ჩვენ და ევრობასკეტი: თხუთმეტი ოქრო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს დაარსების დღიდან (1994 წლის 20 მარტი) დღემდე 19 წელი გავიდა, გუნდმა 92 მატჩი ჩაატარა და 7 მწვრთნელი გამოიცვალა.

უკვე მეორედ მიემგზავრება ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე. თუმცა ევროპის საკალათბურთო ისტორიის საფუძველშიც არ გამოკლებიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები მთავარ ევროპულ საკალათბურთო ფორუმებს.

არც ოქროს თასის აღმართვა იყო ქართველებისთვის უცხო ხილი. 90-იან წლებში კი CCCP-ის წარწერიანი მაისურა გავიხადეთ და ახალი ფორმა მოვირგეთ - GEORGIA.

ამ თემებზე დღეიდან რუბრიკა "ჩვენ და ევრობასკეტი" მოგითხრობთ.

ქართველთა ევროოდისეა 1947 წელს დაიწყო...

1947, ორი ოქრო
ამ წელს
საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დებიუტანტმა სსრკ-მ ექვსივე მატჩი მოიგო და ოქროს დაეუფლა.

საეჭვოა, ოთარ ქორქიას გარეშე "წითლებს" წარმატებისთვის მიეღწიათ, - განაცხადა მოგვიანებით ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ. ქორქიასთან ერთად საბჭოთა ნაკრებში ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა.

1949, ეგვიპტე
არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპის 1949 წლის ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართა. მას ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

1951, სამი ოქრო
საფრანგეთში ჩატარებულ ევრობასკეტზე სსრკ-ს ოთარ ქორქია გაუძღვა და, ცხადია, ჩემპიონი გახდა. ნოდარ ჯორჯიკია მწვრთნელ სტეპან სპანდარიანს პარიზში არ წაუყვანია.

1953, ოთხი ოქრო
ევროფორუმს მოსკოვმა უმასპინძლა. ოთარ ქორქიას (მეათე ნომერი იყო) გუნდმა ათივე მატჩი მოიგო. ...მეოთხე ქართული ოქრო.

1955, ერთი ბრინჯაო
ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-მ ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან წააგო და ლეგენდარული ოთარ ქორქია ბრინჯაოს დასჯერდა.

1957, ხუთი ოქრო
სამგზის ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და "წითლებს" ბულგარეთის ევრობასკეტზე აღარ გაჰყვა. თუმცა, ამ შეჯიბრებას ჩვენიანის გარეშე არ ჩაუვლია - საერთაშორისო კარიერა ევროპის ჩემპიონობით დაიწყო გურამ მინაშვილმა.

1959, ექვსი ოქრო
სსრკ თურქეთშიც საუკეთესო იყო. მინაშვილმა მეორე ოქრო მოიპოვა.

1961, შვიდი ოქრო
იუგოსლავიის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი ვლადიმერ უგრეხელიძემ შეცვალა. მანაც პირველი ადგილი დაისაკუთრა.

1963, რვა ოქრო
მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ ნაკრებში მინაშვილი დააბრუნა, ხოლო უგრეხელიძისთვის ადგილი ვერ გამონახა. გურამ მინაშვილი ოთარ ქორქიას დაეწია - მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.

1965, ათი ოქრო
საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე მინაშვილი ზურაბ საკანდელიძემ შეცვალა. მასთან ერთად ოქროს მედალი ამირან სხიერელმა მოიპოვა. 1965 წელს ევრობასკეტს საბჭოეთის ორმა ქალაქმა უმასპინძლა - მოსკოვმა და თბილისმა.

1967, თერთმეტი ოქრო
ფინეთში ზურაბ საკანდელიძე მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

1969, თორმეტი ოქრო
საკანდელიძეს ნაკრებში სერგეი კოვალენკო შეუამხანაგდა და სსრკ-მ მეათედ დაამტკიცა რომ ძველ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავდა.

1971, თოთხმეტი ოქრო
გფრ-ში გამართულ ევრობასკეტზე გამოჩნდა მიხეილ ქორქია. ზურაბ საკანდელიძემ კი რეკორდი დაამყარა - ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

1973, სამი ბრინჯაო
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რვაჯერ?! დიახ, ზედიზედ რვაჯერ ევრობასკეტზე სსრკ-მ გაიმარჯვა. თუმცა ცხრამდე ვერ ავიდა - 1973 წელს მე-3 ადგილს დასჯერდა. ვლადიმირ კონდრაშინის გუნდში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და სერგეი კოვალენკო.

1975, ერთი ვერცხლი
მიხეილ ქორქიასთან ერთად საბჭოთა კრებული ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ იუგოსლავიასთან 84:90 დამარცხდა.

1977, ორი ვერცხლი
ბელგიაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც ორი წლის წინათ: სსრკ-მ იუგოსლავიასთან წააგო, მიხეილ ქორქიამ ვერცხლის მედალი მიიღო.

1979, პირველად უქართველებოდ
რვაწლიანი შესვენების მერე ევროპა კვლავ გაწითლდა - საბჭოთა ნაკრებმა მეთორმეტედ მოიგო ევრობასკეტი. სსრკ-მ პირველად ითამაშა ქართველების გარეშე.

1981, თხუთმეტი ოქრო
22 წლის ნიკოლოზ დერიუგინმა ჩჩჩP-ს წარწერიანი მაისურა პირველად ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაიცვა და მეოთხე მატჩში თავიც გამოიჩინა - თურქეთს 25 ქულა ჩაუგდო. დერიუგინის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.

1983, ოთხი ბრინჯაო
სსრკ-ს ნაკრები საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანეთთან 94:95 წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ნიკოლოზ დერიუგინი საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა.

1985, 1987, 1989, 1991, 1993, 1995... ლიტვურ, ბერძნულ ან იუგოსლავიურ გაზეთში რომ ვწერდეთ, ამ წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე სათქმელი გვექნებოდა, მაგრამ ქართველებს არც ერთგან უთამაშიათ.

ეს არც იყო გასაკვირი: საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლად შეუდგა ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას. როგორც გითხარით, გზა ძალიან გაუგრძელდა...

რუბრიკის მომდევნო გამოშვებაში ეროვნული ნაკრების დაარსების დეტალებზე ვილაპარაკებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული