სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ

AutoSharing Option
10 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის ორი ნახევარფინალი გაიმართა. "დინამომ" "ბათუმი" დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა, ხოლო "ქუთაისმა" "სოხუმს" აჯობა და ისიც 2:1-ს იგებს. სერიები სამ გამარჯვებამდეა.

ამ გუნდების მორიგი დაპირისპირებები დღეს, 11 მაისს გაიმართება. "სოხუმი"-"ქუთაისი" - 16 საათზე, "დინამო"-"ბათუმი" - 18-ზე.

სუპერლიგის მატჩებს თვალს ადევნებდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საქართველოდან დღეს, გამთენიისას გაემგზავრა.

10 მაისი, თბილისი
სოხუმი-ქუთაისი 66:69
19:17, 15:14, 6:22, 26:16
სოხუმი: მილერი (24ქ, 7მ, 3პ, 4ჩ), სმიტი, ბაქრაძე (5ქ, 4პ), ალხანაიძე (4ქ, 7მ),
ჯგერენაია (15ქ, 13მ), ათუაშვილი (8ქ), ფაცაცია (8ქ, 7მ), დ. დვალიშვილი (2ქ).
ქუთაისი: ბოისა, ფაშაევი (3ქ, 4პ), ქადარია (2ქ), ცეკვავა (11ქ, 7მ, 4პ), ბრიტონი (8ქ, 3ჩ), დ. ბარბაქაძე (18ქ, 7მ), გ. ბარბაქაძე (7ქ), მათიაშვილი (6ქ), ბექაური (12ქ, 12მ, 3დ), მიკულიჩი (2ქ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
სერია - 1:2

გადამწყვეტი. "სოხუმმა" მატჩის 30 წუთი სტაბილურად ჩაატარა და მესამე პერიოდის 10-წუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, გამარჯვებაც ლოგიკური იქნებოდა. თუმცა დიდი შესვენების შემდეგ დიდმა ჩავარდნამ ყველაფერი მასპინძელთათვის უკუღმა დააყენა.

"ქუთაისმა" პირველი ტაიმის 31:34 წაგების შემდეგ 15:0 გაქცევა მოაწყო და 49:36 დაწინაურდა. ამ გაქცევაში დიდი წვლილი მიუძღვით ძმებს, გიგი და დავით ბარბაქაძეებს.

კოტე ტუღუშის გუნდი მიმდინარე სეზონში სტაბილურობით გამოირჩევა და არც გუშინდელი მატჩი იყო გამონაკლისი - სოხუმელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ქუთათურებმა საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს უპირატესობა.

სტატისტიკა არ ტყუის. "ქუთაისის" სათადარიგოებმა 29 ქულა ჩააგდეს, "სოხუმისებმა" - მხოლოდ 6. სტაბილურობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ გრძელი სათადარიგოთა სკამია. "ხუთწუთიან" დიმიტრი დვალიშვილს თუ არ ჩავთვლით, "სოხუმის" შემადგენლობაში 7-მა კალათბურთელმა ითამაშა. "ქუთაისში" ვახტანგ ქადარიამ გაატარა მოედანზე 5 წუთი, დანარჩენი 9 კალათბურთელიდან 10 წუთზე ნაკლები არც ერთს არ ჰქონდა.

გმირი. მატჩის ბომბარდირი სოხუმელი ფილიპ მილერი გახდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა ექვსივე სამქულიანი სწორედ ამერიკელმა ლეგიონერმა ჩააგდო, თუმცა გმირი იმ შემთხვევაში გახდებოდა, მოედანი გამარჯვებულს რომ დაეტოვებინა.

მასზე გაცილებით ნაკლები ითამაშა გამოცდილმა ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ. თუ მილერმა მოედანზე 40 წუთი გაატარა, უფროსმა "ველურამ" 20 წუთში 18 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 8-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო დაფიქსირდა.

კომენტარი.
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენი ბრალია, რომ წავაგეთ. გუნდის ლიდერებმა ვერც დაცვაში ითამაშეს და ვერც შეტევაში. განსაკუთრებით, მესამე პერიოდში შევრცხვით, რომელიც დიდი სხვაობით დავთმეთ და შემდეგ ვითარება ვეღარ გამოვასწორეთ. ასეთი მსაჯობა რომ ყოფილიყო ქუთაისში, ორივე მატჩს მოვიგებდით. იმედი მაქვს, ხვალ ყველა სამაგალითოდ იბრძოლებს და ქუთაისში მე-5 მატჩის სათამაშოდ წავალთ".

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
"უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, შეიძლება ითქვას, რომ მოედნის უპირატესობა უკან დავიბრუნეთ. რამდენადაც მივუახლოვდით ფინალს, იმდენადვე დავშორდით, რადგან ძალიან მებრძოლი გუნდია "სოხუმი". დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი ურთულესი თამაში გველის. შეცდომები გვქონდა, თუმცა ბრძოლა ფინალისთვის გრძელდება, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო".

10 მაისი, თბილისი
დინამო-ბათუმი 80:70
22:21, 13:11, 24:17, 21:21
დინამო: შარაბიძე (8ქ, 6მ), ნ. ბაქრაძე, მაილსი (1ქ, 3პ), მაჩალაძე (2ქ), შვანგირაძე (2ქ, 7მ), ბერიშვილი (15ქ, 7მ), გოგოძე (15ქ, 4პ), მაკალპი (12ქ, 5მ, 3პ), კოვაჩევიჩი (23ქ, 6მ, 3პ), ტატუნაშვილი (2ქ).
ბათუმი: ბ. ლეჟავა (14ქ), მიქელაძე (1ქ, 7პ), სტეფანიშინი (4ქ, 6მ, 3პ), რევაზაშვილი (6ქ), თენიეშვილი (2ქ), რამიშვილი (10ქ, 5მ), კრივცოვი (11ქ, 6მ), დვალიშვილი (16ქ, 7მ, 3დ), მაისურაძე (6ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
სერია - 2:1

გადამწყვეტი. მატჩი "დინამომ" შესანიშნავად დაიწყო, 19:7 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ 10 წუთი ისე მიილია, თბილისელებმა 4 ქულაზე მეტი ვერ ჩააგდეს. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საქმე ნახევარფინალს ეხება, სადაც თითოეული ქულის მოსაპოვებლად დიდი ჯაფაა საჭირო.

ისევე, როგორც წინა მატჩში, აქაც გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც დინამოელებმა უმთავრესად სწრაფი თამაშის წყალობით 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა, საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას გუნდმა უპირატესობა აღარ დათმო.

რაც შეეხება დაძაბულობას, დაპირისპირება მეოთხე პერიოდის ბოლოს იყო. როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა,  მსაჯებმა დინამოელი კოვაჩევიჩი და ბათუმელი რამიშვილი ტექნიკური შენიშვნებით დასაჯეს, ხოლო მაისურაძეს დისკვალიფიკაცია მისცეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "ბათუმმა" ძალიან ცუდად სტყორცნა საჯარიმოები, 19-დან მხოლოდ 9 ჩააგდო. მატჩი კი სწორედ 10 ქულის სხვაობით წააგო. დინამოელებს ასევე ათქულიანი უპირატესობა ჰქონდათ სწრაფი შეტევებით მოგროვილ ქულებში - 22:12.

გმირი. გაამართლა დინამოელთა ლეგიონერმა მაქსიმ კოვაჩევიჩმა, რომელმაც ძალიან აკურატულად ითამაშა: 11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, 23 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული