საქართველო-ლატვიის ხუთმატჩიანი დაპირისპირების ისტორია

AutoSharing Option
საქართველოსა და ლატვიას ერთმანეთში აქამდე ხუთჯერ უთამაშიათ. საერთო ანგარიშია 3:2 ბალტიისპირელთა სასარგებლოდ. თუ შეხვედრებს ოფიციალურ და არაოფიციალურებად გავყოფთ, ამხანაგურებში უპირატესობა ქართველებს ექნებათ (2:1), ხოლო ოფიციალურებში - ლატვიას (2:0).

დღეს ეს გუნდები ერთმანეთს მეექვსედ შეერკინებიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს მატჩი იქნება. მისი მოგებით ქართველები ჯგუფში პირველი ადგილისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. 90-იან წლებში კი ლატვიასთან მოგებები, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტდა.

ამხანაგური მატჩები

24.08.2011
ვენტსპილსი, ლატვია
ლატვია-საქართველო 84:73
16:24, 26:15, 26:17, 16:17
ლატვია: ბერტანსი (8ქ), ფრეიმანისი, იურევიჩუსი (10ქ),
კუკსიკსი (12ქ), ჟერომანოვსი (10ქ), შტრელნიეკსი (13ქ), ბერზინსი (9ქ, 6მ), შელაკოვსი (6ქ, 6მ), მარეკს მეიერსი (6ქ), მარტინს მეიერსი (10ქ, 5მ).
საქართველო: გამყრელიძე (16წთ), ვ. ბოისა (14წთ, 5ქ), ა. ბოისა (10წთ, 6მ), ფაჩულია (20წთ, 18ქ, 6მ), ცინცაძე (20წთ, 4ქ, 3პ), შერმადინი (18წთ, 3ქ, 4მ), მარკოიშვილი (15წთ, 7ქ, 3პ), სანიკიძე (23წთ, 9ქ, 6მ), ცქიტიშვილი (16წთ, 8ქ), შენგელია (17წთ, 8ქ, 5მ), ჰეინსი (22წთ, 8ქ), შარაბიძე (2წთ, 1ქ), ფარღალავა (7წთ, 2ქ).

22.08.2011
რიგა, ლატვია
ლატვია-საქართველო 79:83
20:13, 24:21, 19:25, 16:24
ლატვია: დაი. ბერტანსი (9ქ), ფრეიმანისი, ბლუმსი (25ქ), კუკსიკსი (12ქ), ჟერომნავსი (3ქ), ვაიროგსი (2ქ), შტრელნიეკსი (16ქ), ბერზინსი (2ქ), შელაკოვსი (5ქ), ბლაუსი (1ქ), დავ. ბერტანსი, მეიერსი (4ქ).
საქართველო: გამყრელიძე (8წთ), ვ. ბოისა (23წთ, 3ქ), ფაჩულია (29წთ, 6მ, 3პ, 42ქ), ცინცაძე (27წთ, 3პ, 2ქ), შერმადინი (10წთ, 5მ), მარკოიშვილი (27წთ, 5მ, 13ქ), სანიკიძე (28წთ, 8ქ), ცქიტიშვილი (17წთ, 9ქ), შენგელია (12წთ, 4ქ), ჰეინსი (18წთ, 2ქ).

შარშანდელი ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგურად ორჯერ ითამაშა. პირველი შეხვედრა 83:79 მოიგო.

ეს იყო ზაზა ფაჩულიას ბენეფისი, რომელმაც იმაზე მეტი ქულა ჩააგდო, რაც მთელმა გუნდმა ერთად - 42. მანამდე სანაკრებო რეკორდი 39 ქულა იყო. ისიც ზაზას ეკუთვნოდა - მაკედონიასთან საკონტროლო მატჩში.

შარშან გამართულ მეორე შეხვედრაში ლატვიელებმა სამქულიანის სამიზნე გაისწორეს და 84:73 დაგვამარცხეს.

ამხანაგური მატჩი
27.08.2008
ლატვია-საქართველო 72:80
19:22, 15:22, 17:20, 21:16
საქართველო: ცინცაძე (22წთ, 5ქ, 3პ), ელისი (30წთ, 10ქ, 3პ), სანიკიძე (28წთ, 5ქ, 7მ), ცქიტიშვილი (24წთ, 9ქ. 7მ), ფაჩულია (25წთ, 14ქ, 8მ); ვ. ბოისა (23წთ, 18ქ), შერმადინი (7წთ, 3მ, 2დ), გამყრელიძე (25წთ, 14ქ, 3პ), ა. ბოისა (13წთ, 5ქ), ტუღუში (2წთ)

ამ გუნდებმა 2008 წელსაც ითამაშეს - რიგის საერთაშორისო ტურნირზე. შეხვედრას აინარს ბაგაცკისი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. აი, როგორ იხსენებს იგი ქართველებთან მარცხს:

- მატჩის წინა დღეს ლატვიამ საფრანგეთს სძლია და დარწმუნებული იყო, რომ ქართველებსაც დაამარცხებდა. მე კი ბიჭებს ვუთხარი - პროფესიულ სპორტში შესაძლებლობების დამტკიცება ყოველ მატჩშია საჭირო - საფრანგეთის დამარცხება იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოზე უკეთესები ვართ-მეთქი.

დღეს ევროპაში საკალათბურთო დონე გათანაბრდა და "ფავორიტი" არაფრისმთქმელ სიტყვად დარჩება, თუ მატჩს სათანადოდ არ მიუდგები. კალათბურთს სახელები და უხვშემოსავლიანი კონტრაქტები კი არა, სპორტსმენები თამაშობენ. რიგაში საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

ევრო 1999-ის შესარჩევი
25.02.1998. ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 99:63
58:35, 41:28
ლატვია: ჰელმანისი (10ქ, 5მ), აზაცისი (1ქ), შტელმაჰერსი (13ქ, 9პ), ბუსკევიჩისი (3ქ, 6მ), ვალტერსი (8ქ), ვალეიკო (8ქ), ბაგაცკისი (24ქ, 5მ), სკრიმანტსი (2ქ), ბერნატსი (14ქ, 6მ), ვესვაგარსი (11ქ, 5მ).
საქართველო: მაისურაძე (26წთ, 10ქ, 2პ), სტეფანია (18წთ, 13ქ, 3მ), ხოშტარია (26წთ, 2პ), ბეჟანიშვილი (28წთ, 4ქ, 4მ, 5პ, 1ჩ), გოგობერიშვილი (19წთ, 2ქ, 3მ, 1ჩ), ვაშაკიძე (21წთ, 2ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), შენგელია (29წთ, 18ქ, 8მ, 1პ, 2ჩ), ჯაფარიძე (17წთ, 9ქ, 1მ), ბოისა (16წთ, 5ქ, 5მ, 1ჩ)

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ევრო 1999-ის შესარჩევ ტურნირზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ჯერ ლატვიაში ითამაშეს, რამდენიმე თვეში - თბილისში. ვენტსპილსური მატჩი ერთი უსიამოვნო ფაქტის მოწმეა - გუნდის მაშინდელმა ლიდერმა ვლადიმერ სტეფანიამ პირველ ტაიმში 18 წუთი ითამაშა, მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა იყო.

...სტეფანიას ნაკრების მაისური მას შემდეგ ერთხელაც არ მოურგია.

საყურადღებო დამთხვევაა: ვოვას წასვლას ვოვას მოსვლა დაემთხვა - სწორედ ლატვიაში შედგა ვლადიმერ ბოისას დებიუტი.

- ვენტსპილსური შეხვედრის პირველ ტაიმში ვლადიმერ სტეფანიამ ფეხი იტკინა და მეორე ნახევარში შეუცვლელად ვითამაშე. სხვათა შორის, ლატვიის კალათში ჩაგდებული 18 ქულა ჩემი სანაკრებო რეკორდია.

მახსოვს, ნაკრებში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ვლადიმერ ბოისა. იმ მატჩში მნიშვნელოვანი სხვა არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ დიდი სხვაობით წავაგეთ, - იხსენებს კახა შენგელია.

ახლა აინარს ბაგაცკისის მოვუსმინოთ:

- ნაკრებში დიდი ხანი ვითამაშე და მხოლოდ ორჯერ ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ერთხელ სწორედ ის შესარჩევი ბარიერი ვერ დავძლიეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან მოგვიწია თამაში. მაშინ ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავდა და ფავორიტებადაც ვითვლებოდით, მაგრამ ამის დამტკიცება მოედანზე იყო საჭირო.

ვენტსპილსში ეს მოვახერხეთ. მახსოვს საქართველოს ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ვლადიმერ სტეფანიაზე, რომელიც იმხანად სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდა. იგი ძლიერი მეფარე და საშიში მოწინააღმდეგე იყო.

24.02.1999. თბილისი
საქართველო-ლატვია 96:98
38:50, 58:48
საქართველო: მაისურაძე (10წთ, 2ქ, 2მ), ბოისა (28წთ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (14წთ, 4ქ, 1მ), აბრამიძე (30წთ, 12ქ, 3მ, 2პ, 1ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 18ქ, 7მ), ჯაფარიძე (28წთ, 12ქ, 4მ, 1ჩ), ოთიურიძე (11წთ, 7ქ, 2მ, 1პ), ქარაბაკი (27წთ, 6ქ, 7მ, 1პ), ჩხეიძე (34წთ, 18ქ, 4მ)
ლატვია: ჰელმანისი (15ქ, 5მ), ვიტოლსი (5ქ, 5მ), შტელმაჰერსი (13ქ), ლაკსა (13ქ, 6მ), მიგლინიეკსი (7ქ, 3პ), ბაგაცკისი (27ქ), ბერნატსი (4ქ), ვეჩვაგარსი (14ქ, 3ჩ).

- მეორე მატჩი თბილისში ორი ქულის სხვაობით მოვიგეთ, - განაგრძობს ბაგაცკისი, - კარგად მახსოვს, მთელი თამაშის განმავლობაში წინ ვიყავით, თუმცა ქართველები ბოლოს დაგვეწივნენ და დასკვნით მონაკვეთში სიტუაცია დაიძაბა.

თუმცა, ვფიქრობ, ძლიერმა გაიმარჯვა - მაშინ საქართველოში ომი ახალი დასრულებული იყო და ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტებული გახლდათ. ომებისა და არასახარბიელო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ქართველები კალათბურთს მაინც გულიანად თამაშობდნენ. ეს ნათლად მიუთითებს ხალხის ქვეყნის ღირსებისადმი მიდგომის მაღალ ხარისხზე. ამიტომ იმ დროის კალათბურთელების წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ.

სხვათა შორის, ნებისმიერი მატჩი, საფეხბურთო თუ საკალათბურთო, მინი-ომია - სპორტში ხომ აგრესია ლეგალურია...

ლატვიასთან მეორე მატჩს საინტერესო კომენტარი გაუკეთა ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო რთულ პირობებში უწევდა მუშაობა:

- შინ ლატვიასთან სტეფანიას გარეშე დავრჩით. ნაცვლიშვილიც, პრაქტიკულად, ცალი ფეხით თამაშობდა. ამის მიუხედავად, ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით დავმარცხდით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეს ზოგიერთს სენსაციურ შედეგად ეჩვენა, მაგრამ მალე დამტკიცდა, რომ ბალტიისპირელები ურიგო კალათბურთს არ თამაშობდნენ. ისინი ჩვენგან იტალიაში ჩავიდნენ და მაშინდელ ევროპის ჩემპიონს აპენინებზე აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ლატვია - რაც უფრო სავსე იქნება "სპორტის სასახლე"...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული