მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ჯერ რამდენიმე დღით გადაიდო, გუშინ კი შევიტყვეთ, რომ კიდევ რამდენიმე საათით გადაწეულა, ახალი სპორტის სასახლის ტრიბუნებზე გულშემატკივართა სიხალვათე არ იგრძნობოდა. ქომაგი კი კალათბურთზე სანახაობისთვის მიდის. იყო კიდეც - შეხვედრა იმდენად დაძაბული გამოდგა, ვერავინ ინანებდა, რომ თებერვლის სუსხიან ღამით "კერიას" მოსწყდა და კალათბურთზე წავიდა.
როცა დაძაბულობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია, გავიხსენოთ, რა მოხდა ბოლო წუთებზე:
01:46. "აკადემიას" ახალწვეულმა ჯეიარ სტროუბრიჯმა "ოლიმპის" დაცვა გაჭრა,
01:25. საპასუხო შეტევაში ოლიმპელმა გამთამაშებელმა რევაზ როგავამ გაიბრწყინა - ლაშა ფარღალავას პასის შემდეგ სამქულიანი ჩააგდო და - 73:72.
00:29. რეზო დიდია მორის ბრიგსზე დაჯარიმდა. როგორც წესი, ამერიკელები საჯარიმოს ხაზიდან იშვიათად ცდებიან - 1+1 და 74:73 "აკადემიას" სასარგებლოდ.
00:16. "ოლიმპს" სულ რაღაც 13 წამი დასჭირდა მომტანი ორქულიანის ჩასაგდებად - 75:74. ტყორცნა ლესლი სმიტის ანგარიშზეა.
დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ქულა ჩავარდა, რომელიც ჯერემი ბაინუმმა მიითვალა. 76:74 "ოლიმპის" სასარგებლოდ.
ჩვენი მხრივ დავძენთ: ერთადერთი, რაშიც ოლიმპელებს სერიოზული უპირატესობა ჰქონდათ, საჯარიმო ტყორცნები იყო. მათ 17-დან 12 ჩააგდეს, ხოლო "აკადემიამ" - 15-დან 6.
ასეთ მატჩში რა ფასი აქვს თუნდაც ერთ რეალიზებულ საჯარიმოს, საფინალო შედეგმაც გვიჩვენა.
სუპერლიგა. XVI ტური
9 თებერვალი, თბილისი
აკადემია-ოლიმპი 74:76
14:17, 13:13, 27:17, 20:29
აკადემია: სთოუბრიჯი (22ქ, 6მ, 5პ), ბრიგსი (18ქ, 17მ, 3პ), ს. ლეჟავა, კოკა ტომარაძე (9ქ), ბოქოლიშვილი (12ქ), ლომოური, ლობჟანიძე (4ქ), პელჩერი (9ქ, 7მ), კრისევიჩი.
ოლიმპი: ბაინუმი (18ქ, 6მ), აბულაძე, როგავა (11ქ, 6მ, 5პ, 3ჩ, 3დ), გეგი ბაქრაძე (1ქ), დიდია (6ქ, 5მ, 4პ), კახა ტომარაძე (4ქ), კოსენკოვი, გუგეშაშვილი, სმიტი (18ქ, 12მ, 4ჩ, 6დ), ფარღალავა (18ქ, 5მ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"