იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2013-ის დასრულებისთანავე მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ჯერაც უცნობია, ვინ გაწვრთნის ეროვნულ გუნდს - უცხოელი თუ ქართველი? ტაქტიკოსი თუ დიპლომატი? კოკოშკოვი თუ...

ზედმეტი კითხვებით აღარ დაგტვირთავთ, კონკრეტულად გეტყვით: საქართველოს ნაკრებში, 2015 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, ისევ იგორ კოკოშკოვი იმუშავებს.

წინა წინადადებას "ალბათ" რომ მოვაცილოთ, თამამ განცხადებას მივიღებთ. ჯერ ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, მაგრამ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და თავად სერბი მწვრთნელის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, შესაძლოა, "ალბათ" საჭირო აღარც იყოს - კოკოშკოვი მალე გააფორმებს ორწლიან კონტრაქტს საქართველოს ნაკრებთან.

ფედერაციის
პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა: თებერვალში გვეცოდინება, ნაკრებს იგორ კოკოშკოვი გაუძღვება თუ სხვა მწვრთნელის ძიება მოგვიწევსო (იხილეთ ვრცლად).

იოლი მისახვედრია, რომ ბატონ იგორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასე რომ, ველით სერბი სპეციალისტის პასუხს, რომლის გამოცნობაც არცთუ რთულია.

დაახლოებით ერთი თვის წინ გაზეთ "ლელოში" იგორ კოკოშკოვის ინტერვიუ შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად). საუბრისას მწვრთნელს აშკარად ეტყობოდა სიმპათიები საქართველოს ნაკრებისადმი და კითხვაზე, აქვს თუ არა ჩვენთან მუშაობის სურვილი, გვიპასუხა - ფედერაციიდან ჯერ წინადადება არ მიმიღიაო. ალბათ, დათანხმდება და ნაკრების ისტორიაში მერვე მწვრთნელის ძიება არ დაგვჭირდება.

კარგი იქნება კოკოშკოვის დარჩენა თუ - არა, ამაზე შემდეგში ვიმსჯელოთ, დღეს კი მის წინამორბედებზე დავწეროთ და მოკლედ გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო ამბები და მიღწევები.

ოთხი ერა
პალეოლითი, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ატომის ეპოქა... მსოფლიოს ისტორიაში კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი ერაა, საქართველოს ნაკრებმა კი დაარსებიდან დღემდე ოთხი საფეხური გამოიარა: 1994-97, 1997-2003, 2003-2007, 2008-2013.

ეს ეტაპები ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდებოდა...

1994-97
ამ პერიოდს ბესიკ ლიპარტელიანის ეპოქა დავარქვათ.

Sportall.Ge

საინტერესო გამოდგა პირველი მწვრთნელის არჩევის ამბავი: ფედერაციამ წინასწარ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ის დაინიშნებოდა, ვისი კლუბიც 1994 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა. ფინალურ სერიაში ბესიკ ლიპარტელიანის "ვითამ" ნოდარ ქორქიას "თბილისი" 2:1 (77:74, 76:80, 78:74) დაამარცხა და ნაკრების პირველი თავკაციც ლიპარტელიანი გახდა.

ახალგაზრდა მწვრთნელმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბა და ინგლისში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მხოლოდ შიდა ჩემპიონატის რესურსით ფონს როგორ გავიდაო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1994 წელი ძალიან ახლოსაა სსრ კავშირის ეპოქასთან და ნაკრების ყველა წევრს ახალგაზრდულ ასაკში საბჭოთა ჩემპიონატებში ჰქონდა მიღებული გამოცდილება, ხოლო ძირითად ბირთვს სსრკ-ს უმაღლესი ლიგა ჰქონდა ნათამაშები. ლიპარტელიანის ეპოქის ნაკრებში ლეგენდარული ნიკოლოზ დერიუგინიც თამაშობდა.

ევრო-1997-ის შესარჩევისგან განსხვავებით, ევრო-1999-ის ციკლში ერთი მატჩიც არ მოგვიგია. ბესიკ ლიპარტელიანი სამი მატჩის შემდეგ ლევან მოსეშვილმა შეცვალა.

1997-2003
გამოცდილმა ლევან მოსეშვილმა აქცენტი გაახალგაზრდავებაზე გადაიტანა. მის ხელში ნაკრებში პირველად გამოჩნდნენ ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა...

ასეთმა გუნდმა შედეგი ვერც მომდევნო ციკლში მოიმკო - ევრო-2001-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიასთან, დანიასა და ბელგიასთან დამარცხდა და შესარჩევზე ვერმოხვედრაც ლოგიკური იყო. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ იმ პერიოდში ეროვნულის მოსამზადებლად მინიმალური პირობებიც არ იყო, ისევე როგორც წინა "ეპოქაში".

ევრო-2003-ის პირველი საკვალიფიკაციო ტურის წინ ლევან მოსეშვილის ნაცვლად თავკაცის პოსტზე ზურაბ ტომარაძე დაინიშნა, მაგრამ არ შეცვლილა ნაკრებისადმი მიდგომა. ფინანსურმა გაჭირვებამ აპოგეას ტომარაძის ხელში მიაღწია.

პირობების არქონას ისიც ემატებოდა, რომ ნაკრებს ვლადიმერ სტეფანია ვერ ეხმარებოდა, საქართველოს ჩემპიონატის დონე კი ნელ-ნელა ეცემოდა და მხოლოდ ადგილობრივებით წარმატებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა.

ვატო ნაცვლიშვილის წინამძღოლობით ქართველებმა პირველი ეტაპი რის ვაი-ვაგლახით გადალახეს, თუმცა საწყისი მატჩი ლუქსემბურგთან 71:92 დათმეს. სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი გუნდის ამჟამინდელ ლიდერ ზაზა ფაჩულიას (8 ქულა, 9 მოხსნა).

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავიწყეთ, შინ ბულგარეთსა და ბელორუსს მოვუგეთ, მაგრამ გასვლაზე ორივესთან წავაგეთ, ჯგუფიდან ვერ გავედით და ამის შემდეგ დადგა სამწლიანი გამყინვარების ხანა, რომლის დროსაც ნაკრებს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

2003-2007
2003 წლიდან საქართველოს ნაკრებს გამოუჩნდა ფული უცხოური შეკრებებისთვის, ამხანაგურად იტალიას, რუსეთს, გერმანიას, საბერძნეთს ვეთამაშებოდით, მაგრამ ოფიციალურად ელიტისგან შორს ვიყავით - ლუქსემბურგი, ისლანდია, ირლანდია...

ეს აღმოჩნდა გარდამავალი ეტაპი: პირველად ჩამოვიყვანეთ უცხოელი მწვრთნელი და ასევე პირველად გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ამერიკელი.

2004 წელს გუნდს გაუძღვა ხორვატი დრაჟენ ბრაიკოვიჩი, რომელმაც ალღო ვერ აუღო ქართულ კალათბურთს და ვადაზე ადრე მასთან კონტრაქტი ამიტომაც გაწყვიტეს.

გორდონ ჰერბერტს (2005-06) შედარებით მეტი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ იგი ორი კურდღლის დევნას გადაჰყვა - საქართველოს ნაკრების პარალელურად ფრანგულ "პო ორტეზში" მუშაობდა, შემდეგ ბერძნულ "არისში", უწევდა ნაკრების შეკრებების შიგადაშიგ დატოვება... საბოლოოდ რა დაიჭირა, ანდაზიდანაც მიხვდებით.

ჰერბერტის ნაცვლად შილდსის დანიშვნა (2007) თითქოს უკეთესი უნდა ყოფილიყო (1988-94 წლებში კანადის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დააკავებინა), მაგრამ უარესი გამოდგა.

...შილდსის ნაკრებში დისციპლინა ნულზე იყოო, - გვითხრა კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა. დისციპლინის გარეშე არათუ ევროპის ჩემპიონატზე, ლოკალურ წარმატებაზე ფიქრიც არ შეიძლება. წავაგეთ ისლანდიაში და მეორედ ჩავრჩით B დივიზიონში.

2008-2013
2008 წლამდე საქართველოს ნაკრები დაბალ გორაკზე იდგა, ტოპ-გუნდებს ნერწყვმორეული შესცქეროდა და ამაოდ ცდილობდა მათთან ელიტარულ მთაზე ასვლას.

2008-დან კი ბორბალი წაღმა დატრიალდა. ეს უამრავი ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა, რომელთაგან ერთ-ერთი ნაკრების მეშვიდე მწვრთნელი, მანამდე ყველასთვის უცნობი იგორ კოკოშკოვი იყო.

2008-13 წლების ეპოქა კიდევ რამდენიმე პერიოდს შეიცავს, რომლებზეც "კვირის ლელოს" მომდევნო ნომერში დავწერთ.

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა კალათბურთის "პროფესორები" მის წასვლას მოითხოვდნენ. აზრზე არააო.
გიორგი
22:09 22-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული