ვქომაგობთ პორტუგალიას, იტალიას კი ბოლო შანსი აქვს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრების პარალელურად პორტუგალიაც გასვლით მატჩს ითამაშებს - ბულგარეთს ეწვევა. ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ გამარჯვება პორტუგალიელებს დარჩებათ, მაგრამ ამის შანსი მინიმალურია, რადგან საქართველოსთან წაგებით გამწარებული ბულგარელები ჯავრის ამოყრას პორტუგალიაზე ეცდებიან. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტი - ბელგია ისვენებს.

C ჯგუფში ტურის გადამწყვეტი მატჩია - ისრაელი იტალიას მიიღებს. "სკუადრა აძურას" ოთხი შეხვედრიდან ერთი აქვს მოგებული და თელ ავივში წაგება იტალიელებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის წლეულს მოპოვების შანსს მოუსპობს. თავის მხრივ, მოგების შემთხვევაში ისრაელი ორ საუკეთესოში მოხვედრისკენ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენი ჯგუფის
წევრთათვის უკეთესი იტალიის მოგება უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ისრაელს ორი წაგება მოუგროვდება და ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს ევრობასკეტზე მოხვედრის შანსი გაეზრდება. ასევე კარგი იქნება ლატვიაში ჩერნოგორიის წაგება, თუმცა ექსიუგოსლავები რიგაში ფავორიტის სტატუსით ჩავლენ.

ჯგუფში ბრიტანეთი უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო მაკედონია - უკრაინას. ბრიტანეთმა და მაკედონიამ პირველ ტურში უნგრეთთან და უკრაინასთან გასვლითი მატჩები მოიგეს და არც შინ გამარჯვება უნდა გაუჭირდეთ. ალბათ, სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელი აღმოჩნდება საუკეთესო მეორეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონატის საგზურს წლეულს ორი მეორეადგილოსანი მოიპოვებს. ეს ჩვენი ჯგუფიდან იქნება თუ A-დან, აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული