"ბათუმმა" პირველი მარცხი "დინამოსთან" განიცადა

AutoSharing Option
"ბათუმი"-"დინამოს" მატჩამდე სუპერლიგაში 4 დაუმარცხებელი გუნდი იყო. მათ შორის სწორედ ბათუმელები და დინამოელები. შეხვედრის დასრულების შემდეგ წაუგებელთა რაოდენობა სამამდე უნდა შემცირებულიყო.

გასულმა სეზონმაც გვიჩვენა, რომ შეჯიბრების ახალი სისტემის გათვალისწინებით საპლეიოფო კვარტეტში მოსახვედრად თითო გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. ჰოდა, არც აჭარლები აპირებდნენ "ოქროსთან" შელევას და არც სტუმრები. ამით კი გულშემატკივარმა იხეირა - მეტად დრამატული, დაძაბული შეხვედრა იხილა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი "ბათუმმა" 8 ქულით მოიგო, წინასწარ ცხადი იყო - გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე
მასპინძლები 70:69-ს იგებდნენ, თუმცა მომდევნო ოთხწუთიან მონაკვეთში მარავიჩის წინამძღოლობით "დინამომ" 8-ქულიანი ფორის მოპოვება მოახერხა (83:75). თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი, მაგრამ აკი მოგახსენეთ - არც ერთი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებდა-თქო. ჰოდა, ლეჟავამ (5 ქულა) და შემოსიუკმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - 83:83. ეს მატჩის დასრულებამდე 1:21 წუთით ადრე მოხდა, რის შემდეგაც ისევ "დინამოს" ჯერი დადგა: ბერიშვილი 4, მარავიჩი 2 და 89:83 თბილისელთა სასარგებლოდ...

სტატისტიკა ძირითადად თანაბარი იყო. გუნდებმა 10-10 სამქულიანი გაცვალეს, შეცდომებიც თითქმის თანაბრად ჰქონდათ და ორქულიანი ტყორცნებიც. მხოლოდ ორ კომპონენტში იგრძნობოდა "დინამოს" უპირატესობა: ორჯერ მეტი, 20 პასი შეასრულა და 44 მოხსნა 30-თან.

ერთბაშად 6 დინამოელი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს. ესეც გუნდურობის მანიშნებელია. ბოლო წუთებმა ორივე გუნდის საუკეთესო კალათბურთელი გამოკვეთა: ბესიკ ლეჟავა და მიხეილ ბერიშვილი მაღალი სიზუსტით სტყორცნიდნენ. თუ "დინამო" მოიგებდა, საუკეთესო ბერიშვილი გახდებოდა, თუ "ბათუმი" გაიმარჯვებდა - ლეჟავა.

საბოლოოდ, წარმატებას მიშას "დინამომ" მიაღწია, რომელმაც ანგარიშით 86:91 იმარჯვა და ბერიშვილის სრულ სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ: 33 წუთი, 21 ქულა (3/2 ოქულიანი, 6/4 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება. არ უნდა გამოგვრჩეს მიხეილ ჭოჭუას 18 ქულა, რომლის მოედანზე ყოფნისასაც დინამოელები +18 დაწინაურდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული