სანამ მატჩის შესახებ ვისაუბრებდეთ, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის დარბაზში არსებულ საკალათბურთო ატმოსფეროზეც ვთქვათ. ფინალური სერიის მეორე მატჩი, ქუთაისში გასამართავი საფეხბურთო თასის ფინალის გამო 16:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ამას გულშემატკივრებისთვის ხელი არ შეუშლია, სპორტის სასახლე კვლავ ბოლომდე გაევსოთ. მხოლოდ მეორე იარუსის ერთ მონაკვეთზე შეიმჩნეოდა
გუნდებმა შეხვედრა მძიმედ დაიწყეს, 2:10 წუთი ისე გავიდა, რომ ბურთი კალათში ვერც ერთმა ვერ მოათავსა.
ვითარებიდან "დინამო" უფრო სწრაფად გამოერკვა, ნოდარ გოგოძის საჯარიმო სროლისა და მაქსიმ კოვაჩევიჩის "ენდ ვანით" სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, ქუთაისელებს 6 წუთში მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდებინეს, თავად კი მაკალპისა და კოვაჩევიჩის ზუსტი შეტევებით წინ 11 ქულით გავიდნენ - 2:13.
მასპინძლებმა პირველი პერიოდის ბოლომდე მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს - 13:20.
კოტე ტუღუშის გუნდმა ვერც მეორე მეოთხედში შეძლო გარდატეხის შეტანა, თამაშის განახლებისთანავე რიონისპირელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ შემდეგ მაკალპის, კოვაჩევიჩის, მიხეილ ბერიშვილის, გოგოძისა და შარაბიძის ზუსტი სროლების შედეგად "დინამო" დიდ შესვენებამდე წინ 11 ქულით გაიჭრა - 33:44.
თბილისელები მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდნენ, დაცვაშიც კარგად ირჯებოდნენ, სამწამიანი ზონიდანაც უკეთ უტევდნენ და "ქუთაისს" პერიმეტრიდანაც "ამწარებდნენ". სამქულიანებით მასპინძლები განსაკუთრებით ბერიშვილმა გააწამა, რომელმაც შედეგიანი თამაში შესვენების შემდეგაც განაგრძო.
"დინამო" კი თანდათან კიდევ უფრო ზრდიდა ანგარიშს. მესამე პერიოდში მისმა უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია - 37:53. მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა, შეხვედრას დაძაბულობა წუთითაც არ მოჰკლებია. ქუთაისელი გულშემატკივრები ბოლომდე ენერგიულად ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს.
ბოლო მეოთხედში "ქუთაისმა" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა, მაგრამ რიონისპირელებმა მაკალპის, კოვაჩევიჩსა და ბერიშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ისინი კვლავ აღმავლობით თამაშობდნენ და ზუსტად ისროდნენ, მასპინძლებს კი სროლებში კვლავ საშინელი სტატისტიკა ჰქონდათ - 49- დან მხოლოდ 16 ორქულიანი ჩააგდეს (32.7%) და 15 ცდიდან კალათში 3 სამქულიანი მოათავსეს (20%).
მეოთხე პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, 88:63 "დინამომ" გაიმარჯვა.
სტუმართაგან ყველაზე მეტი ქულა მიხეილ ბერიშვილმა ჩააგდო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა. ნაყოფიერად გაისარჯა მაქსიმ კოვაჩევიჩიც - 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ძალზე ეფექტური იყო მაკალპიც, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.
სუპერლიგა. ფინალური სერია. II მატჩი
18 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო 63:88
13:20, 18:24, 16:16, 16:28
სერია - 1:1
ქუთაისი: ბოისა (2ქ), ფაშაევი, ცეკვავა (13ქ, 7მ), მათიაშვილი (10ქ), ბექაური (4ქ), მიკულიჩი (6ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (4ქ), ბრიტონი (7ქ), დ. ბარბაქაძე (6ქ), გ. ბარბაქაძე (7ქ)
დინამო: შარაბიძე (8ქ, 11მ), ბერიშვილი (20ქ, 9მ), გოგოძე (7ქ, 9მ), მაკალპი (18ქ, 6მ), კოვაჩევიჩი (16ქ, 12მ), ბაქარაძე (3ქ), მაილსი (4ქ), სანაძე, შვანგირაძე (3ქ), ზაქრაძე (1ქ), ტატუნაშვილი (8ქ)
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"