ცხადია, ნაკრებს ბოლო ათწლეულში მთავრობაც ხელს უწყობდა და კალათბურთის ფედერაციაც, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ეროვნული გუნდი ევროპის საუკეთესო ნაკრებებამდე ასწიეს ფაჩულიამ, მარკოიშვილმა, სანიკიძემ, ცინცაძემ, ცქიტიშვილმა, შერმადინმა და შენგელიამ.
მათ ყველაფერი გვერდზე გადადეს, მიზნად დიდი კალათბურთის თამაში დაისახეს, რაც უცხოურმა კლუბებმაც შეამჩნიეს და დიდი კალათბურთისკენ გზა გაუხსნეს.
საერთაშორისო არენაზე მიღებულ გამოცდილებას
ყურადღება!
სწორედ ხუთ-ექვს კალათბურთელზე რომ ვიყავით დამოკიდებულნი, ამიტომაც აღარ შეგვრჩა ენერგია ჯგუფიდან გასასვლელად.
სამაგიეროდ, სლოვენიელებთან და ესპანელებთან ერთად მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ ხორვატები, რომლებსაც ორი ერთმანეთზე უკეთესი ხუთეული ჰყავთ. ისინი შეჯიბრების გახურებასთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებენ. საქართველოს ნაკრებს კი საამისო რესურსი არ ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც ინება ფორტუნამ ჩვენი ჯგუფში ჩატოვება.
სწორედ ესპანეთთან თამაშის მიმოხილვაში მინდა დავწერო მთავარი გულისტკივილი: მარკოიშვილმა და მისმა მეგობრებმა (ექვსმა კალათბურთელმა) შეიძლება გულიანი, ქართული თამაშით დაამარცხონ ესპანეთის მძლეველი სლოვენია, მაგრამ პროცესის მოსაგებად მათ დახმარება სჭირდებათ.
სათადარიგოთა სკამზე ევროპის მაღალ დონეზე გამოუცდელი კალათბურთელები ისხდნენ. სწორედ მათი კვალიფიკაციის ამაღლება იქნება ვარსკვლავური ხუთეულის დახმარება - ევროტურნირებზე ქართული გუნდები ყოველწლიურად უნდა გამოდიოდნენ, ქართული კალათბურთის განვითარების პროგრამაში მთავარ პუნქტად სწორედ ეს უნდა ჩაიდოს!
რა თქმა უნდა, ქვაკუთხედი ბავშვთა კალათბურთი უნდა იყოს.
მერწმუნეთ, საქართველოში სანიკიძე-მარკოიშვილი-ცინცაძის თაობაში იმდენი ტალანტია დაკარგული, ისეთი გუნდი შეიკვრებოდა, წლევანდელ ევრობასკეტზე მომდევნო ეტაპის საგზურს ჩეხეთთან თამაშამდე გაინაღდებდა.
ღირსეულად
სლოვენიელმა ჟურნალისტმა მითხრა: ესპანეთთან თამაშამდე ვითვლიდით, 20 ქულის სხვაობით წავაგებდით თუ მეტითო.
თამაშმა სხვა სურათი დახატა, სლოვენიელებმა პირენეელებს კბილებით გამოგლიჯეს გამარჯვება. მას მერე ესპანელები იმდენად გამწარდნენ, პოლონეთსა და ჩეხეთს პირველივე მეოთხედში მოუღეს ბოლო. საქართველოს ნაკრებთან კი...
"ჩემს გუნდს თავიდან ძალიან გაუჭირდა. ქართველები ზონაში კარგად იდგნენ და რთული იყო მათი კალათისთვის გასაღების მორგება", - თქვა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ.
პირველი პერიოდი 17:17 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მეორე მეოთხედის დასაწყისშიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მე-16 წუთზე ესპანელებმა ზედიზედ ჩააგდეს ორი სამქულიანი, თამაშის ტემპი გააორმაგეს და პირველი ტაიმი 41:29 მოიგეს.
ქართველებს წლეულს ამაზე დიდი სხვაობაც აღმოუფხვრიათ, მაგრამ ამჯერად სხვა სიტუაცია იყო: მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ესპანეთი გვყავდა, ხოლო ჩვენს გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი აკლდა.
"მანუ მებრძოლია, თავს არ დაზოგავს. თუ ქვეყანას სჭირდება, ტრავმიანიც თამაშობს, მაგრამ რადგან ესპანეთთან მატჩს მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხში მნიშვნელობა არ ჰქონდა, მანუჩარი დავასვენე.
სამაგიეროდ, თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების საშუალება მივეცი ახალგაზრდებს, რომლებმაც ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს", - განაცხადა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა.
მეორე ტაიმში სათადარიგოებმა მართლაც დიდი გამოცდილება მიიღეს. აი, რა თქვა ნამატჩევს დუდა სანაძემ:
"მოუთმენლად ველოდი ესპანეთთან თამაშს, ამ გუნდში ხომ ევროპის საუკეთესო კალათბურთელები არიან შეკრებილნი. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, ვიბრძოლეთ ბოლომდე და ღირსეულად დავმარცხდით".
ბექა ბურჯანაძემ დასძინა:
"რთული თამაში იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე მეოთხედის ბოლოს ესპანეთმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ეს შედეგზეც აისახა.
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ორი წამყვანი კალათბურთელი ვერ ეხმარებოდა (ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია), რაც ჩვენი დარი გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.
დიდი გამოცდილება მივიღეთ და იმედი მაქვს, სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება".
დავძენთ, რომ სლოვენიელების შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ესპანელებს ქართველებმა ჩაუგდეს - 59.
როგორ დავემშვიდობოთ?
ევრობასკეტის თითქმის ყველა თამაშისას გვერდით ესპანელი ჟურნალისტი ხავიერ გონსალო მიკო მეჯდა. ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ ვთხოვე ეკარნახა, როგორ დამეწერა: "მშვიდობით, ევროპის ჩემპიონატო".
მითხრა - თუ დროებით ემშვიდობები და მალე აპირებ ვინმეს ნახვას, HASTA LUEGO უნდა უთხრა; თუ დიდი ხნით ემშვიდობები - ADIOS.
"ადიოს" ცუდად ჟღერს, HASTA LUEGO სჯობს - 2015 წელს ევროპის ჩემპიონატით უკრაინა გველის.
C ჯგუფი. V ტური
ხორვატია-ჩეხეთი 70:53
16:17, 16:16, 15:9, 23:11
ხ: ტომიჩი (12+9 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11), შარიჩი (11+5 მოხსნა), სიმონი (10), ზორიჩი (10+6 მოხსნა).
ჩ: პუმპრლა (19), ვესელი (11+11 მოხსნა), სატორანსკი (9+8 პასი).
ორქულიანები: 19/37 (52,8%) - 15/42 (35,7%)
სამქულიანები: 8/20 (40%) - 6/15 (40%)
საჯარიმოები: 8/14 (57,1%) - 5/21 (23,8%)
მოხსნები: 47-27. პასები: 12-13. შეცდომები: 18-9.
გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 23 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 40:40, მაგრამ მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში ჩეხეთმა მხოლოდ ოთხი ქულა ჩააგდო და მეტოქეს ათი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა - 54:44.
მატჩის გმირი: მესამე მეოთხედში დაცვაში სოლიდური თამაშის შემდეგ ხორვატიას ბოლო მეოთხედში კარგი შეტევაც სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს სცენაზე გამოვიდა დარიო შარიჩი, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და თავისი 11 ქულიდან რვა ბოლო წუთებში მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ორივე გუნდმა პირველ ტაიმში 42 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მაგრამ მატჩის ბოლოსთვის ხორვატიამ ეს მაჩვენებელი 48 პროცენტამდე აიყვანა, ჩეხეთმა კი პირიქით, 37 პროცენტამდე დააქვეითა. გარდა ამისა, მოგებული გუნდი დომინირებდა ფარქვეშ ბრძოლაში - 47:27 მოხსნებში.
სლოვენია-პოლონეთი 61:71
17:19, 11:17, 14:17, 19:18
ს: ლორბეკი (13)
პ: კელატი (21+4 პასი), გორტატი (19+12 მოხსნა).
ორქულიანები: 19/38 (50%) - 14/30 (46,7%)
სამქულიანები: 6/22 (27,3%) - 11/25 (44,0%)
საჯარიმოები: 5/10 (50%) - 10/12 (83,3%)
მოხსნები: 34-33. პასები: 8-17. შეცდომები: 15-13.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 369-269 9
2. ხორვატია 5 4 1 337-341 9
3. სლოვენია 5 3 2 347-344 8
4. ჩეხეთი 5 2 3 316-339 7
5. საქართველო 5 1 4 0 6
6. პოლონეთი 5 1 4 329-377 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]