იგორ კოკოშკოვი: ბედმა გამიღიმა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი

AutoSharing Option
ორიოდე თვის წინათ "ტაიმლაინში" იტალიური გამოცემა "დეილიბასკეტის" ვრცელი პუბლიკაცია გადმოვაქართულეთ.

რუბრიკაში "დროშები და კულტურა" საქართველოს შესახებ საინტერესო "მოხსენება" იყო - ისტორიიდან დაწყებული, კერძებით დამთავრებული (იხილეთ სტატია).

ავტორი, მიკი პეტენე საქართველოს შემდეგ პანამას შეეხო, კიდევ სხვა ქვეყნებზე იმსჯელა დაწვრილებით და ისევ საქართველოს დაუბრუნდა.

თან, სწორედ იმ კუთხით, რაც ჩვენს მკითხველს უთუოდ დააინტერესებს - ჟურნალისტი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვს ჩვენს ქვეყანაზე ესაუბრა.

ცხადია, დიალოგი სხვა თემებსაც შეეხო.

აი, რას წერს  ბატონი პეტენე:

"რუბრიკა "დროშები და კულტურის" მორიგი სტუმარი არა რომელიმე
ქვეყანა, არამედ საინტერესო პიროვნებაა: იგორ კოკოშკოვი სერბია, ამერიკაში ცხოვრობს ("ფინიქს სანსის" მწვრთნელია) და საქართველოს ნაკრებს წვრთნის.

იგი მშობლიური ბელგრადიდან ამერიკაში 1999 წელს გადავიდა და ერთ-ერთი პიონერთაგანი იყო ევროპელ მწვრთნელთა შორის.

კოლეჯთა ლიგაში მოკლე დროში მოაგროვა საკმარისი გამოცდილება და NBA-დანაც მიიღო მიწვევა.

კოკოშკოვს 2008 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს და მას მერე კავკასიის ქვეყანაშიც მუშაობს.

ჩვენი რუბრიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმთავრესად სწორედ საქართველოში მოღვაწეობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ იგორ კოკოშკოვს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ფაქტი, რომ კოლეჯების ლიგაში პირველი ევროპელი მთავარი მწვრთნელი იყავით?
- ეს ჩემთვის დიდი პატივია. გამიმართლა, რომ საჭირო დროს სწორედ იქ მოვხვდი, სადაც საჭირო ვიყავი. ყოველთვის ვამბობ: ევროპაში უამრავი მაღალი დონის სპეციალისტია, სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით, რომლებსაც NBA-ში მუშაობა ხელეწიფებათ.

ამერიკაში რომ ჩავედი, ყველაფერი იდეალურად არ აწყობილა, რთული იყო ახალ გარემოსთან მორგება. მანამდე სერბეთის ლიგაში მქონდა ნათამაშები (კარიერა ნაადრევად, სერიოზული ტრავმის გამო დავასრულე) და ამერიკული ტიპის კალათბურთთან შეხება არ მქონდა. თუმცა ნელ-ნელა მასაც ავუღე ალღო და სათანადო ცოდნაც შევიძინე.

- პირველი გუნდი "მისური" იყო...
- ამ სასწავლებელში 1999 წელს დავიწყე მუშაობა და მხოლოდ ერთი წელი გავატარე. წარმატებული სეზონი გამოვიდა და მას შემდეგ იღბალი თან მდევს - მეცამეტე წელია, NBA-ს გუნდებში ვმოღვაწეობ. რომ მკითხოთ, რა განაპირობებს ამას, გიპასუხებთ: ჩემი, როგორც მწვრთნელის ხარისხი და მუდმივი სწრაფვა გაუმჯობესებისკენ.

- სამწვრთნელო კარიერა 24 წლისამ დაიწყეთ...
- რადგან სპორტსმენის კარიერა ვერ ამეწყო, მწვრთნელობა გადავწყვიტე. თავიდან სერბეთში ვმუშაობდი, შემდეგ კი ამერიკაში "მეგობრულად" მოვხვდი, ვმუშაობდი ქუინ სნაიდერთან, რომელიც ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია.

იმ დროს ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ამერიკაში დიდი ხნით დავრჩენილიყავი. იქ იმიტომ ჩავედი, რომ მომეპარა უკეთესად მუშაობის საიდუმლო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები სლოვენიის ევრობასკეტზე ერთ-ერთი სიურპრიზთაგანი იქნება. რამდენად რთულია ამ გუნდით ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან თამაში?
- დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე მეორედ ითამაშებს, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შემადგენლობა სავსეა ნიჭიერი კალათბურთელებით.

თავად განსაჯეთ: უმეტესობა საერთაშორისო დონეზე წარმატებით თამაშობს. ყოველთვის სასიამოვნოა აუტსაიდერის სტატუსით გამოსვლა.

ასე იყო აქამდე ევროპის წამყვანი გუნდების წინააღმდეგ და ასე იქნება სექტემბერშიც, ევრობასკეტზე. ისიც ვიცით, რომ სლოვენიაში ოქროს ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ ვეცდებით, ყოველი მეოთხედი უკეთესად ჩავატაროთ.

ვამაყობ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები რამდენი გამოწვევის წინაშეც დადგა, იმდენჯერ თავი შესანიშნავად გაართვა. ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი ახალი გამოწვევაა და ვიმედოვნებ, წინსვლას განვაგრძობთ.

- საერთაშორისო არენაზე ქართველი უკანახაზელების სიმცირეა, თუმცა ნაკრები მაინც კარგად ასპარეზობს. ამას როგორ ახერხებთ?
- წონა ჩვენი გუნდის მთავარი პლუსია. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რა შემადგენლობით, რა სახის გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე. ამაზე დიდ გავლენას ახდენს კალათბურთელთა ჯანმრთელობა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გვყავს კალათბურთელები, რომლებიც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით თამაშობენ.

სწორედ უნივერსალიზმია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კოზირი. გარდა იმისა, რომ გვყავს სტაბილურად მოთამაშე გამოცდილი კალათბურთელები, ყოველწლიურად ვცდილობთ, შანსი მივცეთ ახალგაზრდებს.

- ზოგადად ქართულ კალათბურთზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- სერბეთში ჩემი ყოფილი მწვრთნელი ირონიულად ამბობდა: წარმატების გასაღები გამარჯვებააო.

სანაკრებო გამარჯვებები ქართულ კალათბურთს განვითარებაში დიდად უწყობს ხელს.

კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა საქართველოში. უფრო და უფრო მეტი ბავშვი ცდილობს, მიბაძოს გმირებს, ნაკრების კალათბურთელებს.

სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, რომ დავესწრო საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს. თუმცა სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს ლიგაში უცხოელთა რაოდენობამ იმატა, რამაც პროგრესზე დადებითად უნდა იმოქმედოს.

- ინტერნეტში ვნახე, საქართველოს პრეზიდენტმა როგორ დაგაჯილდოვათ ორდენით. მეუცნაურა, როცა ეს ვენახებში მოხდა. ზოგადად ქართველ ხალხზე რას გვეტყვით?
- მოხარული ვარ, რომ მთავრობა და ხალხი აცნობიერებს, რას მივაღწიეთ ბოლო წლებში.

ცერემონიალზე ფედერაციის წევრებთან ერთად ვიყავი, მაგრამ წარმატება მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის, ფედერაციამ დიდი მოცულობის სამუშაო გასწია.

მთავარი კი ჩვენი კალათბურთელები არიან. სწორედ ისინი გადიან მოედანზე, ისინი იბრძვიან და ისინი იმარჯვებენ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს ნაკრებთან მიმართებაშიც გავიმეორებ - ბედმა გამიღიმა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ბესიკ ლიპარტელიანი: არ არის გამორიცხული, ნაკრებში ორი ნატურალიზებული გამოჩნდეს
საქართველოსთვის ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა გმირობის ტოლფასია
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა
ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ
ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული