საქართველო-ისრაელი 79:77 - არის პირველი მოგება!

AutoSharing Option
ვიცით, რომ ამხანაგურ მატჩებში მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს; ისიც ვიცით, არაოფიციალურ შეხვედრებში მწვრთნელი ახალწვეულებს სცდის, გუნდის ძირითად ბირთვთან შესათამაშებლად ამზადებს, რასაც შესაძლოა გამარჯვება შეეწიროს; მაგრამ მოგება მაინც სხვანაირად გვიხარია.

აკი თქვა იგორ კოკოშკოვმა: ქართველებს სხვა ხასიათი აქვთ, წაგებას ვერ ეგუებიანო, ჰოდა, თუ მოთამაშე ვერ ეგუება, გულშემატკივარი რატომ შეხვდება მშვიდად?

ეს ყველაფერი გაითვალისწინეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა და იტალიის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო მატჩში ყველა ღონე იხმარეს მოგებისთვის.

ძნელია დაიჯერო, რომ ამ შეხვედრაში კოკოშკოვმა გამარჯვებაზე წინ სხვა რამე დააყენა. შესაძლოა, არც შემცდარა, რადგან
თუნდაც ამხანაგურად ზედიზედ სამი თამაშის წაგება სხვანაირად ჩანს.

ზოგს უჩნდება შეგრძნება, რომ გუნდის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

ადგა ბატონი იგორი და სასტარტო ხუთეული თითქმის შეუცვლელად ათამაშა. გადაჭარბებით არაფერს ვამბობთ, თავად განსაჯეთ: ძირითადის მოთამაშეთაგან მარკოიშვილმა - 36 წუთი დაჰყო მოედანზე, შერმადინმა - 35, ცინცაძემ - 33, სანიკიძემ - 32, ფაცაციამ - 26.

სათადარიგოთა შორის კი ყველაზე მეტი, 14 წუთი სანაძეს ერგო. დანარჩენებს წუთების გრაფაში ერთნიშნა რიცხვი ეწერათ.

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, მწვრთნელმაც იცის, რომ ევრობასკეტზე ყოველ მატჩში მხოლოდ ხუთეულის ნდობით შედეგს ვერ მიაღწევს და იმედი გვაქვს, მომდევნო ამხანაგურებში ახალბედებს სათანადოდ შეათამაშებს.

რაც შეეხება ცქიტიშვილს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მწვრთნელი მას ინახავს. ნიკას შესაძლებლობებს ხომ იგორ კოკოშკოვი კარგად იცნობს და გადამწყვეტ მომენტში...

2009 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ სამქულიანების წვიმა ქართველთა შესრულებით. მაშინ, ბელარუსთან საპლეიოფო შეხვედრაში სტუმრად 12 შორეული ტყორცნა გამოვიყენეთ (ელისმა 5 სამიანი ჩააგდო), 9 აგვისტოს კი ნატურალიზებულის გარეშე ვითამაშეთ და 11 სამიანი ჩავაგდეთ.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდან 8 ტყორცნა ჰქონდა გამოყენებული (13-დან!).

ჰოდა გასაკვირი სულად არ არის NBA-ს წარმომადგენელი კასპით გაძლიერებულ ისრაელს 15 ქულის სხვაობით რომ გაასწრო. თვითმხილველი იტალიელი ჟურნალისტი დავიდ სარდი გაოცებული უყურებდა შეხვედრის დასაწყისს: გუნდებმა ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს და სწრაფ თამაშში ქართველების შეჩერება შეუძლებელი იყოო.

"თუ პერიმეტრიდან მარკოიშვილი, სანიკიძე, ცინცაძე და ფაცაცია ბომბავდნენ მეტოქეს, სამწამიან ზონას შესანიშნავად მოთამაშე გიორგი შერმადინი აკონტროლებდა", - ესეც სადრის ნათქვამია.

ამ მატჩის მიხედვით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფაჩულია ღირსეულმა კაცმა შეცვალა.

შერმადინმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა: 18 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 15 მოხსნა მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტით პირველი იყო - 33.

მან სკეპტიკოსები დაარწმუნა, რომ თუ ნდობას გრძნობს, შეცდომასაც არ უშვებს: 35 წუთში ცენტრს შეცდომების გრაფაში ნულიანი რომ ეწერება, კომპლიმენტი ნამდვილად ეკუთვნის.

მანუჩარ მარკოიშვილს იტალიასა და პოლონეთთან არაერთი ბურთი ჰქონდა აცილებული.

როცა მზადება ახალი დაწყებული გაქვს, ფორმაში არყოფნაც ლოგიკურია, მაგრამ მანუმ კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 20 ქულას 5 პასი მიამატა.

ასევე 20 ქულა (8-დან 4 სამიანი) ჰქონდა ვიქტორ სანიკიძეს, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

იგი ბოლო წუთების გმირად იქცა: საფინალო სირენამდე 59 წამით ადრე ელიაჰუმ ისრაელი (რომელმაც იტალიასთან 64:67 დათმო) 77:72 დააწინაურა.

კალათბურთში ბოლო წუთზე ხუთქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ძალიან რთულ ამოცანად ითვლება, მაგრამ 9 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მოედნის თავაწევით დატოვებას იმსახურებდა...

"მანუმ" სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, ვიქტორმა სირენამდე 27 წამით ადრე სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა (77:77), ხოლო საფინალო სირენასთან ერთად ისევ სანიკიძემ ჩააგდო ორქულიანი და 79:77.

ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი მოგება მიმდინარე სეზონში!

კოტე ტუღუში:
- რიკი ჰიკმანი არც ამჯერად ვათამაშეთ, ის ბოსნიასთან მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

სამწვრთნელო შტაბის სურვილია, ამერიკელი ლეგიონერი ბოლომდე შეერწყას გუნდს, ყველა კომბინაცია კარგად გაითავისოს, მატჩების ყურებით თავისი როლი ზუსტად დაინახოს და შემდეგ გავიდეს მოედანზე.

სლოვენიაში იმ 15 კალათბურთელით მივდივართ, რომლებიც იტალიაში იყვნენ. თბილისში ჩამოსვლამდე შეკრებაზე ამ შემადგენლობით დავრჩებით.

საბოლოო სია კი საფრანგეთის ტურნირის შემდეგ გამოცხადდება".


Sportall.Ge

IV პერიოდი
9:59 მარკოიშვილი (საქ) - 2/1ქ 60:60
09:40 მარკოიშვილი (საქ) - 2ქ 62:60
08:05 კასპი (ისრ) 2+1ქ 62:63
07:02 ოჰაიონი (ისრ) 2ქ 62:65
06:48 შერმადინი (საქ) 2ქ 64:65
05:33 ელიშაი (ისრ) 2ქ 64:67
04:43 მარკოიშვილი (საქ) 3ქ 67:67
04:29 კასპი (ისრ) 2ქ 67:69
03:25 მარკოიშვილი (საქ) 1+1ქ 69:69
02:40 ელიაჰუ (ისრ) 2ქ 69:71
02:29 ჰანოჩი (ისრ) 2ქ 69:73
02:04 ცინცაძე (საქ) 2/1ქ 70:73
01:42 კასპი (ისრ) 2ქ 70:75
01:24 ცინცაძე (საქ) 1+1ქ 72:75
00:59 ელიაჰუ (ისრ) 2ქ 72:77
00:49 მარკოიშვილი (საქ) 2ქ 74:77
00:27 სანიკიძე (საქ) 3ქ 77:77
00:01 სანიკიძე (საქ) 2ქ 79:77

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 75:87 - ჟურნალი არ ვარგა, როგორი იქნება კინო?
იტალია-საქართველო 85:69 - გზის დასაწყისში აღმართია
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედი მოგვეცა ყველას ბრაო
mamuka
22:42 11-08-2013
0

სიახლეები პოპულარული