მიმოხილვა პოლონეთის ნაკრების თავკაცის, დირკ ბაუერმანის სიტყვებით უნდა დავიწყოთ:
"გასარკვევი გვაქვს, ვინ ვართ, რა გვინდა და რისთვის ჩამოვედით სლოვენიაში. საქართველოსთან მოგება ძალიან გვინდოდა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ ზედმეტად ვნერვიულობდით და არაფერი გამოგვივიდა.
არის მატჩები, როცა შეიძლება შეტევაში ვერ ითამაშო სათანადოდ, ან დაცვა ვერ დააყენო კარგად. საქართველოსთან ვერც შეტევაში ვივარგეთ და ვერც დაცვაში. ასეთი რამ იშვიათად ხდება".
პოლონელთა გერმანელ მწვრთნელს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, რომ მისი გუნდის წაგების მთავარი მიზეზი არა მარცინ გორტატის ცუდი თამაში, არამედ საქართველოს
უცხოელებს ვინ ჩივის, საქართველოშიც ბევრს ეგონა, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში ტურისტის სტატუსით მიემგზავრებოდა, მაგრამ...
"საქართველოს ნაკრების შესაძლებლობების დღემდე ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში პოლონეთთან 17-ქულიანი გამარჯვებით დავამტკიცეთ, რომ ევრობასკეტზე წარმატებით თამაში შეგვიძლია.
ვფიქრობ, თავად მეტოქეც არ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ამიტომაც დამარცხდა დიდი სხვაობით, თორემ პოლონეთი ნამდვილად კარგი გუნდია.
მოსამზადებელი ეტაპი მეტად ნაყოფიერად ჩავატარეთ და ევრობასკეტის გახსნით მატჩში სწორედ ასეთ შედეგს ველოდით", - გიორგი ცინცაძის კომენტარი მატჩის მიმოხილვის შესავლად ნამდვილად გამოდგება.
ემოცია და ფსიქოლოგია
მაინც რა მოხდა ისეთი, რამაც მოედნიდან პოლონელთა "გაქრობა" განაპირობა? ქართველებს არც ჯადოსნური ჯოხი ჰქონიათ და გამარჯვება არც ქუდიდან ამოუყვანიათ კურდღელივით - უბრალოდ, პოლონელებთან შედარებით, მატჩისთვის უკეთ მოემზადნენ.
გულშემატკივართა რაოდენობის მხრივ, პოლონეთსა და საქართველოს შორის თანაბარი ანგარიში იყო, ხმაურში კი ქართველებს ევროპაში ბევრი რომ ვერ სჯობნის, კარგად მოგეხსენებათ.
ქვეყნისა და მეგობრების სახელით საკუთარ თავს ზემოთ ახტომაც ბევრ ევროპელს არ შეუძლია, ქართველებს კი შეუძლიათ!
თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ნაკრებმა, უმთავრესად, სწორედ ემოციისა და ფსიქოლოგიური მომზადების ხარჯზე მოიგო. შეხვედრის დასაწყისში ჩვენებს ნერვიულობა ნამდვილად არ ეტყობოდათ, პირიქით, ქომაგთა ხმაურით გამხნევებულებს თვალებში ცეცხლი ენთოთ. მთავარი იყო, მეტოქეს დასაწყისში თამაში ვერ დაელაგებინა.
ასეც მოხდა - პოლონელთა ორმა ვარსკვლავმა, მარცინ გორტატმა და მაჩეი ლამპემ, ტყორცნა ტყორცნაზე ააცილა და თამამად შეიძლება ითქვას, თამაში პირველივე მეოთხედში წააგეს - ჩვენი გუნდის მხრიდან ისეთ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ნებისმიერი კალათბურთელი თავიდანვე მიხვდებოდა, ქართულ ბარიერს რომ ვერ დაძლევდა...
გამართული დაცვა
როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, თამაშის მოგების საწინდარი გორტატი-ლამპეს დუეტის შეჩერება გახდა. და ვინ გააკეთა ეს?
გორტატს გიორგი შერმადინი (13 ქულა, 9 მოხსნა, 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო) მეურვეობდა და მატჩის შემდეგ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს (ესპანურ არხზე მუშაობს) ათქმევინა კიდეც - არ გამიკვირდება, "ფინიქს სანსმა" გორტატის ნაცვლად შერმადინი რომ აიყვანოსო.
ამით ყველაფერი ნათქვამია...
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წლების განმავლობაში "ფინიქსში" სწორედ გორტატის მწვრთნელი იყო. ჰოდა, გამოჩნდა, რომ "ხეზე ასვლა" არ უსწავლებია - ქართველთა მწვრთნელს, ალბათ, კარგად მოეხსენებოდა, რომ ბურთის მიღების შემთხვევაში მარცინი, პირველ რიგში, ტყორცნაზე ფიქრობს და თუ არ გამოუვიდა, მერე იძლევა პასს.
შერმადინი გორტატს ქართულ ციხესიმაგრესავით მტკიცედ აღმართული ელოდა, ხოლო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე პოლონელ ცენტრს სახის მხრიდან ეთამაშებოდა. ორმაგ წნეხში "ჰოთ დოგივით" მოქცეულ მარცინის, ვიდრე თავისუფალ პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი გამთამაშებლისკენ შეტრიალდებოდა, ცინცაძე პერიმეტრზე ასვლას ასწრებდა.
მოკლედ, დაცვაში საქართველოს ნაკრები იმდენად გამართულად მუშაობდა, შვეიცარიულ საათს შეშურდებოდა. ჩვენს დაცვით მექანიზმში არც ერთი კალათბურთელი არ აგვიანებდა თანაგუნდელის დაზღვევას, თავისუფალ სივრცეებს არავის უტოვებდა და სწორედ ამის შედეგი იყო, პოლონეთმა პირველი სამი პერიოდის განმავლობაში ერთი სამქულიანიც რომ ვერ ჩააგდო.
ფარქვეშ რა სიტუაციაც იყო, უკვე გითხარით. ცინცაძე (11 ქულა, 7 პასი) მწვრთნელმა მესამე პერიოდამდე არ შეცვალა. ვინც თამაში იხილა, კითხვა - "რატომ" არ დაებადებოდა: "ბუ" ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ევროლიგის დონის გამთამაშებელს შეშვენის - ტემპის კონტროლიდან დაწყებული, თამაშის გაშლით დამთავრებული.
აღარც კელატი, აღარც ლამპე და აღარც გორტატი...
პოლონელებს ჰყავთ ნატურალიზებული თომას კელატი. უფრო სწორად, ჰყავდათ - 4 სექტემბერს ის მოედანზე თითქმის არ ჩანდა (2 ქულა). ამის მიზეზი მისი მეურვე მანუჩარ მარკოიშვილია - მატჩის დასაწყისში ექსტრა-კლასის კალათბურთელებს რომ შეშვენით, ისე დაიძრა იქით, საიდანაც კელატი იჭერდა და ამერიკელს ბავშვური ჯარიმა მიაღებინა.
"მანუმ" ის ისე დატვირთა "ფოლებით", ბაუერმანი იძულებული გახდა, ბოლო პერიოდისთვის შემოენახა...
...და რას იფიქრებდა პოლონელთა მწვრთნელი, რომ ბოლოს აღარც კელატი დასჭირდებოდა, აღარც ლამპე და აღარც გორტატი. მეოთხე პერიოდის დასაწყისში სხვაობა 20 ქულამდე რომ ავიდა, ბაუერმანმა სამივე ლიდერი სკამზე დასვა და მომდევნო მატჩისთვის დაასვენა.
მარკოიშვილის შეტევით მონაგარზე არაფერი გვითქვამს. მის ანგარიშზე 18 ქულაა. ასეთ სტატისტიკას მისგან ნაჩვევები ვართ.
ვიქტორის ვიქტორია და ზედაც რევანში
...და ვინ გახდა მატჩის ბომბარდირი? რა თქმა უნდა, ვიქტორ სანიკიძე - 23 ქულა. ევროლიგის განვლილ გათამაშებაში მისი "მონტეპასკი" გადამწყვეტ მატჩში ესპანურ "კახა ლაბორალთან" დამარცხდა. ის შეხვედრა, როგორც იტყვიან, ლამპემ მოიგო.
სანიკიძემ ამჯერად ღირსეული რევანში აიღო. ლამპესგან განსხვავებით, მას მსროლელად თამაშიც შეუძლია და პოლონელ მეურვეებს აშკარად გაუჭირდათ დანახვა, თუ სად ჩაყვინთავდა ვიქტორი და სად ამოყვინთავდა.
მან 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა.
რატომ ვაკრიტიკებდით კოკოშკოვს...
იგორ კოკოშკოვს გასულ წელს უმთავრესად იმიტომ ვაკრიტიკებდით, რომ სათადარიგოებს სათამაშო დროს ნაკლებად აძლევდა.
ამ აგვისტოს მწვრთნელმა ყველა მათგანს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მათ ნდობაც იგრძნეს და პოლონეთთან თამაშში ისე ჩაერთნენ, თითქოს წლების განმავლობაში სასტარტოები ყოფილიყვნენ.
აღნიშვნის ღირსია ბესიკ ლეჟავას სამქულიანი, რომლის შემდეგაც ტაბლოზე 38:22 დაფიქსირდა. ხოლო ბექა ბურჯანაძემ, პირველი მეოთხედის დასრულების მომასწავებელ სირენასთან ერთად, თამამად ჩააგდო ორქულიანი.
რაც შეეხებათ რიკი ჰიკმანსა და ნიკა ცქიტიშვილს, ისინი გუნდს ნამდვილად დაეხმარნენ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ლიდერობაც შეუძლიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი: გიორგი შერმადინმა აჩვენა, რომ ევროპის ტოპ-ცენტრია!
ევრობასკეტი 2013: I ტური სენსაციებით დაიწყო