დავიწყოთ გამოცემით "ვირტუალნა პოლსკა", რომელშიც ასეთი სათაური გვხვდება: "პოლონელებმა ისე ითამაშეს, თითქოს კბილები სტკიოდათ". ქვემოთ მწვრთნელის, იგორ გრიშჩუკის სიტყვებია მოხმობილი: "ვიცოდით, რომ საქართველოში მატჩის მოგება ძნელი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, თავით ასეთ მყარ კედელს თუ დავეჯახებოდით. ძალიან ცუდად ვითამაშეთ".
"სპორტში" მყვირალა სათაური არ იყო, თუმცა მიმოხილვაში საკმარისი კრიტიკაა: " თითქოს თბილისში პოლონეთის ნაკრებს ვინმემ ხტომა აუკრძალა. განსაკუთრებით მარცინ
"სუპერ ექსპრესში" ასეთი სათაური გაჩნდა: "ქართველებმა პოლონელები გალახეს"... "თბილისში წაგებას ბევრი არ ელოდა. ეს დიდი სიურპრიზი იყო. თუმცა მარცხსაც აქვს ახსნა: გორტატმა საკუთარი ფარის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო".
გაზეთი "ფაქტი" მიმოხილვის დასაწყისში ძახილის ნიშანს იყენებს: "სირცხვილი! მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები კარგ კალათბურთს თამაშობდა, მოედანზე პოლონელთა აჩრდილები დადიოდნენ..."
საოცარია, მაგრამ გამოცემა "სპორტის" ჟურნალისტმა ლუკაშ ჩეგლინსკიმ მარცინ გორტატის თბილისური თამაშის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ერთხელაც არ ახსენა ზაზა ფაჩულია. არადა, გორტატის არადამაჯერებელი თამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველთა ატლანტელი ცენტრი იყო. სწორედ ზაზამ დაანახა თანაგუნდელებს, რომ ფავორიტები პოლონელები არ იყვნენ, მათი ძლევა შეიძლებოდა.
ზემოთ კედლისა და თავის ამბავი წაიკითხეთ. კედელი საქართველოს ნაკრების დაცვა იყო. საწყის 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა დაცვაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ასე აგრესიულად, მწყობრად და ჩავარდნების გარეშე ქართველებს დიდი ხანია, არ უთამაშიათ. გუნდური გარჯით მეტოქის "გათითოკაცება" ჩვენებს პირველად გამოუვიდათ. შვედეთის წინააღმდეგ დაცვაში შარშანაც კარგად ითამაშეს, მაგრამ სკანდინავიელები გუნდური მოქმედებით მაინც ბოლომდე გვებრძოლნენ და 71 ქულა ჩააგდეს. პოლონელებმა კი თამაშის დალაგება ვერ მოახერხეს და ინდივიდუალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. ამას ლუკაშ კოზარეკის სიტყვებიც მოწმობს: თამაშის ტემპს მეტოქე გვკარნახობდა. ყოველგვარი სისტემა მოშლილი იყოო...
გაზეთი "ფაქტი" წერს: პოლონეთის ნაკრები მხოლოდ ორი კალათბურთელით უტევდა - კელატით და ლამპეთიო. სხვათა შორის, ორშაბათს იტალიამ ისრაელთან შინ წააგო. აპენინელთაგანაც ორი გამოირჩა: ბელინელიმ და ბარნიანიმ 20-20 ქულა ჩააგდეს. მათ გარდა 5-ქულიან ბარიერს ვერც ერთმა გადააბიჯა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია და 2 ვარსკვლავს შეკრული გუნდის დამარცხება არ შეუძლია. დღეს ამ თემაზე ხალისით ვწერთ. არადა, 2004-07 წლებში ქართველები სწორედ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც პოლონელები თბილისში - ჩვენი მწვრთნელები თამაშს 3-4 ლიდერზე აგებდნენ და დანარჩენებს ვერ ენდობოდნენ. გუნდური თამაში რომ ვერ გამოგვდიოდა, ეს ყველაზე მეტად ფინეთთან მატჩებისას ჩანდა.
საბედნიეროდ მოვიდა იგორ კოკოშკოვი, გაიზარდნენ კალათბურთელები (პროფესიული თვალსაზრისით) და ახლა ჩვენ ვამხელთ მეტოქეებს შეუთამაშებლობაში. მარცინ გორტატს ეგონა, თვენახევრის შეკრებილ ნაკრებს 8-9 დღეში შეეწყობოდა და ფორმასაც მოკლე დროში აღიდგენდა...
ისევ პოლონურ კომენტარს გაგაცნობთ. სლავების ფედერაციის პრეზიდენტმა რომან ლუდვიჩუკმა ნამატჩევს მშვიდად ილაპარაკა:
- ლიტვის ევროპის ჩემპიონატის კარს არავინ გაგვიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ შარშან ევრობასკეტზე ვითამაშეთ. საგზურის მოსაპოვებლად ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. თბილისში მასპინძლებმა იომეს. მათ შემართება თვალებში ეტყობოდათ. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, წინ შვიდი მატჩია და მჯერა, რომ წარმატებაზე ფიქრი რეალურია. სწორედ ამიტომ ვარ მშვიდად და კალათბურთელ-მწვრთნელების შეფასებისგან თავს ვიკავებ.
ბატონი რომანის სიტყვებიდან დასკვნა ჩვენც უნდა გამოვიტანოთ: "წინ შვიდი მატჩია და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია." არავინ იცის, როგორ წარიმართება ბელგიასთან ხუთშაბათის (5 აგვისტო) მატჩი, არავინ იცის შეთამაშების მხრივ საქართველოს ნაკრებია უკეთესი, თუ ბულგარეთი (მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია-ბულგარეთის მატჩის ინტერნეტით ხილვის საშუალება იყო)... ასე რომ, კალათბურთელებსაც ესმით, ემოციების აყოლა საჭირო არ არის. მათ "არწივები" უკვე დაივიწყეს და "ლომებზე" (ბელგიელებს უწოდებენ) ფიქრობენ. ჯერ არც ევროპის ჩემპიონატის საგზურზე ლაპარაკი შეიძლება, რადგან ევრობასკეტზე სამი ჯგუფის ხუთი საუკეთესო გადის ავტომატურად.
ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გასვლა ლიტვაში მოსახვედრად შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს: უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი (სამი ჯგუფის დანარჩენ ხუთ გუნდთან ერთად) 2011 წელს გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
მოკლედ, ორშაბათს ქართველთა პოტენციალი დავინახეთ, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის, როცა კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია.
ვაჟა სიმონიშვილი