საინტერესოა, ვიქტორი ვის მიიჩნევს ჯგუფის ფავორიტად.
- როდესაც ფავორიტებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი საბერძნეთს აქვს. ელინებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და, როგორც ვიცი, საუკეთესო გუნდით აპირებენ ხორვატიაში ჩასვლას. ბერძნები მხოლოდ ჯგუფის კი არა, ევრობასკეტზე მედლის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები იქნებიან.
- საქართველოს ნაკრები თუ შეიძლება მივათვალოთ
- რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ნამდვილად არ გვაქვს საქმე ასარჩევად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული კალათბურთელის ჯანმრთელობას. 2013 წელს ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია არ გვყავდა და მათ გარეშე მოსამზადებელ ეტაპზე სერბეთი დავამარცხეთ, ლიტვასთან ოვერტაიმი ვითამაშეთ, ევრობასკეტზე კი ორ თანაბარ მატჩში ბოლო წამებზე დავმარცხდით ჯერ სლოვენიასთან, შემდეგ - ხორვატიასთან.
თუნდაც 2013 წლის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ თუ სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ, კარგი შედეგის ჩვენება ჩვენც შეგვიძლია. ამ სიტყვებში მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ იგულისხმება, მერვედფინალში ერთი მატჩის მოგება უკვე ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრას ნიშნავს.
თუმცა დიდი ყურადღებაა საჭირო, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჯგუფის სამეულში მოვხვდეთ, მეოთხე ადგილზე არ გავიდეთ, რათა მერვედფინალში ლიტველებს არ შევხვდეთ.
D ჯგუფიდან ხომ, დიდი ალბათობით, პირველადგილოსნის სტატუსით ლიტვა გავა.
- რიკი ჰიკმანი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, ალბათ, ვერ დაეხმარება.
- "ფენერბაჰჩეში" გატარებული სეზონის შემდეგ მას ოჯახთან ერთად დასვენებისთვის დრო სჭირდება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის რომ მოემზადოს, ზაფხულის დიდი ნაწილი ვარჯიშში უნდა გაატაროს. ამასთან, რიკი იმდენად მაღალი კლასის კალათბურთელია, შეუძლია საქართველოს პასპორტი სულაც უკან დაგვიბრუნოს, აღარ სჭირდება, რადგან მას ყველა ევროლიგურ კლუბში წამყვან მოთამაშედ მიიწვევენ.
ამერიკელებზე დაწესებული ლიმიტი ნამდვილად არ აღელვებს. მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეობის ყოველწლიური გაცემა და აქცენტი ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებზე გაკეთდეს.
- გასაგებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მეტოქეებს ადგილობრივი თუ ამერიკელი კალათბურთელები ჰყავთ, თუნდაც ერთი კლასიანი ამერიკელი მხოლოდ დაგვეხმარება. მით უმეტეს, რომ ჯგუფურ ეტაპზე ექვს დღეში ხუთი მატჩის ჩატარება გვიწევს.
- საქმეც ის არის, რომ კლასიანი ამერიკელი საქართველოში არ ჩამოვა. მას საქართველოს პასპორტი არ დასჭირდება, შეიძლება შემთხვევით გაგიმართლოს, ისე როგორც 2011 წელს მაკედონიას გაუმართლა ბო მაკალების დამატების შემთხვევაში.
ამერიკელი რომ ჩამოვიდეს სერიოზული მოტივაცია სჭირდება, რომ იცოდეს, ევრობასკეტზე მედლის მოგების პრეტენდენტი გუნდი გყავს, შეიძლება ამის გამო დაგთანხმდეს.
- გამოდის, ლეგიონერის ჩამოყვანის წინააღმდეგი ხარ.
- ახლის ძებნას ვეწინააღმდეგები. თუ ჩამოყვანაა, მათგან ერთ-ერთი მოვიწვიოთ, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს. ასეთები ევროპაში თამაშობენ და წარმატებითაც. თუნდაც მარკიზ ჰეინსი, ჯეიკობ პულენი ხელწამოსაკრავი კალათბურთელები არ არიან და ჩვენი დახმარება შეუძლიათ.
გავიხსენოთ, როდის ჩამოვიყვანეთ პირველად ამერიკელი - 2004 წელს, შემონდ უილიამსი. მას მერე ათი წელი გავიდა და ვერ გავზარდეთ კალათბურთელი, რომელიც ცინცაძეს დაეხმარება. ლაპარაკია არა გიორგის ჩანაცვლებაზე, არამედ მის დახმარებაზე, თუნდაც 10-15 წუთით.
როცა მწვრთნელს მისცემ ამერიკელის არჩევის საშუალებას, ის, რა თქმა უნდა, ჩამოიყვანს. რომ არა ასეთი საშუალება, სხვანაირად მიუდგება საკითხს.
- რადგან ცინცაძის დასვენებაზე ვსაუბრობთ, საკუთარ მოსაზრებასაც გაგანდობ. მიმაჩნია, რომ ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობა უნდა თამაშობდეს. შესაბამისად, სანაკრებოდ გამოცდილი ლაშა გამყრელიძე გუნდში უნდა იყოს. ეს აზრი იგორ კოკოშკოვთანაც დამიფიქსირებია, თუმცა მწვრთნელის პასუხია, რომ პირადი ინტერესები გუნდისაზე წინ არასოდეს დაუყენებია.
- რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი შედეგზეა პასუხისმგებელი და ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოს. მას ვერც ჟურნალისტი ასწავლის რამეს და ვერც კალათბურთელი, ეს არასწორი იქნება. თუმცა ისევე როგორც ჟურნალისტს, მეც მაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა გამყრელიძეს გუნდის სათანადოდ დახმარება შეუძლია. სწორედ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ ძირითადმა გამთამაშებელმა დაისვენოს და გადამწყვეტ წუთებს ენერგიულად შეხვდეს.
ჩვენთან კი რა ხდება? - გიორგი ცინცაძემ 2014 წელს შესარჩევი ეტაპი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა, პორტუგალიაში 42 წუთი ირბინა. თვით ლებრონ ჯეიმსსაც დაეტყობა 42 წუთი შეუცვლელად რომ ითამაშოს. ცოდოა ყველა, ვისაც ამოუსუნთქავად უწევს თამაში.
შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიამ გვაპატია, ევროპის ჩემპიონატზე 20-ქულიან ჩამორჩენას სლოვენია აღმოგვაფხვრევინებს, ხორვატია, თუ მაკედონია? მიმაჩნია, რომ ლაშა გამყრელიძე შარშანაც გვჭირდებოდა, ხორვატიაში ხომ ჰაერივით დაგვჭირდება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.
- სანაკრებო რეზერვზე რისი თქმა შეგიძლია?
- NBA-სა და ევროლიგის გუნდებში ყველა ვერ ითამაშებს, თუმცა ძალიან კარგი კალათბურთელები გვყავს, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ. უნდა იყოს კარგი შიდა ჩემპიონატი, სანაკრებო კანდიდატები გამოცდილებას ევროსარბიელზე ძლიერ კლუბებთან თამაშში უნდა იღებდნენ.
2004 წლიდან საქართველოს ნაკრებში ვარ და ყოველ წელს ერთი და იგივე მესმის - შედეგი უჩვენეთ, ევროპის ჩემპიონატზე გადით და ხელშეწყობაც იქნებაო. რატომ? ვთქვათ, მიზანს ვერ ვაღწევ, კალათბურთს ყურადღება არ სჭირდება?! ან სად არის ლოგიკა - თუ ხელშეწყობა არ მაქვს, როგორ უნდა მივაღწიო შედეგს?! თუმცა ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა ხდება.
საქართველოს ნაკრები 2009 წელს ჯერ A დივიზიონში გადავიდა, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, ევრობასკეტზე პირველი ბარიერი გადალახა და წლეულს მესამედ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ.
კარგად მოგეხსენებათ, ამის მიღწევა იოლი არ არის. ხომ შეიძლებოდა ვინმეს გასჩენოდა შეკითხვა, რა კონდიციებშია დიდუბის მანეჟი, რომელშიც გაიზარდნენ ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე... ყოველ წელს უარესობა იყო.
- დიდუბის მანეჟში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ისევე როგორც ვერის ბაღის დარბაზში. ითქვა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ კალათბურთელების განკარგულებაში 6 კარგი დარბაზი იქნებაო.
- რომ არა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, დიდუბის მანეჟი დღესაც სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა. როცა ნაკრების წევრთა სათანადო შეცვლაზე ვლაპარაკობთ, ყველაზე კარგი წამალი მასობრიობაა.
თუმცა როგორ უნდა იყოს მასობრიობა, როცა დარბაზები არ არის. ვიცი, რომ პრობლემაა ბავშვების სწორი მიმართულებით აღზრდაც (ცხადია ყველა სკოლასა და მწვრთნელს არ ვგულისხმობ).
ამ პრობლემის მოგვარების კარგი ვარიანტია თუნდაც სერბეთიდან სპეციალისტების მოწვევა და იქაური გამოცდილების გაზიარება. თუმცა მათ ჩამოყვანას ვარჩიეთ ერთი გუნდისთვის შეგველია მილიონები.
"არმიამ" ევროჩელენჯზე ითამაშა, მიზნად ევროთასზე გასვლა დაისახა, მაგრამ გავიდა ორი წელი და რა შერჩა ქართულ კალათბურთს? "არმიაში" ხომ ძირითადად ამერიკელები თამაშობდნენ, რომლებმაც სეზონის დასრულების შემდეგ ევროპულ კლუბებს მიაშურეს.
რუსებმა დიდი ფული უცხოელი მწვრთნელების მოწვევას დაახარჯეს, რომლებიც ადგილობრივებს სათანადოდ წვრთნიდნენ და დღეს რუსეთის პირველობაზე ადგილობრივი კალათბურთელები ლეგიონერებზე ნაკლებ ანაზღაურებადები როდი არიან...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვიკა, აბა შენ იცი. ევროპაზე შენზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ფორმაში შეხვდე! გაიხარე