გიორგი ცინცაძე: ევროლიგის კარგ გუნდში კარგად თამაშზე ვოცნებობ

AutoSharing Option
"ლელოს" ხუთშაბათის ნომერში გიორგი ცინცაძის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. რადგან "ბუდიველნიკის" საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს ვრცელი იყო, ორად გაყოფა გადავწყვიტეთ. დღეს მეორე ნაწილს ვაქვეყნებთ.

- უკრაინიდან საქართველოში ხშირად ახერხებ ჩასვლას?
- მხოლოდ საახალწლოდ ჩავედი. სამშობლო ძალიან მენატრება. თუმცა, უკრაინას იოლად შევეგუე, ცხოვრების რიტმი და მენტალიტეტი ბევრად განსხვავებული არ არის.

- ცნობილია, რომ ფეხბურთიც გიყვარს. გუნდმა, რომელსაც ქომაგობ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დიდი სხვაობით წააგო. როგორ შეხვდი "ბარსას" მარცხს?
- მტკივნეული თემაა. საფეხბურთო "ბარსელონა" ჩემი ყველაზე საყვარელი სპორტული კლუბია. მთელი
ოჯახი ვქომაგობთ, მისი ყოველი მატჩი დიდი ზეიმია. არა აქვს მნიშვნელობა, ვისთან თამაშობს. "ბაიერნთან" წაგება კატასტროფა იყო. კარგია, რომ "რეალმა" მაინც გაგვახარა (იცინის).

- ფეხბურთში ბევრი კითხვა გაჩნდა მსაჯების მიმართ. ამ მხრივ კალათბურთში რა სიტუაციაა?
- უკრაინაში საქმე ნორმალურადაა. მსაჯობის დონე კარგია. ბოლო დროს არც ის გამიგია, ევროლიგაზე ვინმეს დაეჩივლოს არბიტრების შეცდომების გამო. ზოგჯერ რეფერის შეიძლება შევეკამათო, მაგრამ რაც მთავარია, ტექნიკურ ჯარიმებს არ ვიღებ.

- მოგვიყევი საკუთარ ოჯახზე.
- ქართველი მეუღლე მყავს. ვიდრე დავოჯახდებოდით, 10 წლის ნაცნობობა გვაკავშირებდა. იგი ჩემი უახლოესი მეგობარია. კიევში ბავშვთან ერთად ბევრს ვსეირნობთ. შვილი პატარაა და ჯერ ადრეა მის სპორტსმენობაზე ლაპარაკი, მაგრამ ვისურვებდი, კალათბურთელი გამოსულიყოს. არც ფეხბურთელობის წინააღმდეგი ვიქნებოდი.

- ქალში ყველაზე მეტად რას აფასებ?
- ერთგულებას. როცა ადამიანისა გჯერა, მას 100 პროცენტით ენდობი. ეს დაძაბულობას ხსნის.

- თავისუფლად ლაპარაკობ ინგლისურად და რუსულად. უკრაინულად?
- უკრაინის ზოგ ქალაქში რუსულად საერთოდ არ ლაპარაკობენ. რუსულად ეტყვი და უკრაინულად გიპასუხებენ. მე კი აქაური კარგად არ მესმის.

- საქართველო თავისი სამზარეულოთი ცნობილია. უკრაინაში რა კერძი მოგეწონა?
- ბორში და კიევური კატლეტი. სალა არ მიყვარს.

- ბოლო დროს სამქულიანებს კარგად სტყორცნი. ვარჯიშებზე ამ კომპონენტზე ბევრს მუშაობ?
- ვარჯიშებზე ყოველთვის მეტს მუშაობ იმაზე, რაც თამაშებისას სათანადოდ არ გამოგდის. სამქულიანებს ბოლოს უკეთესად ვტყორცნი და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებ.

- რომელია შენი საყვარელი ტექნიკური ილეთი?
- პასი. თუ გადაცემა ეფექტური გამოვა, კიდევ უფრო სასიამოვნოა.

- კალათბურთი დაგსიზმრებია?
- იყო დრო, თამაშის წინა დღეს მომავალი შეხვერდა დამსიზმრებია. შედეგს არა, ჩემს თამაშს ვხედავდი. ასე რომ, წინასწარ ვიცოდი, როგორ ვითამაშებდი.

- საკალათბურთო ოცნებას თუ გაგვანდობ?
- ევროლიგის კარგ გუნდში კარგად თამაშზე ვოცნებობ. იმედი მაქვს, "ბუდიველნიკი" ამ მიზანს მიაღწევს და გუნდის ნაწილი მეც ვიქნები.

- მოედანზე დამცველი ხარ. რა გევალება?
- დამცველი არასწორ განმარტებად მიმაჩნია. ამერიკულიდან რომ ვთარგმნოთ, გამთამაშებელი ვარ (Point Guard), რომელსაც თამაშის ორგანიზება ევალება. პლეიმეიქერს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

- არის საკალათბურთო წესი, რომლის შეცვლასაც ისურვებდი?
- სიმულანტებს დავსჯიდი. ცუდია ისიც, რომ მსაჯები პატივისცემით ეპყრობიან ავტორიტეტულ კალათბურთელებს.

- აზარტული ხარ? დადიხარ კაზინოში?
- მიყვარს კაზინოში სიარული, მაგრამ დიდ ფულს არასოდეს ვაგებ. ვიცი, რამდენის წაგება შემიძლია და ზღვარს არ გადავდივარ. დროულად შეჩერება შემიძლია.

- რომელ სამ ნივთს წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე?
- კომპიუტერის სათამაშო მოწყობილობას, იარაღს და მზის სათვალეს.

- მწვრთნელის მითითებას ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებ?
- არა. კალათბურთი ამიტომაა საინტერესო. მეტოქე ყოველთვის უკეთებს ანალიზს შენს თამაშს და როცა კომბინაციას ცვლი, გეგმიურად არ მოქმედებ, მოწინააღმდეგეც იბნევა.

- ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რას სთხოვდი?
- ჯანმრთელობას ჩემი ოჯახისთვის, მშვიდობას მსოფლიოსთვისა და კარგ მანქანას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული