ბექა ბურჯანაძე: ჩეხეთის ნაკრები მეტად სახიფათო მეტოქეა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიის ქალაქ როსეტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში რამდენიმე ის კალათბურთელია, რომლებიც იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. მათ შორისაა ზაზა ფაჩულიას მამიდაშვილი ბექა ბურჯანაძე.

იგი ზაზასავით შრომისმოყვარეა და ლოგიკურია, რომ 19 წლის ასაკში ესპანეთის უმაღლეს ლიგას მიაღწია. გასული სეზონი სევილიის "კახასოლში" გაატარა, სადაც 28 მატჩში საშუალოდ 6 წუთს თამაშობდა.

ბექას იტალიაში გამგზავრებამდე ესპანეთსა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებზე ველაპარაკეთ.

- საქართველოში 7 ივნისს ჩამოვედი და მას მერე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ. ვემზადებოდით ფიზიკურადაც და ბურთთანაც. ვერ
ვიტყვი, რომ სათანადო კონდიციებში ვართ, მაგრამ მთავარია 9 ივლისს შევხვდეთ ოპტიმალურ კონდიციებში, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

- სათანადოდ მოსამზადებლად იტალიური ტურნირიც დაგეხმარებათ.
- იტალიაში ორ საერთაშორისო შეჯიბრებაში მივიღებთ მონაწილეობას. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით და გვექნება როგორც შესაძლებლობების შეფასების შანსი, ასევე კარგად მომზადების შესაძლებლობა.

პირველიდან მეორე ტურნირამდე რამდენიმე დღეა და ძალების აღდგენასაც მოვასწრებთ.

- ევროპის ჩემპიონატი ესტონეთში ივლისში გაიმართება. მომავალი მეტოქეებიდან ვის იცნობ?
- ჩემთან ერთად, "კახასოლში" სერბი ნიკოლა რადიჩევიჩი თამაშობს. ისიც 1994 წელსაა დაბადებული. კარგი კალათბურთელია, მაგრამ, როგორც ვიცი, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს - სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს პირველობისთვის ემზადება.

რაც შეეხება სერბეთის 20-წლამდელთა კრებულს, შეკრული და ძლიერი გუნდია. კარგადაა დაბალანსებული როგორც უკანა, ასევე წინა ხაზში.

- ლიტველების თამაში ხომ არ გინახავს?
- ისინი გასულ წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ფრანგებს აჯობეს. საყურადღებოა, რომ ლიტვის ნაკრებში შარშან 1993 წელს დაბადებული რამდენიმე კალათბურთელი თამაშობდა, რომლებსაც ამჯერადაც მოუწევთ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. ასე რომ, ლიტვა წლევანდელ შეჯიბრებაზეც ფავორიტთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ.

- როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა თქვა, გერმანია და საბერძნეთიც მაღალი მიზნებით ჩამოვლენ ესტონეთში..
- ამ გუნდებს კარგად არ ვიცნობ და კომენტარის გაკეთება მიჭირს. ვეცდებით, თითოეულ მეტოქეს ბოლომდე ღირსეულად ვებრძოლოთ.

- სანაკრებოდან საკლუბო ამბებზე გადავერთოთ. სევილიის "კახასოლთან" რამდენწლიანი კონტრაქტი გაკავშირებს?
- შარშან, სეზონის დაწყებამდე სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, კიდევ ორი წელი სევილიაში ვითამაშებ.

- მწვრთნელის ცვლილება ხომ არ იგეგმება?
- ალეხანდრო რენესესი გუნდში დარჩება. იგი გასულ სეზონშიც ცდილობდა, ახალგაზრდებისთვის შანსი მიეცა. კარგი მწვრთნელია და მოხარული ვარ, რომ გაისადაც მასთან მომიწევს მუშაობა.

- "კახასოლი" პლეი ოფში ვერ მოხვდა. როგორ შეაფასეს გუნდის გამოსვლა გასულ სეზონში?
- შემოდგომით, სამი-ოთხი მატჩი გვქონდა ჩატარებული, როცა მწვრთნელმა თითოეულ კალათბურთელს გვკითხა - მოვხვდებით თუ არა პლეი ოფშიო? ყველას აზრი ერთმნიშვნელოვანი იყო - მოვხვდებითო.

თუმცა საქმე ისე არ აეწყო, როგორც გვეგონა. გაზაფხულზე არცთუ სახარბიელო სიტუაციაში აღმოვჩნდით: "ლაგუნ აროსთან" სტუმრად გადამწყვეტი მატჩი გვქონდა, წაგების შემთხვევაში დიდი ალბათობით ქვედა ლიგაში დავქვეითდებოდით.

თუმცა ბოლო წამზე მინიმალური სხვაობით გავიმარჯვეთ, "ლაგუნ არო" გავარდა, ჩვენ ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ.

- მომავალი სეზონის წინ "კახასოლის" გაძლიერება ხომ არ იგეგმება?
- ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუნდის დატოვებას რამდენიმე ლიდერი აპირებს - ბრაიან ასბერი, ჯონ ჰოლანდი, ლატავიუს უილიამსი, როდერიკ ბლექნი... ვის დაიმატებენ მათ ნაცვლად, ჯერ არ ვიცი. ჩეხი ტომას სატორანსკის გადაბირება "უნიკახას" სურს.

- თუ გაქვს ინფორმაცია დამრჩენთა შესახებ?
- ხუან ტრიგუერო და ხოან სასტრე მომავალ სეზონშიც "კახასოლში" ითამაშებენ. შესაძლოა გამოცდილი ლუკა ბოგდანოვიჩიც დარჩეს. ახალგაზრდული გუნდის წევრებს კრისტაპს პორზინგისსა და ნიკოლა რადიჩევიჩს უკვე გაუფორმეს კონტრაქტი. აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე კეთდება.

- სერბეთის ნაკრების წევრი მილენკო ტეპიჩი "პანათინაიკოსში" კარგად ირჯებოდა, მას მერე ცოტა დაიკარგა...
- მას ჯერ "პარტიზანში" ჰქონდა კარგი სეზონი, შემდეგ "პანათინაიკოსში", თუმცა "კახასოლში" ისე ვერ თამაშობდა, როგორც უწინ. ისიც ცნობილია, რომ მომავალ სეზონში იგი სევილიაში არ დარჩება. ასე რომ, მწვრთნელს თითქმის ახალი გუნდის აშენება მოუწევს და ვიმედოვნებ, საინტერესო გუნდი გამოვა.

- ჩეხეთის ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეა. "კახასოლში" კი ორი ჩეხი თამაშობს, სატორანსკი და ბალვინი.
- ონდრეი ბალვინთან ვმეგობრობ, როცა გაირკვა, ჩვენს ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, ხუმრობით ერთმანეთს ვემუქრებოდით. რეალურად საქმე სახუმაროდ არაა, ზოგს ჩეხეთი ხელწამოსაკრავი გუნდი ჰგონია, არადა, კარგი შემადგენლობა ჰყავს და მეტად სახიფათო მოწინააღმდეგეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული