ნიკოლოზ ცქიტიშვილი: ასეთ სპორტულ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ - პიკზე ვარ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრებმა შინ ორკვირიანი ფიზიკური მომზადების შემდეგ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის საწვრთნელი შეკრების გასავლელად სლოვენიას მიაშურა.

წლევანდელ კონტინენტის პირველობას სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს.

გამგზავრების წინ ეროვნული გუნდის წევრს ნიკოლოზ ცქიტიშვილს ვესაუბრეთ:

- ნიკა, კალათბურთის ქომაგებს ახსოვთ, რომ ნაკრების მწვრთნელებთან პრობლემები გქონდათ. დღეს რა ვითარებაა?
- მიმაჩნია, რომ ყველა მოთამაშე ამბიციური უნდა იყოს, ცხადია, კარგი გაგებით. მე ყოველთვის მქონდა იმის პრეტენზია, რომ მეტი გამეკეთებინა ნაკრებისთვის, ვიდრე ვაკეთებდი. რატომღაც მეგონა, რომ ამის შანსს არ მაძლევდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი
პირადი პრობლემა იყო, თორემ მწვრთნელმა ყოველთვის იცის, ვინ სად და რამდენ ხანს ათამაშოს. თუმცა ამბიციურობისთვისაც ნურავის დავძრახავთ.

დღეს ყველა გაუგებრობა ჩავლილია. მე და ბატონ იგორ კოკოშკოვს როგორც ვარჯიშებზე, ისე მოედანს მიღმა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ახლა, როცა ზაზა ფაჩულიას და, შესაძლოა, თორნიკე შენგელიას ტრავმითაც ნაკრებს პრობლემები შეექმნა, თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ვიქტორმა თქვა, გაორკეცებული ენერგია და მონდომება უნდა გამოიჩინოს.

ვფიქრობ, მწვრთნელები მეტ ნდობას გამომიცხადებენ და ამ ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ.

ლიბანში რაც სეზონი დავამთავრე, ფაქტობრივად, არ დამისვენია, მონდომებით ვემზადები, რომ ნაკრების მესვეურთა ნდობა გავამართლო. ვფიქრობ, კარიერის განმავლობაში ასეთ სპორტულ ფორმაში არასდროს ვყოფილვარ - პიკზე ვარ.

- გამოდის, რომ კარგი სეზონი გქონდა, მაგრამ ლიბანის ეროვნული ჩემპიონატი რომ ვერ ჩაამთავრეთ...
- ცუდია, როცა სპორტში პოლიტიკა ერევა. "ჩემპვილი", სადაც მე ვთამაშობ, ოპოზიციის წარმომადგენელთა გუნდია. ნახევარფინალში ვხვდებოდით კლუბს, რომლის მფლობელიცაა ლიბანის პრეზიდენტი. შეხვედრას ვიგებდით და ფინალში უნდა გავსულიყავით, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე წინასწარ ჩაფიქრებული ჩხუბი ატყდა.

მატჩი და, შესაბამისად, ჩემპიონატიც ჩაიშალა, რის გამოც ფიბამ ამ ქვეყნის ნაკრები ოთხი წლით მოკვეთა.

კიდევ კარგი, რომ დისკვალიფიკაცია საკლუბო ჩემპიონატს არ შეეხო.

- ირანში უკეთ გრძნობდით თავს, თუ ახლა - ლიბანში?
- ბეირუთი ლამაზი ქალაქია, შეიძლება ითქვას - მინი ამერიკა. ქალაქის ცენტრში პრესტიჟული ენაა ფრანგული, მერე - ინგლისური, არაბულს მხოლოდ გარეუბნებში თუ გაიგონებ. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ლიბანელები ირანელებს ვერ შეედრებიან.

განვითარების დონით, თეირანი, მართალია ბეირუთს ჩამორჩება, მაგრამ ირანის დედაქალაქში ხალხია სასწაული - უფრო მეგობრული, ყურადღებიანი, მოსიყვარულე. განსაკუთრებით ფერეიდნელმა ქართველებმა გამაოცეს. თითქმის ყოველდღე მირეკავდნენ, სადღაც მეპატიჟებოდნენ, შინაც არაერთხელ მეწვივნენ, წინაპრების ისტორიებს მიყვებოდნენ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისას ქართული შეძახილებით მამხნევებდნენ. ასე რომ, ჯერჯერობით ირანული კარიერით უფრო კმაყოფილი ვარ.

- ბეირუთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ისევ აპირებ ლიბანში დაბრუნებას?
- როგორც გითხარით, ეროვნულ ლიგას დისკვალიფიკაცია არ ემუქრება, თუმცა ნაკრების საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთა, ლიგას დაასუსტებს.

ლიბანში ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება. მანამდე, ალბათ, ყველაფერი დალაგდება. ჯერჯერობით სხვაგან გადასვლაზე არც მიფიქრია, ახლა მხოლოდ ეროვნული ნაკრებისა და მომავალი ევრობასკეტისკენაა ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ვეცდები ბოლომდე დავიხარჯო, რომ ნაკრებს მაქსიმალურად მოვუტანო სარგებელი.

- ჯგუფური ეტაპის მატჩებზე რას ფიქრობ?
- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან. ჩვენს ჯგუფში ფავორიტია ესპანეთი, იმის მიუხედავად, რომ, როგორც შევიტყვე, გასოლები არ აპირებენ ევრობასკეტზე გამოსვლას. პირენელეებს დიდი რეზევრი ჰყავთ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ნბა-ს ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელი ბენო უდრიჰი და, ასევე, შესანიშნავი კალათბურთელი ერაზმ ლორბეკი მასპინძელთა შემადგენლობაში თამაშზე უარს ამბობენ. მიზეზი უცნობია, თუმცა, მათ გარეშეც სლოვენიელები, როგორც მასპინძლები, ფავორიტთა შორის იქნებიან. ყოველივეს მიუხედავად, მათთან, ისევე როგორც ჩეხებთან და პოლონელებთან, ბრძოლა შეიძლება.

ყველაფერი უნდა გავიღოთ საიმისოდ, რომ მეორე ეტაპზე გავიდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავსტრალიას ცხრა მორაგბე აკლია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზალიან მოხარული ვარ რომ ნიკოლოზი ნაკრებს დაუბრუნდა დარცმუნებული ვარ ნიკოლოზი კიდევ ერხელ მოუტანს ქარტულ ნაკრებს და სრულიატ კველა ქარტველს დიდი სიხარულს. ვარმატებები ნიკო
vaneli01@gmail.com
16:17 28-07-2013
0
მოხარული ვარ ნიკოლოზი რომ ქარტულ ნაკრებს გირსეულად დაუბრუნეს დარცმუნებული ვარ ნიკოლოზი ზალინ დიდი ცარმატებას მოუტანს ეროვნულ ნაკრებს .. ცარმატებებს უსურვებ .......
vaneli
16:24 28-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული