ნიკა ცქიტიშვილი: საქართველოს ნაკრებში ბიჭებთან ერთად თამაში მომენატრა

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილი "ჩამპვილთან" ერთად ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშობს.

"ალ რიადთან" ანგარიშია 1:1. სერია ოთხ მოგებამდეა. მესამე შეხვედრა 1–ელ მაისს გაიმართება. 2 მაისს ჟურნალ "ლელო week"-ში ნიკას ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ. აქ რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

ჩამპვილი
- სეზონის დასაწყისში რომ შევიკრიბეთ, ნამდვილად არავის ეგონა, თუ ნახევარფინალში ვითამაშებდით. ჩვენთან შედარებით, ბევრ გუნდს აქვს უკეთესი ბიუჯეტი, თუმცა გუნდი რომ შეიკრა, არაერთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და მადაც მოგვემატა. ლიბანში ყოველ მატჩში მოედანზე ორი უცხოელი უნდა იყოს, თუმცა დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია - პატარა შეცდომასაც არავინ გპატიობს. სწორედ
ამიტომაა, მაღალი კლასის ლეგიონერებსაც რამდენიმე მატჩში რომ ელევიან.

1/4–ფინალი
- კარგი გუნდია, ამერიკელები – სპენსერი და პერი თამაშობენ. გუნდი მათზე იყო აწყობილი. ისინი კი უკანახაზელები არიან, შორიდან ბევრს სტყორცნიან. საბოლოოდ სიმაღლის ხარჯზე ვაჯობეთ.

1/2–ფინალი
- "ალ რიადი" ჩემპიონატის ფავორიტია, დიდი ბიუჯეტი აქვს და შემადგენლობაშიც ბევრი კარგი კალათბურთელია: საუკეთესო ლიბანელი ფადი ჰატიბი (რომელთანაც "ჩამპვილში" შარშანწინ ვთამაშობდი), ჰოლმენი, მეისი ("რეალში" გამოდიოდა), საუკეთესო ეგვიპტელი აჰმედ ისმაელი... ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ალ რიადთან" დიდი სხვაობით დავმარცხდით, რამაც ჩვენზე ძალიან იმოქმედა და მეორე შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ. გავიმარჯვეთ კიდეც, რაც ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. რეალურად, ამ ნახევარფინალურ წყვილში ფავორიტი "ალ რიადია", თუმცა, ჩვენსას ვეცდებით.

ნაკრები 2014
- წლეულს იგორ კოკოშკოვთან არ მისაუბრია. შარშანდელი შესარჩევის წინ კი დავილაპარაკეთ და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ არ გამომიძახებდა.

საქმე ის არის, რომ ბოლო 4-5 წელიწადია, საქართველოს ნაკრებში ერთი და იგივე სიტუაციაა - ბოლოს, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, მოედანზე 3-4 წუთს ვატარებდი.

საქართველოს ნაკრებში ყოველთვის ხალისით ჩამოვდიოდი, ჩემთვის ნაკრების მაისურით 1 წუთით თამაშიც დიდი სიხარულია. თუმცა 30 წელს გადაცილებული კალათბურთელი გუნდთან ერთად ორი თვე რომ ემზადები და 40-წუთიან მატჩში მხოლოდ 5 წუთი გერგება, ძალაუნებურად იფიქრებ, რომ მწვრთნელს არ სჭირდები; რომ შეიძლება, სჯობდა, იმ ორთვიან პერიოდში სხვა საქმე მოგეგვარებინა; იქნებ უკეთესი ყოფილიყო, ჩემს ადგილას ახალგაზრდა კალათბურთელი ჩაესვათ და ნაკრებთან ვარჯიშით გამოცდილება მიეღო...

ნაკრები 2015
- საქართველოს ნაკრებში 1999 წლიდან ვთამაშობ და გუნდთან ერთად ბევრი გაწბილება თუ სიხარული განვიცადე. სიმართლე ვთქვა, ბიჭებთან ერთად თამაშიც მომენატრა და მათთან ერთად გამარჯვებაც. თუ დამირეკავს, მთავარ მწვრთნელს ყველა ნიუანსზე დაველაპარაკები; თუ დავჭირდები, სიამოვნებით გამოვცხადდები შეკრებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონი მაქვს, ისიც ფაქტია, 2013-დან დღემდე ნოვიცკად არ ვქცეულვარ - ისევ ის კალათბურთელი ვარ... მაინც არა მგონია, ბოლო 4 წლის სურათი წლეულს შეიცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Daabrune kokosh nikolozi chirdeba nakrebs
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული