ბოსნია-საქართველო 78:81 - ბოსნიური დღის ქართული დასასრული

AutoSharing Option
14 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა და 16-წლამდელთა ნაკრებებმა ბოსნიელების წინააღმდეგ ითამაშეს.

იგორ კოკოშკოვს უყვარს გამოთქმა - ამხანაგურ მატჩს ოფიციალურ მოგებაში გავცვლიდიო. ჰოდა, თუ გვაქვს ამის უფლება, ეროვნული ნაკრების მოგებას 16-წლამდელთა გამარჯვებაში გავცვლიდით...

მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს: კადეტთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მასპინძლებთან დათმო და ნახევარფინალისკენ სავალი გზა გაიმრუდა.

ამაზე სხვა სტატიაში წაიკითხავთ (იხილეთ სტატია). რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მან ღირებული რევანში აიღო ბოსნიასთან 13 აგვისტოს წაგების გამო.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა ბოლო
წამებზე 63:68 დათმო, განმეორებითში კი ბალკანელები 81:78 დაამარცხა.

ამ გამარჯვებას ღირებულებას ერთი გარემოება ჰმატებს - წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს სათადარიგოებმა, რომლებსაც წინა მოგებულ მატჩში (ისრაელთან) მთავარი მწვრთნელი თითქმის არ ენდო.

13 აგვისტოს ფეხი იტკინა მანუჩარ მარკოიშვილმა და ექიმების გადაწყვეტილებით, ბოსნიასთან განმეორებით თამაშში მონაწილეობა აღარ მიუღია.

როგორც ამბობენ, ტრავმა სერიოზული არ არის და მანუ მალე დაუბრუნდება მოედანს.

14 აგვისტოს შეხვედრაში დაშავდა რიკი ჰიკმანი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და 13 წუთში 10 ქულის ჩაგდება მოასწრო. რიკის მონაგარი წინა შეხვედრაშიც 10 ქულა იყო.

უკანახაზელი ლიდერების არყოფნაში სნაიპერობა ვიქტორ სანიკიძემ ითავა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა - 19 ქულა, 8 მოხსნა.

აღსანიშნავია ახალგაზრდების, ოთარ ფხაკაძისა და დუდა სანაძის 17 ქულა (ჯამში).

ბესიკ ლეჟავამ 9 ქულას მოუყარა თავი. ეს იყო გუნდის მეორე მოგება მეხუთე ამხანაგურ თამაშში.

რაც შეეხება ბოსნიელებთან დაპირისპირებებს, 14 აგვისტოს შეხვედრამდე 2:3-ს ვაგებდით. იესნიცეში კი ანგარიში გათანაბრდა - 3:3.

როცა ერთი გუნდი 3 ქულის სხვაობით იგებს, ცხადია, ყველაფერი ბოლო წამებზე წყდება. დუდა სანაძემ, რომელმაც მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა, ასეთი კომენტარი გააკეთა:

- მოედანზე 10-12 წუთი გავატარე. სანახაობრივი თამაში გამოვიდა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. გიორგი შერმადინის შეჩერება ბოსნიელებმა ვერ მოახერხეს. ისინი ჩვენს ცენტრს წესების დარღვევით აბრკოლებდნენ...

შერმადინმა განაგრძო:

- საინტერესო თამაში გამოვიდა. გადამწყვეტ მომენტში ჯარიმები ზუსტად ვისროლე. ასევე კარგად სტყორცნა საჯარიმოს ხაზიდან ბესიკ ლეჟავამ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ახლა მეორე მწვრთნელ დავით უსტიაშვილს მოვუსმინოთ, რომლის ინტერვიუც საქართველოს კალათბურთის საიტზე გამოქვეყნდა:

- რამდენად სერიოზულია რიკი ჰიკმანის ტრავმა?
- ჰიკმანს მეორე მეოთხედში ფეხი გადაუბრუნდა. ის სასწრაფოდ შევცვალეთ და საქმეში ექიმები ჩაერთვნენ. წინასწარი დათვალიერებით, სერიოზული ტრავმა არ ჩანს, რეალური სურათი კი ხვალ გამოჩნდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და ჰიკმანი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება.

- რას იტყვით მის და ზოგადად, საქართველოს ნაკრების თამაშზე?
- ჰიკმანმა მცირე დროში 10 ქულა მოაგროვა და ალბათ, გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანდა, ტრავმა რომ არ მიეღო. ის კარგი მოთამაშეა და თუ მწყობრში იქნება, დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, ყველას გარჯით კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების - ოთარ ფხაკაძის, დუდა სანაძის. კარგად ითამაშა ბესიკ ლეჟავამაც. ამ 3 კალათბურთელის ანგარიშზე ჯამში 26 ქულაა.

- მატჩის გადამწყვეტი წუთები როგორ წარიმართა?
- ბოლო წუთზე 1 ქულით ვაგებდით, როცა შეტევა გავაცუდეთ, თუმცა ვიქტორ სანიკიძემ დაამატა და ქულით დაგვაწინაურა. შემდეგ დაცვაში ბურთი ავიღეთ და ბოსნიელები ლეჟავაზე დაჯარიმდნენ, რომელმაც მტკიცე ნებისყოფა გამოავლინა და ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ამის შემდეგ, დარჩენილ წამებში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ 3 ქულით გავიმარჯვეთ.

16 აგვისტოს საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც ორი ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება - სერბეთი და საფრანგეთი.

ამხანაგური მატჩი. იესნიცე, სლოვენია
ბოსნია-საქართველო 78:81
26:18, 15:26, 19:15, 18:22
საქართველო: ცინცაძე (6ქ, 4მ), ჰიკმანი (10ქ), ფაცაცია (2ქ, 5მ), სანიკიძე (19ქ, 8მ), შერმადინი (9ქ, 7მ), ლეჟავა (9ქ), ფხაკაძე (10ქ), სანაძე (7ქ), მეტრეველი (4ქ), ცქიტიშვილი (5ქ), ბოისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბოსნია 63:68 - რიკის ჰიკმანის ორი ათიანი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევრობასკეტის თორმეტეული: ცინცაძე, ჰიკმენი, მარკოიშვილი, სანიკიძე, შერმადინი; სანაძე,ბურჯანაძე,ცქიტიშვილი,ფაცაცია,ფხაკაძე,მეტრეველი,ლეჟავა.
შაკო
11:43 15-08-2013
0
სამწუხაროა რომ პაჩულია და შენგელია არ გვეყოლება მაგრამ შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის ამ სასტავიტაც
beqa
14:40 15-08-2013
0

სიახლეები პოპულარული