქცევა აღმოჩნდა: ტურპინისა და ჭოჭუას სიზუსტემ "რუსთავი" 66:60 დააწინაურა.

დარჩენილი ერთი წუთი "ქუთაისისთვის" თამაშის შემოსატრიალებლად საკმარისი არ აღმოჩნდა...

კომენტარები
დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
"დაძაბული მატჩი იყო, ისევე, როგორც წლევანდელი ჩემპიონატის ყველა თამაში. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც "რუსთავთან" გველოდება".

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):
"როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებით სავსე იყო ბათუმის დარბაზი. გვქონდა ხარვეზები დაცვაში, თუმცა ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ამ წაგებას, როგორც მწვრთნელი, მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ".

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებების შემდეგ, როგორც იქნა, გამარჯვებას მივაღწიეთ. სასიხარულოა, რომ ლიდერობის დაკარგვის შემდეგ მოთამაშეები არ გატყდნენ და ბოლო პერიოდში სამაგალითოდ იბრძოლეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც ჩვენს კალათბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას გაუძლიერებს. ჩემპიონატის ლიდერს მოვუგეთ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეგვიძლია. ახალ წლამდე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და ვეცდებით, წარმატებული თამაში გავაგრძელოთ".

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
"გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ, კარგად გამოჩნდა ჩვენი ხარვეზები. "რუსთავი", ბოლო წაგებებიდან გამომდინარე, დღეს ბევრად მონდომებული აღმოჩნდა და გაიმარჯვა კიდეც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლევანდელი ჩემპიონატი გამორჩეულად დაძაბულია და ყველა გუნდი ძლიერი მოწინააღმდეგეა".

სუპერლიგა. X ტური
15 დეკემბერი
ბათუმი-ოლიმპი 87:84
25:16, 23:25, 11:18, 28:25
ბათუმი: ბ. ლეჟავა (8ქ, 4პ), მიქელაძე (4ქ, 12პ), სტეფანიშინი (14ქ, 6მ), რევაზაშვილი, თენიეშვილი (2ქ), რამიშვილი (6ქ), ელიაძე, კრივცოვი (18ქ, 7მ, 4პ, 4ჩ), დვალიშვილი (28ქ, 14მ), ფერიაშვილი (4ქ), მაისურაძე (3ქ, 3პ).
ოლიმპი: ბაინამი (25ქ), აბულაძე (5ქ), როგავა (20ქ, 5პ, 5მ), დიდია (3ქ, 7მ, 6პ, 3ჩ), კახა ტომარაძე (2ქ, 5მ), სტიდი (4ქ), კვანტალიანი (1ქ), ალფოროვი (1ქ, 3პ), ოლუიჩი (10ქ, 6მ), მასხულია (13ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი, ი. ბერიშვილი

15 დეკემბერი
რუსთავი-ქუთაისი 71:63
20:8, 11:17, 9:19, 31:19
რუსთავი: გამყრელიძე (8ქ, 4პ, 5მ), ჩაჩანიძე (6ქ), ტურპინი (14ქ, 13მ), ყველაშვილი, ჭოჭუა (20ქ, 3პ), ანთაძე, გაჩეშა (17ქ, 19მ), აბაიშვილი (6ქ, 4მ), ქიტოშვილი, ხმელიძე.
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 4პ, 3ჩ), ცეკვავა (14ქ, 7მ), ბოისა (2ქ), ბექაური (2ქ, 6მ), მათიაშვილი (15ქ, 11მ), ბაბუნაშვილი (3ქ), ქადარია (2ქ), დ. ბარბაქაძე (5ქ), გ. ბარბაქაძე (15ქ, 3პ), ბრიტონი.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული