[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
3 აპრილს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა. ექიმებმა სარეაბილიტაციოდ 6 თვე დაუდგინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 212 სმ სიმაღლის ცენტრს NBA-ს პლეი ოფებისა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

12 აპრილს ზაზას ატლანტაში დავუკავშირდი და პირველ რიგში, ოპერაციის შედეგზე ვკითხე.

დოსიე
სახელი: ზაზა
გვარი: ფაჩულია
დაიბადა: 10.02.84
სიმაღლე: 210 სმ
ამპლუა: ცენტრი

კარიერა
თბილისის "ვითა" - 1997
თურქეთის "ულქერი" - 1998-2003
"ორლანდო მეჯიქი" - 2003-04 (NBA)
"მილუოკი ბაქსი" - 2004
-05 (NBA)
"ატლანტა ჰოქსი" - 2005 წლიდან (NBA)

მიღწევები
თურქეთის ჩემპიონი - 2001
თურქეთის თასის მფლობელი - 2003
თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი - 2002 და 2003

- რა დროს წაიღებს რეაბილიტაცია?
- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ტრავმირებულ ადგილას ექიმებს უფრო იოლი სიტუაცია დახვდათ, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. შესაბამისად, საათნახევრის ნაცვლად, ოპერაციამ 45 წუთს გასტანა. საავადმყოფოდანაც მეორე დღეს გამომწერეს, რასაც არ ველოდით.

- იქნებ დააკონკრეტო, რა სახის დაზიანება იყო...
- არ ვიცი, გაზეთში როგორ დაიწერება, ან ღირს თუ არა ამაზე ლაპარაკი... ექიმებს მყესი გაწყვეტილი ეგონათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ძვალზე იყო წანაზარდი, რამაც მყესი ძვალს დააშორა და სითხე ჩადგა. ოპერაცია საჭირო იყო, ექიმებმა ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს და მითხრეს, რომ ექვსი თვის შემდეგ სრული დატვირთვით შემეძლება ვარჯიში.

- რადგან ტრავმა ისეთი სირთულისა არ აღმოჩნდა, როგორიც თავიდან ივარაუდებოდა, სარეაბილიტაციო ვადა მცირედით მაინც არ შეიკვეცა?
- ამ საკითხზე მეც მიფიქრია, მაგრამ ჩემი სიტყვებით არ მინდა, წინასწარ იმედი ჩავსახო. სიამოვნებით მოვისმენდი მედიკოსებისგან, რომ რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე უკეთესად, მოკლე დროში მიდის, მაგრამ რადგან მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იოლად წარიმართა.

ექიმებმა მყესი ძვალთან შეაერთეს და აღდგენისთვის დიდი დროა საჭირო. თავად განსაჯეთ: თვე-ნახევრის განმავლობაში სიარულის უფლება არ მაქვს; სამი თვის შემდეგ აუზსა და ველოსიპედზე ვარჯიშს შევძლებ; 6 თვეში კი, როგორც აღვნიშნე, დატვირთვების მიღების უფლება მექნება.

ასე რომ, ყველაფერი გაწერილია და მინდა, რომ ოქტომბერში, NBA-ს წინასასეზონო მატჩების წინ სრულყოფილად ვივარჯიშო. თუმცა ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში ვიქნები.

- NBA-ს წლევანდელ სეზონში ბოლი შეხვედრა 3 მარტს "ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარე, ოპერაცია კი 3 აპრილს გაიკეთე. რატომ დასჭირდა გამოკვლევას ესოდენ დიდი დრო?
- არაერთ ექიმს შევხვდი. მოცდას ამჯობინებდნენ იმ იმედით, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ქირურგიული ჩარევა არ დამჭირდებოდა.

სხვათა შორის, ამ მიმართულებით გამოცდილება არ მქონდა, ეს ჩემთვის პირველი ოპერაციაა და ახლა ვხვდები, ექიმები რატომ ცდილობდნენ, ოპერაცია უკიდურეს შემთხვევაში ჩაეტარებინათ.

იმიტომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. 3 აპრილის შემდეგ ჯერაც ვერ დავდივარ, ყავარჯნებით გადაადგილება კი იოლი არ არის, მით უმეტეს, ჩემი წონის ადამიანისთვის.

- ამერიკულ გაზეთებშიც დაიწერა, რომ "ატლანტას" ხელმძღვანელობა ყოველმხრივ გვერდში ამოგიდგა. ამ გუნდთან კონტრაქტის ვადა ამ სეზონის დასრულების შემდეგ იწურება და ხომ არ იგრძნობა მათი ინტერესი შენი "ატლანტაში" დარჩენასთან დაკავშირებით?
- ჯერ კითხვის პირველ ნაწილს ვუპასუხებ. ატლანტელები, ექიმებიან-ხელმძღვანელებიანად, ჩემდამი მეტისმეტ ყურადღებას იჩენენ.

მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. სხვა სიტუაციას არც ველოდი, რადგან 8 წელია, მათთან ვთანამშრომლობ და პირველივე დღიდან ცხადად გამოჩნდა, რომ "ატლანტაში" პროფესიონალები არიან დასაქმებულები.

განვლილი 8 წლის განმავლობაში არც მე დამიკლია მონდომება, თავი არ დამიზოგავს გუნდის წარმატებისთვის.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, აღვნიშნავ, რომ "ატლანტასთან" ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს მეწურება.

მანამდე გუნდს პლეი ოფი აქვს სათამაშო და ვეცდები, ბოლომდე მხარში დავუდგე კალათბურთელებს.

დღეს ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია. არც "ატლანტადანაა" რამე მინიშნება ახალ კონტრაქტზე.

NBA-ს დრაფტის შემდეგ თავისუფალ აგენტთა ბაზარი 1 ივლისიდან გაიხსნება და მას მერე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები კლუბების მხრიდან.

ვიმედოვნებ, რომ შემოდგომიდან ახალი ენერგიით შევუდგები თამაშს, პლეი ოფშიც გავალ და ძალიან მინდა, ეს საჩემპიონო გუნდში მოხდეს.

- "ჰოქსის" მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ თქვა - ზაზა ფაჩულიას სტილის კალათბურთელი პლეი ოფში ძალიან დაგვაკლდებაო...
- ჩემთან ერთად ვერც ლუ უილიამსი ითამაშებს. იგი ამ სეზონის წინ შემოგვიერთდა და იოლად შეეწყო გუნდს, მაგრამ მანაც სერიოზული ტრავმა მიიღო.

პლეი ოფის გამოტოვება ტრავმის გამო მეორედ მიწევს. ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის რთულია, რადგან რეგულარულ ეტაპზე სწორედ პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვი, ემზადები. თუნდაც NBA-ს გუნდებიდან, რამდენი ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე და როცა სხვა კალათბურთელები მეოთხედფინალებს ტელევიზიით უყურებენ, შენ თამაშის საშუალება გაქვს... იქ კი არავინ იცის, რა მოხდება, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ყოველი საპლეიოფო მოგება გაახლოვებს.

"ატლანტა" პლეი ოფში, სავარაუდოდ, "ინდიანას" დაუპირისპირდება. რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდთან 2:2 ვითამაშეთ, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ "ჰოქსს" საინტერესო მატჩები ელის.

- სამწუხაროა, რომ ნაადრევად, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება 2012-13 წლების სეზონის შეფასება...
- გამორჩეული სეზონი იყო, დროც საკმარისად მქონდა და თამაშიც მსიამოვნებდა, რადგან, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ბურთი მეტად მოძრაობდა და შეტევათა უმეტესობაში ვმონაწილეობდი.

ეს სტატისტიკამაც ასახა - შედეგიანი გადაცემების მიხედვით, "ატლანტაში" მესამე ვიყავი. ასეთი შედეგი კი ცენტრისთვის ბევრს ნიშნავს.

- წლეულს კიდევ ერთი ნიუანსი იყო ხაზგასასმელი - გუნდს შორი დისტანციიდან ჩაგდებული ორქულიანებით ეხმარებოდი...
- სეზონი რომ დაიწყო, ცოტა თავდაჯერება მაკლდა, მაგრამ ნოემბრის ბოლოდან ყველაფერი გამოსწორდა, შემეძლო თავისუფლადაც მესროლა, ფარქვეშ თამაში და მოხსნა ხომ ისედაც ჩემი საქმეა...

- "ბრუკლინთან" შეხვედრისას სამმაგ დუბლამდე ორი პასი დაგაკლდა. თვლი, რომ ეს იყო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი?
- ერთ-ერთი ნამდვილად იყო, მაგრამ არა საუკეთესო. მაგალითად, შარშან "ვაშინგტონთან" შეხვედრაში 10-10 ქულა-მოხსნა და 7 პასი მქონდა. იყო ასევე კარგი საპლეიოფო შეხვედრები, მათ შორის, "მაიამისთან" (18 მოხსნა, 12 ქულა), თუმცა სამმაგ დუბლთან ყველაზე ახლოს სწორედ წლეულს, "ბრუკლინთან" მატჩისას ვიყავი.

ეს შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დავიწყე (არ გვყავდა ჯოშ სმიტი) და თავიდანვე ყველაფერი კარგად წარიმართა...

- "ბრუკლინი" ვახსენეთ და ამ გუნდის ქართველ ლეგიონერზე, თორნიკე შენგელიაზე გკითხავ...
- იგი პროგრესირებს. "ბრუკლინში" დიდ გამოცდილებას მიიღებს და დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებში გაცილებით მოძლიერებული ჩამოვა.

ვისთანაც თორნიკეს შესახებ ლაპარაკი მომიწია, ყველამ აღნიშნა, რომ დიდი პოტენციალი აქვს და რამდენიმე წელიწადში NBA-ში მაღალ დონეზე, თანაც სისტემატურად ითამაშებს.

წლეულს კი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში პირველი სეზონი ჰქონდა და თავიდანვე ვუთხარი, რომ ფეხის მოკიდება იოლი არ იქნებოდა.

შენგელიას შეიძლება ნაკლებად გაუმართლა, რომ "ბრუკლინის" დარ ძლიერ გუნდში მოხვდა. უფრო სუსტ კლუბში რომ აღმოჩენილიყო, მეტსაც ითამაშებდა.

საერთოდ, ამერიკაში გადასვლის შემდეგ პირველი წელი ადაპტაციისა და სწავლისაა; ნაწილობრივ, მეორე და მესამე წლებიც, თუმცა თორნიკე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და გამოცდილების მიღების შემდეგ NBA-ში ადგილს ნამდვილად იპოვის.

ამის თქმის უფლებას მისი შრომისმოყვარეობა და პოტენციალი მაძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას ტრავმამ საქართველო ევრობასკეტის რეიტინგში 7 საფეხურით დააქვეითა
მაღალი და დაბალი - ნაკრებს ისევ ორი ნატურალიზებული სჭირდება!
ზაზა ფაჩულია: ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ
ზაზა ფაჩულია: მოედანს მეტი შემართებითა და ენერგიით დავუბრუნდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული