იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა პირველ ეტაპზე დაასრულა.

ჩვენმა გუნდმა ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ერთი შეხედვით არცთუ სახარბიელო შედეგია, მაგრამ ვინც თამაშები იხილა, დაგვეთანხმება, რომ ქართველები ჯგუფიდან გასვლასთან ძალიან ახლოს იყვნენ, ნაკრები ორადორმა ტყორცნამ დატოვა მეორე ეტაპს მიღმა.

რომელ სროლებზეა ლაპარაკი? ამას გუნდის მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც 10 სექტემბერს ქართველებს დაემშვიდობა და მშობლიურ სერბეთში გაემგზავრა, საიდანაც ამერიკას მიაშურებს.

სიტყვა "დამშვიდობების" ხსენებაზე ლოგიკურად გაგიჩნდებოდათ შეკითხვა - დროებით თუ სამუდამოდ? ამ კითხვაზე პასუხს მწვრთნელის ინტერვიუდან მიიღებთ:

-
საუბარი შეჯიბრების დასკვნითი მატჩით დავიწყო
თ...
- შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთი მსოფლიოს მეორე გუნდია აშშ-ის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე გასართობად არ ჩამოსულა, მაღალ მიზნებს ისახავს და მიმაჩნია, რომ შეჯიბრების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

ესპანეთთან მატჩის შედეგს სატურნირო ცხრილზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო და ამიტომაც ვითამაშეთ თავისუფლად, ხალისიანად. თუმცა ამ შეხვედრისთვისაც ისევე მოვემზადეთ, როგორც სხვა თამაშებისთვის.

ვეცადეთ, მოგვეგო ყოველი მეოთხედი, მაგრამ ესპანეთის ძლევა იოლი ნამდვილად არ არის. ძალების მოსინჯვის საშუალება მივეცით ახალგაზრდებს: სანაძეს, ბურჯანაძეს, მეტრეველს, ფხაკაძეს, რომლებმაც მომავალში უნდა მოუმატონ და ნაკრების ლიდერებად იქცნენ.

მათ სწორედ ესპანელებთან თამაშში უნდა დაენახათ, რა გზა აქვთ გასავლელი უმაღლესი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბებამდე. დღეს კი ისინი ახალგაზრდები არიან და გუნდის ლიდერებს ეხმარებიან.

- სლოვენიაში საქართველოს ნაკრების განვლილ გზაზე რისი თქმა შეიძლება?
- ბიჭებმა მთელი შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარეს, კარგადაც იყვნენ მომზადებულნი და შეხვედრებს მაქსიმალურად მობილიზებულები შეხვდნენ. მეამაყება, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნიდი ევროპის ჩემპიონატზე.

- პოლონეთს სადებიუტო მატჩში შანსი არ დაუტოვეთ...
- ამ გუნდთან სათამაშოდ სათანადოდ ვიყავით მომზადებულნი. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კალათბურთელები მობილიზებულები შეხვდნენ მატჩს და ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს.

თავადაც დაინახეთ, რომ პოლონეთი სუსტი გუნდი არ იყო, ესპანეთსა და ჩვენთან თამაშებს თუ არ ჩავთვლით, ყველასთან ჰქონდა გამარჯვების კარგი შანსი. სლოვენიასთან გამოიყენა კიდეც.

- შემდეგ იყო ხორვატიასთან თამაში, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა...
- ხორვატებთან და სლოვენიელებთან შეხვედრებზე ერთად ვიტყვი, რადგან ერთნაირი თამაშები იყო და სამწუხაროდ, ჩვენთვის ორივე არასასურველი ანგარიშით დასრულდა. ეს ის შემთხვევები იყო, როცა საკალათბურთო იღბალი ბევრს წყვეტს.

არ გაგვიმართლა არც სლოვენიასთან, არც ხორვატიასთან.

დღევანდელი გადასახედიდან იოლია თქმა - ანტე ტომიჩს (ხორვატია) და ზორან დრაგიჩს (სლოვენია) ბოლო ტყორცნები რომ აეცილებინათ, სხვა განწყობაზე ვიქნებოდით, სხვანაირადაც ვისაუბრებდით, მაგრამ ასე არ მოხდა და სლოვენიასთან დამშვიდობება გვიწევს.

ქართველ კალათბურთელებს მხოლოდ კომპლიმენტი ეკუთვნით. ისინი იბრძოდნენ, ენერგიას არ ზოგავდნენ და გულით თამაშობდნენ, რომ ღირსეულად წარმოეჩინათ ის დროშა, რომელიც მაისურზე ეხატათ. მათ საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთეს.

- ვიცით, მსაჯებზე ლაპარაკი არ გიყვართ, მაგრამ სლოვენიასთან შეხვედრაში არბიტრების მოქმედებაზე მაინც გკითხავთ...
- მსაჯების გადაწყვეტილებებს საკუთარი რეაქციით პასუხს თამაშისას ვცემდი. ახლა მათზე არაფერს ვიტყვი. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ შორის სავსე ტრიბუნებისა, საქართველო გამარჯვებასთან მაინც ძალიან ახლოს იყო.

- ჩეხებთან, ბევრისთვის მოულოდნელად, პირველივე ტაიმში ჩამოვრჩით და საბოლოოდ დავმარცხდით კიდეც. რა იყო ჩავარდნის მიზეზი?
- მატჩის შემდეგაც ვთქვი, წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ-მეთქი. ძალიან ძნელი აღმოჩნდა გუნდის სათანადოდ მომზადება სლოვენიელებთან თამაშის შემდეგ. მასპინძლებთან მატჩი დაახლოებით ღამის 11 საათზე დასრულდა, სასტუმროში დაბრუნებამ და დაბინავებამ დრო წაიღო. ამიტომ ზოგმა კალათბურთელმა შესაძლოა, ღამის 2 საათზეც დაიძინა.

ენერგიის აღსადგენად საუკეთესო საშუალება სწორედ გამოძინებაა. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სლოვენიასთან ემოციურადაც მეტად დაძაბული თამაში იყო და ყოველივე ზემოთქმულმა განაპირობა ჩეხეთთან მარცხი.

ჩვენი ნაკრების კალათბურთელები გულით თამაშობდნენ, "ფეხებით ვერა". ჩეხეთი წინა დღისით ესპანეთს დაუპირისპირდა, იცოდა, რომ წააგებდა და ძალა საქართველოს ნაკრებისთვის შემოინახა. ეს თამაშისასაც გამოჩნდა - ფარქვეშიდან 60 ქულა ჩააგდეს, ხოლო 31-იდან 22 საჯარიმო გამოიყენეს, რაც ჯამში 82 ქულაა.

- ესპანეთთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მანუჩარ მარკოიშვილს...
- მანუს ფეხი აწუხებდა და გადავწყვიტე, დამესვენებინა, რადგან ესპანეთთან შეხვედრა ჯგუფიდან გასვლის საკითხს ვერ წყვეტდა. მანუ მეომარია, როცა საქმე მის ქვეყანას ეხება, თავს არ ზოგავს, ტრავმითაც თამაშობს და ტკივილსაც სძლევს.

იმედი მაქვს, რომ იგი მალე მოირჩენს ფეხს და შეუერთდება თურქულ "გალათასარაის", რომელთანაც შედეგიანი და ეფექტური სეზონი ექნება.

- 2011 წელს ევრობასკეტის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები დღევანდელს რომ შევადაროთ, რა სხვაობას დავინახავთ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ 2011-ში საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იყო, არავინ გვაკლდა. თამაშობდნენ ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისაც. წლეულს შედარებით ხელმოკლენი ვიყავით და ვეცადეთ, ჩვენი მინუსი პლუსად გვექცია.

როგორც აღვნიშნე, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ევროპას დაანახვეს, რომ NBA-ს ორი კალათბურთელის გარეშეც შეუძლიათ ძლიერ მეტოქეებთან გამკლავება.

რაც შეეხება შედეგების შედარებას, ეს გაცილებით იოლია: 2011 წელს ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ვითამაშეთ, ამჯერად ჯგუფიდან ვერ გავედით.

- განსხვავებული იყო დაცვაც. საქართველოს ნაკრებმა თითქმის მთელი ჩემპიონატი ზონური დაცვით ჩაატარა...
- ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: კალათბურთელებს კარგად გამოსდიოდათ ზონაში თამაში და ჩვენი დაცვის გადალახვა ბევრს გაუჭირდა. თუმცა იყო მომენტები, როცა მეტოქემ გამოძებნა გზა ჩვენი დაცვის წინააღმდეგ. ეს, პირველ რიგში, სლოვენიასთან თამაშის მეორე პერიოდზე ითქმის, როცა მოწინააღმდეგემ 6 სამქულიანი ჩააგდო. მეორე ტაიმში მოთამაშეებმა მობილიზება მოახერხეს და სლოვენიას კვლავ გაუჭირდა ჩვენს წინააღმდეგ.

ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ზონური დაცვის გამოყენებისა წამყვანი მოთამაშეების არყოფნა იყო. ძირითადი დატვირთვა 5-6 კალათბურთელზე მოდიოდა და მთელი თამაში პრესინგის შემთხვევაში ბოლომდე ენერგიის შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნებოდა.

- რიკი ჰიკმანმა დაგვანახვა, რომ მაღალი დონის კალათბურთელია, თუმცა ევრობასკეტზე მისგან მაინც მეტს ველოდით.
- რიკი გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა, ვათამაშებდით როგორც მსროლელად, ასევე გამთამაშებლად. დაგეთანხმებით, რიკის გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე უჩვენა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ გვიან შემოგვიერთდა. ჰიკმანმა შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების საწყისი მატჩები გამოტოვა... მან სწორედ ამ ზაფხულს მოიყვანა ცოლი და საწვრთნელ პროცესში ოდნავ მოგვიანებით ჩართვის ნებართვა გვთხოვა.

- ევრობასკეტი ახალი დასრულებულია და შეიძლება კითხვა უადგილოდ ჩანდეს, მაგრამ გულშემატკივარსაც აინტერესებს და მედიასაც, რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე?
- სიმართლეს გეტყვით, ამ საკითხზე ჯერ არ მიფიქრია, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის მომზადებაზე ვიყავი კონცენტრირებული.

საქართველოს ნაკრების გაძღოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის საამაყო და საინტერესოა, თუმცა საკუთარი მომავალი ჯერ არ გამირკვევია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაწვრთნის ქართველთა ეროვნულ გუნდს, კალათბურთელები თავიანთ საქმეს ყოველთვის მონდომებით აკეთებენ.

მეტსაც გეტყვით, საქართველო ის გუნდია, რომელშიც მწვრთნელი უნდა მიჰყვეს მოთამაშეებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ზე

საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
კოკოშკოვის დონის მწრვთნელი საქართველოს ნაკრებს არ ყოლია. მან შექმნა გუნდი, რომელიც ევროპულ გრანდებს თითქმის თანაბარ დონეზე ეთამაშება. კალათბურთელებს და გულშემატკივრებს იმის იმედი გაუჩინა, ჯგუფიდან გასულიყვნენ. გაიხსენეთ ნაკრები კოკოშკოვის მოსვლამდე და ამ ნაკრებს რა მიზანს უსახავდნენ. შედეგებიც და მოთხოვნაც ბევრად გაიზარდა. თუ შეცვლიან, მხოლოდ უკეთესი უნდა მონახონ.
mate
17:04 17-09-2013
0
აბა წინ გმირებო,მე 5 ადგილი კარგია,მომდევნოზე მე 4 ადგილი გარანტირებული გვაქ,,რა კარგი ტაობაა
reso
15:55 17-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული