მაღალი და დაბალი - ნაკრებს ისევ ორი ნატურალიზებული სჭირდება!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ტრავმამ მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის სანაკრებო გეგმები საქსოვი ძაფივით აბურდა.

არადა, სერბ სპეციალისტს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული მისია აქვს: "იმაზე უკეთესი თამაშების "მოქსოვა", ვიდრე 2011 წელს ლიტვაში ვიხილეთ. ეს თავადაც კარგად მოეხსენება.

აღნიშნა კიდეც: "თამასა ზემოთ ავწიეთ, 2011-ში ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გავედით. ვიცი, რომ ქართველ გულშემატკივარს მომდევნო ჩემპიონატებში მხოლოდ ტოპ-12-ში მოხვედრა დააკმაყოფილებს..."

სლოვენიაში სექტემბერში გასამართ ევრობასკეტზე ჯგუფში სერიოზული მეტოქეები შეგვხვდა: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ესპანეთი და ხორვატია.

მომდევნო ეტაპზე მხოლოდ სამი გადის. რა ხერხით, რა ტაქტიკით ვეცდებით დასახული მიზნისთვის
ბრძოლას, ამას მოგვიანებით შევიტყობთ, აქ კი ერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რამაც ფაჩულიას ტრავმის შემდეგ მეტი აქტუალურობა შეიძინა.

- იგორ კოკოშკოვის მოთხოვნით უკანახაზელის პარალელურად ნატურალიზაციისთვის ერთი მეფარეც უნდა ვეძებოთ, - გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, - ჯერ ძიების პროცესში ვართ და გვარების დასახელება ნაადრევია. ვეცდებით, რაც შეიძლება, მალე მოვძებნოთ შესაფერისი კანდიდატები.

ვერ ვიტყვით, რომ ორი უცხოელის გაქართველების იდეამ გაგვაკვირვა. ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში იშვიათობა ნამდვილად არ არის.

მაგალითად, 2010 წელს ტორინ გრინთან ერთად ფორვარდი ქუინტონ ჰოსლი ჩამოიყვანეს. შარშან ჯეიკობ პულენი და კორი ფიშერი ეცილებოდნენ ერთმანეთს 12-კაციან განაცხადში მოხვედრაში... უკანახაზელი და ცენტრი კი ერთდროულად პირველად წლეულს გვეყოლება.

რაც მეტი, მით უკეთესი, - შეიძლება ვინმემ ესეც თქვას. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. გავიხსენოთ, რომ შარშან, შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ პულენმა ითამაშა, ხოლო 2010 წელს ოფიციალურ შეხვედრებში ჰოსლი არ გამოჩენილა - გრინი იცავდა ჩვენი ნაკრების ღირსებას.

ფიბა-ს წესების მიხედვით, ოფიციალური მატჩის განაცხადში მწვრთნელს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანის უფლება აქვს.

გამოდის, რომ ამჯერადაც ორიდან ერთის არჩევა მოგვიწევს? ევრობასკეტის შესარჩევი და ფინალური ეტაპები სხვადასხვა ფორმატით იმართება.

შესარჩევში (სადაც მატჩები ოთხ დღეში ერთხელ ტარდებოდა) დასაშვები იყო სხვადასხვა შეხვედრისთვის უცხოელი კალათბურთელების განაცხადში მონაცვლეობით შეყვანა.

აქვს თუ არა ამის უფლება მწვრთნელს უშუალოდ ევრობასკეტის მსვლელობისას? ამ კითხვით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს მივმართეთ.

- ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წინ უნდა შედგეს 12-კაციანი განაცხადი, რომელიც შეჯიბრების დასრულებამდე არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.

განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელი უნდა იყოს. 2011 წელს ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდების განაცხადების 14 კაცამდე გაზრდა, მაგრამ ამას წინ აღუდგა ფიბა-ს მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპელებს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ასე რომ, ყველა შეჯიბრებაში გუნდები 12-12 კალათბურთელით ივსება.

რომელი ამერიკელი დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას? მაღალი თუ დაბალი? რა გვარისა იქნება? დღეს მხოლოდ კითხვის ნიშნების ჩამომწკრივება შეგვიძლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ara martla egrea. zazam dado joshis video, saqartvelos nakrebze idzaxda ratomac arao. eseni ki vitom yruebi arian arc indzrevian
datio
05:37 05-04-2013
0
ეგ ღადაობით თქვა ერთხელ სმიტმა ეგ აქ ჩამომსვლელი არ არი მაგის 1%ც რომ იყოს ყველა თავს მოიკლავდა და ჩამოიყვანდა მარა შანსი არ არი
Shakos
21:36 07-04-2013
0

სიახლეები პოპულარული