საქართველო-საბერძნეთი 68:79 - მძიმე, მაგრამ არა უიმედო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მესამე მატჩი წააგო. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე ამჯერად საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც 68:79 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მატჩი ჰოლანდიასთან და სლოვენიასთან დათმო. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის 1/8-ფინალში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ...

* * *
მატჩის შემდეგ კომენტარისთვის კოსტას კაიმაკოგლუს მივადექი, რომელიც ბერძნულ ტელევიზიასთან საუბრობდა. ბერძენი ოპერატორი მომიბრუნდა: "გამარჯობა, როგორაა საქმე?" ქართულად კარგად ლაპარაკობდა. თურმე, 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომისას გორში მუშაობდა და ჩვენი ენაც იქ უსწავლია. ახლა რა ხდება,
ისევ მძიმე მდგომარეობა ხომ არ არისო? თუმცა ბერძენმა შეკითხვას თავადვე უპასუხა - მძიმე მდგომარეობაა, აბა რა, ევრობასკეტის სამივე საწყისი მატჩი წააგეთო.

საქართველოს ნაკრების მდგომარეობას სახარბიელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თვით მეტოქე გუნდების ქომაგებიც ვერ იფიქრებდნენ, რომ ჩვენს გუნდს სამი ტურის შემდეგ მოგება არ ექნებოდა. ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც რჩება. საამისოდ აუცილებელია, ჩვენ მაკედონია დავამარცხოთ (მინიმუმ 5 ქულის სხვაობით), ბოლო ტურში კი მაკედონიელებმა სლოვენიასთან წააგონ. ამასობაში, არც ჰოლანდიას უნდა გაუვარდეს...

მოკლედ, მერვედფინალში გასვლის შანსი რეალურია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არა კალკულატორის მომარჯვება, არამედ თამაშის გაუმჯობესებაა.

საქართველოს ნაკრებისგან ასეთ შედეგს იმიტომ არ მოველოდით, რომ უკეთეს თამაშს ველოდით. გახსოვთ, იტალიის ნაკრებმა აგვისტოში თბილისის ტურნირზე 21-დან 12 სამქულიანი რომ ჩაგვიგდო? იმავე იტალიელებს 26 აგვისტოს ტრიესტეში შევხვდით, სამქულიანი ზონაც გადავუკეტეთ და ბოლო წამებზე მათ დამარცხებამდე ერთი ზუსტი ტყორცნა დაგვაკლდა.

სწორედ მაშინ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ნაკრებმა ორი კვირის განმავლობაში პერიმეტრზე დაცვა გაამკაცრა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ამის თქმა რთულია - სლოვენიასთან და გუშინ საბერძნეთთან გარკვეული მომენტები ჩააგდო, საკუთარ კალათში სამქულიანების წვიმა მიიღო და ბოლომდე ვერ მოახერხა სტიქიისგან მიღებული ზარალის კომპენსირება.

საბერძნეთის ნაკრებისგან პირველ მეოთხედში 3 სამქულიანი მივიღეთ, მეორეში - 6. ცხრა შორეული ტყორცნის რეალიზებისთვის ელინებს 12 მცდელობაც ეყოთ. ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით - ასეთი სიზუსტით მსროლელი გუნდის, მით უმეტეს, საბერძნეთის დამარცხება წარმოუდგენელია.

თუმცა გამოჩნდა, რომ სულაც არ არის საბერძნეთი რობინ ჰუდებით სავსე - მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.

და მეორეც - მეტოქემ სამქულიანები მაღალი პროცენტულობით ჩვენი შეცდომების შედეგად გამოიყენა, ხშირად რჩებოდა სატყორცნ პოზიციაზე თავისუფლად. აბა, ნიკ კალატესი თავისუფალი ადგილიდან სროლას რომ აცილებდეს, NBA-ში ვინ წაიყვანდა? მოკლედ, პირველ ტაიმში მეტოქემ 29 ქულით გაგვასწრო.

ცხადია, ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრებიც გაწბილებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ემოციურად ამხნევებდნენ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც აღმოაჩნდა ძალა, მეორე ტაიმი საკუთარი სცენარით წარემართა. მართალია, ბერძნებიც ცოტა დამშვიდდნენ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, აგრესიული დაცვის წყალობით მეტოქეს 9 შეცდომა დააშვებინა და მეორე ტაიმი 15 ქულის სხვაობით მოიგო.

თუმცა, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, მეორე ნახევარში დაკარგულის ანაზღაურება ვერ მოახერხა და სწორედ ისეთი ანგარიშით დამარცხდა, როგორც წინა დღით, სლოვენიასთან - 68:79.

თორნიკე შენგელია ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი ქართველი იყო, 20 ქულა მიითვალა (თამაშიდან 69-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა), მანუჩარ მარკოიშვილმა 11 ქულას მოუყარა თავი (4-დან 3 სამქულიანი), ვიქტორ სანიკიძემ - 10 (თამაშიდან 4-დან 3 ტყორცნა), ხოლო გიორგი შერმადინმა, რომელიც ენერგიულად ჩაერთო თამაშში, 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, კიდევ 3 საჯარიმო მიამატა და 9 ქულა მოუგროვდა.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დღესაა. მეტოქე სერიოზულია, კარგად აწყობილი, სამქულიანებზე ორიენტირებული მაკედონია. ეს სამწვრთნელო შტაბმაც იცის და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ენერგიული მაკედონიელების პერიმეტრზე შეკავებას.

ნამატჩევს
გიორგი შერმადინი:
"ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ვითამაშეთ. საბერძნეთი, ჩემი აზრით, ოქროს მედლების მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ძალიან რთული იყო წარმატებაზე ფიქრი, თუმცა მეორე ნახევარში გამოვაჩინეთ ჩვენი ძალა და იმედი იმისა, რომ ხვალინდელ მატჩში წარმატებას მივაღწევთ, გაგვეზარდა. მაკედონიასთან დიდი ბრძოლა გველის და თუ კარგად ვითამაშებთ, შანსი გვაქვს, პლეი ოფში გავიდეთ".

იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებს, საბერძნეთის ნაკრები პირველ ტაიმში მოედანზე მარტო თამაშობდა. ჩვენ ვერ შევძელით, მათი შორი სროლებისგან თავი დაგვეცვა. სამწუხაროდ, ბერძნები ხშირად რჩებოდნენ პერიმეტრზე თავისუფლები და სამქულიანები რომ წარმატებით ესროლეს, ამის ბრალიც არის.

ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს საკადრისი პასუხი გავეცით და ვითარება გამოვასწორეთ. ეს კარგი იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ისე სათამაშო კუთხით, რადგან მთავარი ბრძოლა ხვალ გველის.

ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ბრძოლა შესაძლებელია, გუნდმა კარგი კალათბურთი აჩვენა და იმედი მაქვს, ხვალ ყველა საკუთარ მაქსიმუმს გაიღებს".

ფოტის კაცაკარისი, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"რთული მატჩი გადავიტანეთ. თავიდან დიდი სხვაობით დავწინაურდით და გვეგონა, დამაჯერებლადაც გავიმარჯვებდით, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა.

საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში რამდენიმეჯერ შეცვალა, გვეთამაშებოდა აგრესიულ ზონას, რის ხარჯზეც უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ".

კოსტას კაიმაკოგლუ:
"საქართველოს ნაკრებს სამი წაგება აქვს, თუმცა დღესაც გამოჩნდა, რომ კარგი გუნდია. სიმართლე გითხრათ, გამიხარდება, თუ მომდევნო ეტაპზე ვიხილავ.

როგორც ჩემმა მეგობარმა ვიქტორ სანიკიძემ მითხრა, თუ მაკედონიას 5 ქულის სხვაობით დაამარცხებს, დიდი ალბათობით, საქართველო ლილში ჩვენთან ერთად გამოემგზავრება".

ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი. III ტური
8 სექტემბერი. ზაგრები, ხორვატია. 900 მაყურებელი
საქართველო-საბერძნეთი 68:79
15:25, 7:25, 26:11, 20:18
მსაჯები: ტრუხილო ხიმენესი (ესპანეთი), ზაფერ ილმაზი (თურქეთი), სერხიო სილვა (პორტუგალია)

სლოვენია-ჰოლანდია 81:74
23:15, 18:14, 16:23, 24:22

ხორვატია-მაკედონია 73:55
15:18, 15:14, 22:10, 21:13

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საბერძნეთი 3 3 0 236/203 6
2. ხორვატია 3 2 1 223/200 5
3. სლოვენია 3 2 1 233/222 5
4. მაკედონია 3 1 2 198/229 4
5. ჰოლანდია 3 1 2 218/231 4
6. საქართველო 3 0 3 208/231 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბერძნეთს შეეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგება,მაგრამ კარგი მოთამაშეები დაასვენა რადგანაც წინ სერიოზული შეხვედრა ელის.
mariami
09 სექტემბერი 2015 19:57
0
კოკოშკოვს და პულენს მადლობა გადავუხადოთ და მივაბრძანოთ ნაკრებიდან. კარგი მწვრთნელი, პლუს კვალიფიციური ლეგიონერი ბევრად უკეთეს შედეგს დადებს ამ კალათბურთელებით. დარწმუნებული ვარ ამ თაობას მეტი შეუძლია.
georgiano
09 სექტემბერი 2015 13:17
0
კალათბურთზე მწერალ ჟურნალისტს რომ ცხოვრებაში ერთხელაც კი არ ყავს გაკრიტიკებული არცერთი კალათბურთელი იმას ჟურნალისტი ჰქვია? იეღოველი ხომ არ ხართ რომ ყველაფერი იდეალურად გეჩვენებათ?
Walkabout
09 სექტემბერი 2015 11:20
0
ამოვიდა ეს კოკოშკოვი ყელში 5 კაცი რო ვერ იგებს ვერაფერს ვერ გაიგო კიდე !!!
jemalii
09 სექტემბერი 2015 11:00
0
რა არა უიმედო თამაშს უყურე საერთოდ?? მეორე ტაიმში საბერძნეთმა რო დაისვენა ეგაა არა უმედობა?? ნაკრებიდან ერთადერთი კაცია დასატოვებელი ნეკრებში დანარჩენები უკვე ხვალინდელი დგეა!!! ვინც ნამდვილად გირსია თოკოა შენგელია ზაზას გამოცდილება გამოგვადგება და უნდა იყოს ნაკრებში. ცინცაძე ყოველთვის ესეთია თუ ერთი არ წაუიდა თამაში აფუჭებს ყველაფერს, მეორე გამთამაშებელი აუცილებელია ნაკრებში. დანარჩენი თავის მწვრთნელიანად მოსაშორებელია ყველა.
ეხლა ჯამლეტას კომენტარები არ მინდა აქ გიორგი შერმადინი მაგარიაო :D:D:D
მადლობა ბიჭებს ყველას უკლებლივ მაგრამ ნაკრებს ახალი სისხლი და ახალი ხალხი ჭირდება!!!
jemalii
09 სექტემბერი 2015 10:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული