აბაიომი ოვონიკოკო: მიყვარს "გაგრა" და საქართველო

AutoSharing Option
დაგვეთანხმებით, საქართველოში უცხოელი ფეხბურთელის მოწვევა, ცოტა არ იყოს, საფრთხილო საქმეა, განსაკუთრებით კი აფრიკიდან, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრია ისეთიც, რომელიც თავს ფეხბურთელად ასაღებს და იმიტომ სურს შენს ქვეყანაში ჩამოსვლა, რომ დარჩეს და იცხოვროს.

საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ისტორიაში პირველი აფრიკელი 2009 წლის იანვარში გამოჩნდა.

* * *
- ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა დამიბარა და სამომავლო გეგმებზე მესაუბრა. მითხრა, ჩვენ ახალ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას. სარისკოა, მაგრამ ამის გარეშე წარმატებაზე ვერ ვიფიქრებთ. ნიგერიიდან ფეხბურთელი უნდა მოვიწვიოთ. პატარა ბიჭია და, წესით, უნდა გაგვიმართლოს. მიხედე
ამ საქმეს, იანვრის ბოლოს თბილისში უნდა იყოსო.

ჩემმა მოწვეულმა ფეხბურთელმა სამჯერ "გადამაგდო". მერე ამაზე ბევრს ვიცინოდით. სამჯერ გვითხრა, ამ რეისზე ჩამოვალო, არ ჩამოვიდა. მეოთხეჯერ რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, სტამბულის რეისს ახლა ნამდვილად ჩამოჰყვებაო, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა…

მაინც მივედი. არ ჩანს. მერე მესაზღვრეებს ვკითხე, ზემოთ საზღვარზე შავკანიანი ფეხბურთელი ხომ არ არის-მეთქი? როგორ არა, ორნი არიანო.
ესეც სიურპრიზი, ერთი უნდა ჩამოსულიყო და ახლა ორი საიდან გაჩნდა?

ავედი და ერთი კისერზე ჩამომეკიდა, მისტერ მიშა ხომ არ ხარო? მეორე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო. დაუგეგმავად ჩამოვიდა, ვიზის გარეშე და საქართველოში არ უშვებდნენ.

იომი მქვიაო, - გამეცნო. - ძალიან დავიღალე, როგორც იქნა, ჩამოვაღწიე თქვენთანო. გარეთ ციოდა, მაგრამ არ გაკვირვებია. რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ვიყავი, ნოემბერი იყო და მოსკოვის "ცსკა"-ში სტაჟირება გავიარე. ისეთი სიცივე იყო, ხანდახან ყურები და ცხვირი აღარ მქონდაო.

მოკლედ, ასე დაიწყო საქართველოში აბაიომი სეუნ ოვონიკოკოს მოღვაწეობა, - გვიამბობს "გაგრას" წარმომადგენელი მიხეილ აფხაზავა.

* * *
Sportall.Geაბაიომი სეუნ ოვონიკოკო:
- იომი დამიძახეთ, ყველა ასე მეძახის. ხშირად მეკითხებიან, სწორად მოიქეცი თუ არა, საქართველოში რომ ჩამოხვედიო. მე ვეუბნები, რომ კითხვა არასწორად არის დასმული. უნდა მკითხოთ, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყავი, ინანებდიო?

ვინანებდი, ვინაიდან მე აქ ისეთი სითბო და სიყვარული დამხვდა, ძნელად წარმომიდგენია, ამგვარი დამოკიდებულება სხვა ქვეყანაში ვიგრძნო.

როდესაც ნიგერიაში მითხრეს, რომ საქართველოში უნდა წავსულიყავი, ამ დროს არჩევანის წინაშე ვიდექი - ან ფეხბურთი ან სწავლა.

მე იბადანში ვცხოვრობ, უდიდესი ქალაქია. მამაჩემი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, მერე კერძო დეტექტივი გახდა. დედა ბიზნესითაა დაკავებული.

ყველას უკვირს, როდესაც ვეუბნები, რომ დედისერთა ვარ. მართალია, ჩვენთან ოჯახებში ბევრი დედმამიშვილი ცხოვრობს. მე კი მარტო ვარ. ტაიტუსი, მამაჩემს ჰქვია, მეუბნებოდა - იომი, კარგად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილებაო.

სწავლის გაგრძელება ძალიან მინდოდა, მაგრამ ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთზე დავდიოდი, ჩვენი პრეზიდენტის კოლავოლე ადეგბულუგბესი მჯეროდა და როდესაც მითხრა, "გაგრაში" უნდა წახვიდე, საქართველოს უმაღლეს ლიგაშიო, არჩევანი ისევ ფეხბურთზე გავაკეთე.

- საქართველო სად იყო, იცოდით?
- ვიცოდი. მაშინ საქართველოში ომი ახალი დასრულებული იყო, ტელევიზორს ვუყურებდი და ვიცოდი, რაც თქვენთან ხდებოდა.

მერე ვხუმრობდი კიდეც, 150 მილიონი ცხოვრობს ნიგერიაში, საქართველოს თუ დასჭირდება, ომში ნიგერიელები დავიხმაროთ-მეთქი.

როცა ჩამოვედი, გუნდთან ერთად ვერ გავემგზავრე ანტალიაში, ვიზის გაკეთება არ მოესწრო და მეც დავრჩი. ადაპტაციის მხრივ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ალღო ავუღე და ყველაფერი კარგად წარიმართა.

ჩვენი კლუბის პრეზიდენტ, ბატონ ბესიკ ჩიხრაძეს სურდა, რომ კიდევ ჩამოეყვანა ერთი ნიგერიელი ფეხბურთელი "გაგრაში", რომ თავი მარტო არ მეგრძნო, მაგრამ ყველა დაიწუნეს, ვერ გაამართლეს.

Sportall.Geშეკრებაზე ბათუმში ვიყავით. ცურვა არ ვიცი. ბევრმა აფრიკელმა ცურვა არ იცის. მეშინოდა ზღვაში ჩასვლის. ბიჭებმა - ჩავაგდოთო. გაბედავა ყველაზე მეტად აქტიურობდა.

ოღონდ არ ჩამაგდოთ და ქართულად ვიმღერებ-მეთქი და… ვიმღერე. მახსოვს, ქეთა თოფურია მღეროდა - რიმტირი, რიმტირი, რირაო…

პლაჟზე ხალხი გავაგიჟე. მერე პლაჟზე ბიჭებთან ერთად წამოვწექი და ვირუჯებოდი. ბევრი ვიცინეთ. მგონი, მიშამ სურათიც გადამიღო (იცინის).

- საუკეთესო სეზონი?
- საუკეთესო იყო 2010-11 წლების სეზონი, როდესაც პირველი ლიგა მოვიგეთ და საქართველოს თასიც მოვიპოვეთ. არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის საუკეთესო სეზონი იყო. ბევრი გოლი გავიტანე, საგოლე გადაცემებიც გავაკეთე.

ძლიერი გუნდი გვყავდა. ჩვენთვის უხერხული მეტოქე არც პირველ ლიგაში იყო და არც უმაღლეს ლიგაში. თასზე მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში უმაღლესი ლიგის გუნდები დავამარცხეთ. ეს დაუვიწყარი იყო.

- და ფინალი?
- ტურის ცენტრალური შეხვედრა გვქონდა მარტვილის "მერანთან". 3:1 მოვიგეთ, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ცუდად დასრულდა. მუხლში ყრუ ტკივილს კი ვგრძნობდი, მაგრამ ცენტრალური თამაში იყო, გადასვლისთვის ვიბრძოდით ორივე გუნდი და უნდა მოგვეგო.

არავინ შემხებია. იქვე მიშა იდგა (მიხეილ აფხაზავა. გ.კ), გავხედე და ვუთხარი - მგონი ყველაფერი დამთავრდა. აუტანელი ტკივილი მქონდა. ექიმები დამესიენ, მუხლი გამისივდა.

ვიმკურნალე. თასის ფინალისთვის დაბრუნება მსურდა. თამაშის წინ ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა გუნდმა. მეც დავიწყე ვარჯიში და 10 წუთში მართლა ყველაფერი დასრულდა - ჯვარედინი გამიწყდა.

Sportall.Geფინალის მოგებამ მართლაც უდიდესი სიხარული მომანიჭა, მაგრამ მეორე მხრივ, გული დამწყდა, ევროპის ლიგაზე ვერ ვითამაშე.

მერე კი ოპერაცია იყო. დოქტორ მარტენსი ჩამოვიდა. ერთ-ერთი გამონაკლისი დაუშვა, რომ თბილისში ჩამოვიდა და ოპერაცია გამიკეთა. როგორც მითხრეს, მხოლოდ კაკას, სილვიო ბერლუსკონის და გატუზოს გაუკეთა მათთან ჩასულმა. დანარჩენს ყველას თავის კლინიკაში ემსახურება.

მადლობა ბესიკ ჩიხრაძეს და მამუკა ამიროვს, რომ ეს კაცი აქ ჩამოიყვანეს და ფეხზე დამაყენეს.

- მერე იყო "ზესტაფონი"…
- საქართველოს ჩემპიონის რიგებში თამაში დიდი პატივი იყო. დეკემბერში გადაწყდა ჩემი მათ გუნდში ჩარიცხვა. მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილს ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.

მართლაც, მარტისთვის მინდორზე დავბრუნდი. მგონი, ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. გოლებიც გავიტანე და კარგად ვთამაშობდით. ღირსეულად მოვიპოვეთ ჩემპიონობა.

- დამაინც, "ნეფთჩისთან" მარცხი…
- ამას ჩვენც არ ველოდით. მომენტი მქონდა ბაქოში თამაშისას, მაგრამ ეს არ იყო ასპროცენტიანი მომენტი. მათი დამარცხება ნამდვილად შეიძლებოდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. შინ 2:0-ს ვიგებდით და გოლი გავუშვით.

ეს არ უნდა მომხდარიყო. არადა, ვჯობნიდით.

გული დამწყდა. ჩვენ "ნეფთჩი" რომ დაგვემარცხებინა, მერე უფრო და უფრო მოვუმატებდით. არ გაგვიმართლა.

ამ მარცხმა გუნდზე ძლიერ ცუდად იმოქმედა. მერე "მეტალურგთანაც" წავაგეთ, "ტორპედოსთანაც".

- ამ დროს მოგიწიათ გუნდიდან წამოსვლა…
- დიახ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. დიდად დამეხმარა და მადლობა მას, გია ჭიაბრიშვილს, ყველას, ყველას…

- "ვოლინის" დაინტერესების შესახებ იცოდით?
- როგორც ვიცი, ზესტაფონში ერთ-ერთ თამაშზე იყვნენ ჩამოსულები და მაკვირდებოდნენ. იქ ხომ ანატოლი პისკოვეცი მუშაობს, "გაგრას" ყოფილი მწვრთნელი და მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები.

როცა "ზესტაფონთან" კონტრაქტი გავწყვიტე, მიშას ვეუბნები, ხედავ, ძალიან გინდოდა "გაგრაში" დავბრუნებულიყავი და გიბრუნდები-მეთქი. იცინის, რაღაც საეჭვოდ იცინის. არაფერს მეუბნება.

ამ დროს რეკავს ტელეფონი. პრეზიდენტი მიბარებს. მივედი და მეუბნება - "ვოლინს" სურს შენი დამატება და წახვალო?

"გაგრას" პრეზიდენტი მართლაც რომ ჩინებული ადამიანია. უკრაინელებმა კონტრაქტი გამომიგზავნეს, ხელი მოვაწერე. რასაც შემპირდა პრეზიდენტი, ზუსტად ის პირობები შემომთავაზეს და ბედნიერი ვიყავი.

ახლა კი უკრაინაში ვარ და უკვე გუნდთან ერთად მზადებას ვიწყებ. სასტუმროში დამაბინავეს. ყველაფერი მომწონს, მალე ბინასაც დამიქირავებენ და ვიცი, რომ ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

მაისამდე იჯარით ვარ წამოსული და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ამ გუნდში დავრჩე და შემდეგ წინსვლაზე ვიფიქრო.

ვიცი, რომ შანსი მეძლევა და უნდა გამოვიყენო. ზარმაცი არ ვარ, შრომა მიყვარს და არც ახლა დავზოგავ თავს.

- თქვენ "ვოლინში", როგორც ქართველი, ისე ჩახვედით…
- დიახ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მათთვის ქართველი ვარ. მე საქართველო ძალიან მიყვარს. აი, აქ, "ვოლინში" უნდა დავამტკიცო, რომ მაღალი დონის პროფესიონალი ვარ და იქნებ საქართველოს ნაკრებშიც მომიწიოს თამაში. ეს ჩემთვის უმთავრესია. მე "გაგრა" და საქართველო ძალიან მიყვარს…

მომიკითხეთ ყველა, ვისაც იომის თამაში მოსწონდა…

ესაუბრა გიორგი კაციტაძე
www.fcgagra.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები. ისეთი აფრიკელებიც გვახსოვს, ათას სიბინძურეს რომ გვაბრალებდნენ. ეს გულიანი ბიჭი ჩანს. სიხარული და წარმატებები ვუსურვოთ
merabi
22:07 06-09-2012
0
კაი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ!
დუდუ
21:40 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული