ზაზა ფაჩულია: მეამაყება, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია სამი დღით თბილისში იმყოფებოდა. იგი ამერიკიდან მეგობრის, თორნიკე შენგელიას ქორწილისთვის ჩამოვიდა.

ზაზასთან ინტერვიუ მის ამერიკაში გამგზავრებამდე ჩავწერეთ. საუბარი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან ევროპა საათობრივი სარტყელით ძალიან განსხვავდება, ყველა თამაშს ვუყურე და მეამაყება, რომ ასეთი გუნდის ნაწილი ვარ. ბიჭებმა ნამდვილი ქართული ხასიათი გამოავლინეს, მაქსიმუმი გაიღეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს და დიდი შანსი იყო, პირველ ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. მეორე ეტაპთან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა დაგვაკლდა.

ახლა
მთავარია, ეს ხასიათი შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, ევრობასკეტის შესარჩევზე სწორედ ასე მოხდება.

- შეიძლებოდა, სხვა შედეგი მიგვეღო, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ჯანმრთელები რომ ყოფილიყვნენ?
- სხვათა შორის, ამერიკაში აგვისტოში ჟურნალისტებს შევხვდი და გაუკვირდათ - არ გვეგონა, აქ თუ იქნებოდიო. ყველამ იცის, რომ ზაფხულობით საქართველოში ვარ და ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ.

რაც შეეხება ჩემი და თორნიკე შენგელიას არყოფნას, გადავხედოთ ევროპის ჩემპიონატს: ბევრ გუნდში როდია NBA-ელი კალათბურთელი. საქართველოს კი ორი ჰყავს და სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი ვერ დავეხმარეთ. ჩვენ რომ გვეთამაშა, ჯგუფში ერთის ნაცვლად ორ ან სამ მატჩს მოვიგებდით, ან მომდევნო ეტაპზე გავიდოდით-მეთქი, არ ვიტყვი.

შედეგს თავი დავანებოთ, მე ცენტრი ვარ, თორნიკე შენგელია ფორვარდი. ევროპაში, ვისაც ძლიერი წინახაზელები ჰყავს, სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობაც აქვს. კალათბურთში ბევრს წყვეტს კარგი გამთამაშებელი და მეფარე. ჩვენ რომ გვეთამაშა, მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს მეტი ვარირების საშუალება მიეცემოდა და კიდევ უფრო საინტერესო გუნდი გვეყოლებოდა.

- რა სხვაობა შენიშნე გუნდის თამაშში ორი წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ?
- 2011-ის მერე კალათბურთელებმა კლუბებშიც სერიოზული გამოცდილება მიიღეს, სლოვენიაში დებიუტანტის სტატუსით არ ჩასულან, კარგად იცოდნენ საკუთარი შესაძლებლობები და ისიც, რომ საქართველო არა მეორე დივიზიონის, არამედ ელიტის ნაწილია.

წლევანდელ ევრობასკეტზე გამოჩნდა ადგილი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვისაც, რომლებმაც მომავალში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავონ ეროვნულ ნაკრებში. ასევე, გამოჩნდა რამდენიმე ლიდერი, მაგალითად, გიორგი ცინცაძე, რომელმაც შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა. ევრო-2013-მა იმედი გამიღვივა, რომ 2015 წელს უკრაინაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ, სათანადოდ მოვემზადოთ და ჩვენი გამოცდილება მოედანზე გადავიტანოთ.

- ცნობილია, რომ სლოვენიაში გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთი აღებული გქონდა, საქართველოს ნაკრების საქომაგოდ აპირებდი ევრობასკეტზე გამგზავრებას, მაგრამ...
- ბილეთიც აღებული მქონდა, სლოვენიაში ჩასვლით რეაბილიტაციის პროცესი წამითაც არ შეფერხდებოდა, რადგან ვლადიმერ ბოისა მეხმარებოდა დარბაზის თუ მწვრთნელების მოძიებაში. თუმცა სწორედ აგვისტოს ბოლოს საქმე გართულდა - რეაბილიტაციის პროცესი შეფერხდა და "მილუოკის" ხელმძღვანელობამ მითხრა, ამერიკაში უნდა დარჩე, რათა ზედმეტი გართულებები თავიდან ავიცილოთო.

სხვა გზა არ იყო, ასე მოვიქეცი.

- ამჟამად თავს როგორ გრძნობ?
- ბოლო ათი დღეა, ვარჯიშს სერიოზულად შევუდექი. დაახლოებით 80 პროცენტით ვარ მზად. მოედნის ერთ ნახევარზე ყველაფერს ვაკეთებ, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი ოქტომბრიდან დავიწყებ. ხოლო მომავალი თვის ბოლოს, თუ რეაბილიტაცია არ შეფერხდა, სათანადო კონდიციებს უნდა მივაღწიო.

- "მილუოკი" წვრთნას როდის შეუდგება?
- შეკრების დღე 30 სექტემბერსაა დანიშნული. ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ბევრს მხოლოდ, როგორც მოწინააღმდეგეს, ისე შევხვედრივარ. პირველი დღე, სავარაუდოდ, ვახშმით დასრულდება. ამას მოჰყვება მედიადღე და გუნდი ოქტომბრის დასაწყისიდან ახალი სეზონისთვის ვარჯიშს დაიწყებს.

- საწყის საგამოფენო მატჩებში "მილუოკის" ვერ დაეხმარები?
- თავიდან ვერ ვითამაშებ, ოქტომბრის ბოლოსთვის კი მოედანზე გასვლის იმედი მაქვს. თავიდანვე მაქსიმალურად არ დავიტვირთები, ჯერ ცოტას ვითამაშებ და ნელ-ნელა შევალ სათამაშო ფორმაში. გუნდთან შეწყობაზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, რადგან დიდი ხანია, ლარი დრიუს ხელმძღვანელობით ვთამაშობ და კომბინაციების ახლიდან სწავლა არ დამჭირდება. მის ტაქტიკა-სტრატეგიას ზედმიწევნით ვიცნობ.

- "მილუოკი ბაქსის" საპლეიოფო შანსები როგორ შეიძლება შეფასდეს?
- ამერიკაში არაერთი სეზონი გამიტარებია და მაქვს საიმისო გამოცდილება, წინასწარ შევაფასო ამა თუ იმ გუნდის პოტენციალი. "მილუოკიში" მართლაც კარგი შემადგენლობაა შეკრებილი, რომელსაც პლეი ოფში თამაში რეალურად შეუძლია. ასევე, გვყავს ძლიერი მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ, რომელთანაც "ატლანტაში" ვმუშაობდი. იგი გუნდში ახალ სისტემას მოიტანს, რასაც, როგორც აღვნიშნე, შესანიშნავად ვიცნობ.

პლეი ოფში მოხვედრისთვის კი აუცილებელია, კალათბურთელები სათანადოდ შეერწყნენ ერთმანეთს, გაუგონ მწვრთნელს და აითვისონ ახალი ტაქტიკა. საამისოდ დრო საკმარისად გვექნება.

- ცენტრის პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე რას იტყვი?
- კონკურენცია აუცილებელია, ყველგან უნდა იყოს, როგორც სპორტში, ასევე ცხოვრების ყველა სხვა სფეროში. სწორედ ეს განაპირობებს ხარისხს. "მილუოკიშიც" საკმარისად არიან მაღალი დონის კალათბურთელები ყველა პოზიციაზე. ასე რომ, სერიოზული მუშაობაა საჭირო კონკურენციის დასაძლევად.

- გუნდის კონტურები თუ გამოიკვეთა, ვინ უნდა იყოს სასტარტო ცენტრი და ვინ - შემცვლელი?
- ჩემთვისაც აქტუალური და საინტერესო შეკითხვაა, რომელიც მწვრთნელსაც დავუსვი. კონკრეტული პასუხი არც მიმიღია და არც ველოდი, რადგან ლარი დრიუს ზოგი სპეციალისტისგან განსხვავებული შეხედულება აქვს. იგი შარშანაც სიტუაციისდა მიხედვით ალაგებდა ხუთეულს. მაგალითად, "ინდიანას" და "ლეიკერსის" წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში მე მათამაშებდა, რადგან ამ გუნდებს ძლიერი ნომინალური ცენტრები ჰყავდათ. ელ ჰორფორდი დუაით ჰოვარდთან შედარებით მსუბუქია და დაცვაში მძიმე ცენტრი იყო საჭირო. "მილუოკის" მეფარე ლარი სენდერსიც დაახლოებით ჰორფორდის ტიპის კალათბურთელია და იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც გამოკვეთილი მეფარით თამაშობენ, სავარაუდოდ, სასტარტო ხუთეულში მომიწევს გამოსვლა. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრები გვიჩვენებს.

- NBA-ელი ესპანელი მარკ გასოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს. ეთანხმები?
- მარკი გამოცდილი და ჭკვიანი კალათბურთელია, ამერიკაშიც დიდი ძალაა. მის ღირებულებაზე მხოლოდ ციფრები არ მეტყველებენ, დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ევროპის ჩემპიონატზე კი გასოლის გარჯა იმიტომაც დააფასეს, რომ ესპანეთის ნაკრებმა შედეგი უჩვენა, ნახევარფინალი ითამაშა.

მარცინ გორტატიც კარგი მოთამაშეა, მაგრამ ყოველ მატჩში 20-20 ქულა რომ ჩაეგდო, თუ მისი გუნდი წააგებდა, ევრობასკეტის სიმბოლურ ხუთეულში ვერ მოხვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული