[ექსკლუზივი] მარკო მილიჩი: საქართველოში დავინახე სიამაყე და სული

AutoSharing Option
ფოტოზე: "ოლიმპიას" ლეგენდები - მწვრთნელი ზმაგო საგადინი, ვლადიმერ ბოისა და მარკო მილიჩი

- ქართველებს დიდ პატივს ვცემ, რამდენიმე მეგობარიც მყავს. დიდი ხანია, მინდოდა თქვენი ქვეყნის ნახვა და მოხარული ვარ, რომ ამის საშუალება ახლა მომეცა - მითხრა მარკო მილიჩმა, რომელიც თბილისს NBA-ის ელჩის სტატუსით სტუმრობდა. დაესწრო ზაზა ფაჩულიას აკადემიაში გამართულ კემპს და დააჯილდოვა NBA ჯუნიორ GBF ლიგის გამარჯვებული ზაზას აკადემიის გუნდი.

მილიჩი ამჟამად სლოვენიის კალათბურთის ფედერაციაში მუშაობს, ახალგაზრდული ნაკრებების სპორტული დირექტორია. კარიერა 2015 წელს დაასრულა. თამაშობდა სლოვენიის "ოლიმპიაში", მადრიდის "რეალში"... 1997
წლის NBA-ს დრაფტზე "ფილადელფიამ" აიყვანა და "ფინიქსს" დაუთმო. ჩვენს სტუმარს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ხუთ ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები. იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი.

მილიჩმა NBA ჯუნიორის ფინალური მატჩის შემდეგ აღფრთოვანებით თქვა:

- საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი კალათბურთელები. ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რატომაც აღწევთ ევროპაში დიდ წარმატებებს - პატარაობიდან ყველა გულიანად თამაშობს. თავს არ ზოგავს. სწორედ ეს გამოარჩევს ქართველ კალათბურთელებს ევროპის მასშტაბით.

ვლადიმერ სტეფანია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვლადიმერ ბოისა ჩემი მეგობრები არიან. მათგან კარგად ვიცნობ საქართველოს.

ასევე დიდ პატივს ვცემ ზაზა ფაჩულიას, რომელიც NBA-ს კალიბრის ვარსკვლავია, თუმცა არ ავიწყდება, საიდანაა, სად დაიწყო კალათბურთის თამაში. სამშობლოში საკალათბურთო სკოლა ჩამოაყალიბა და უკვე მეორე წელია, მოზარდებისთვის კემპს აწყობს.

ბავშვები მომავალ მარკოიშვილებად და ფაჩულიებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რისთვისაც ასეთი ღონისძიებები აუცილებელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები არა ქუჩაში, არამედ დარბაზში, მეგობრულ ჯანსაღ ატმოსფეროში გაიზრდებიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: მარკო მილიჩი NBA ჯუნიორის გამარჯვებულ ლუკა ზაბახიძეს აჯილდოებს

- სლოვენიაშიც დაახლოებით ასეთი სიტუაცია, საკალათბურთო ბუმია.

- ნამდვილად მსგავსია. თქვენ თუ ზაზა გყავთ, ჩვენ - გორან დრაგიჩი, რომელიც წლიდან წლამდე უმატებს. ისიც აწყობს კემპებს...

სლოვენია და საქართველო პატარა ქვეყნებია, მაგრამ ეროვნული გუნდები ევროპულ ელიტაში არიან... კიდევ ერთი მსგავსება: ნაკრებში სათამაშოდ ყველა დიდი ენთუზიაზმით ჩამოდის. მათთვის საამაყოა მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ღირსების დაცვა.

მახსოვს, ჩემი მეგობრები საქართველოდან, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის როგორ იბრძოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მიზანს ვერ აღწევდნენ, საბოლოოდ მაინც მოახერხეს ისეთ გუნდად ჩამოყალიბება, ევროპაში სერიოზულ ძალად რომ ითვლება. პირველი დონის გუნდია.

- სამ ევრობასკეტზე ვითამაშეთ. სამივეჯერ ჯგუფში სლოვენიას შევხვდით.
- კარგად მახსოვს სამივე თამაში. ჩვენ გავიმარჯვეთ, თუმცა ორ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. როდესაც ნაკრებზე ვლაპარაკობთ, მხოლოდ ერთი მატჩის შედეგს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მთავარია, გუნდი სწორ გზაზე დგას. არ ვიცი, ვინ მუშაობს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სწორი გზით მიდიან.

- 2017 წლის ევრობასკეტზეც გვაქვს წარმატების იმედი...
- შესაძლოა გუნდს ჰქონდეს კარგი, ან ცუდი დღე, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მთავარია, საქართველო ევროპის ტოპ-12 გუნდშია. წარმატებებს გისურვებთ. სიამოვნებით ვიხილავდი საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალში... სლოვენიის წინააღმდეგ.

- სლოვენიაში ბოისას, მარკოიშვილისა და სტეფანიას გარდა კიდევ არაერთი კალათბურთელი თამაშობდა.
- ახალგაზრდა რომ ვიყავი, სლოვენიაში საქართველოდან ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით უგრეხელიძე, კოტე ტუღუში... მათ სლოვენიის ჩემპიონატს დამატებითი ხიბლი შესძინეს.

ზოგი ჩემი მეტოქე იყო, ზოგი თანაგუნდელი. მაგალითად ვლადო ბოისა, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია. ლიუბლიანაში ბინებიც ერთმანეთის გვერდით გვაქვს. ასევე ჩვენთან ახლოს ცხოვრობს ვლადო ილიევსკი.

სტეფანიასთან ერთად "ოლიმპიას" ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვუჩვენეთ: ევროლიგაზე ფინალურ კვარტეტში გავედით. დაძაბულ ნახევარფინალში ვლადის ორქულიანით გავიმარჯვეთ.

საერთოდ, სლოვენიაში, ქართველ კალათბურთელებს კარგი სახელი აქვთ. გულშემატკივარი დიდ პატივს სცემს. იმიტომ, რომ მაღალი დონის კალათბურთელები, მებრძოლები და კარგი პიროვნებები არიან. ვლადო ბოისა ჩამოვიდა და "ოლიმპიას" კაპიტანი გახდა. უცხოელისთვის სლოვენიაში ამის მიღწევა ძალიან რთულია. საამისოდ დიდი შრომაა საჭირო. ბევრი კალათბურთელი ჩამოდის და მხოლოდ სტატისტიკას უყურებს. ბოისა გუნდისთვის იყო და ამიტომაც მოიპოვა ხალხში პოპულარობა. იგი კარგი ხიდია სლოვენიასა და საქართველოს შორის.

- თუ გამონახეთ დრო ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად?
- სულ სამი დღე მქონდა და, ვფიქრობ, ბევრი რამ ვნახე. ამერიკასა თუ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში თანამედროვე შენობები ჭარბობს. ეს ჩემთვის მიმზიდველი ნამდვილად არ არის. სლოვენიასა და საქართველოში ბევრია ძველისძველი შენობა, თოთოეულს საინტერესო ისტორია აქვს.

სლოვენია პატარა ქვეყანაა დიდი ისტორიით. ვამაყობთ. ასევეა საქართველო, ამაყი ხალხი ხართ, დიდი ისტორიით. ბევრ ქვეყანაში მინახავს თვალისმომჭრელი თანამედროვე ნაგებობები, მაგრამ თბილისის ცენტრში გაცილებით საინტერესო რამ ვნახე: საქართველოს ისტორია და ხალხის სული.

- სლოვენიასა და საქართველოს შორის კიდევ ერთი მსგავსება ღვინის კულტურაა.
- კარგი ღვინოები გაქვთ. ვლადო ბოისაც ამ საქმეშია და, გამოგიტყდებით, ძალიან მომწონს მისი ღვინოც და კონიაკიც. გარდა ამისა, საქართველო განთქმულია თავისი კულინარიით. საშუალება მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა კერძებს, ყველა ძალიან გემრიელია. წუნს ვერაფერში დასდებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული