განმარტება: საქართველოს ნაკრების ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლის შანსი

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ევრობასკეტის ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასვლის ბედი წყდება.

დღეს C ჯგუფში, ისევე, როგორც ყველა დანარჩენში - ბოლო ტურია. ზაგრებში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ჯგუფის 3 მოწინავე მომდევნო 3 ნაკრებს ხვდება. მატჩები ამ თანმიმდევრობით გაიმართება:

სლოვენია-მაკედონია 17:00 (თბილისის დრო)
ხორვატია-საქართველო 20:00
საბერძნეთი-ჰოლანდია 23:00

სამივე ფავორიტმა რომ მოიგოს, რაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია, გამარჯვებულებთან ერთად ჯგუფიდან საქართველო გავა. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილიდან ხედავთ, საქართველოს, ჰოლანდიას და მაკედონიას თითო გამარჯვება აქვთ და თუკი ბოლო ტურის შემდეგაც ასევე დარჩებათ, ამოქმედდება
დებულების ის ნაწილი, რომელიც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობას ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ ბურთებს ანიჭებს.

ეს მაჩვენებელი კი საქართველოს აღნიშნულ გუნდებთან - მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან მიმართებაში საუკეთესო აქვს.

გავიხსენოთ ამ სამეულის ერთმანეთში ჩატარებული მატჩებიც: ჰოლანდიამ 73:72 მოუგო საქართველოს, მაკედონიამ 68:61 სძლია ჰოლანდიას, ხოლო საქართველომ 90:75 დაამარცხა მაკედონია. არითმეტიკა გვეუბნება, რომ აღნიშნულ მატჩებში ქართველების ჩაგდებული და მიღებული ბურთების შეფარდებაა +14, ჰოლანდიელების -6, ხოლო მაკედონიელების -8.

ასე და ამგვარად, თუკი დღევანდელ სამ მატჩში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და ფავორიტებმა იმარჯვეს, საქართველო ამავე ღამეს ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ჩარტერული რეისით საფრანგეთის ქალაქ ლილში გაფრინდება, სადაც მერვედფინალურ მატჩში D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.

არის საფრთხე, რომ მაკედონიამ სლოვენიას მოუგოს ან ჰოლანდიამ - საბერძნეთს. თუმცა იგივე წარმატებით შესაძლებელია, ქართველებმაც მოუგონ ხორვატებს, თუმცა, თუკი მხოლოდ ჰოლანდია მოახერხებს სენსაციის მოხდენას, საქართველოს შანსი ეწურება (ჰოლანდიელებთან პირადი წაგების გამო). თუკი სამივე აუტსაიდერმა მოიგო (რაც სენსაცია კი არა, სასწაული იქნება), პლეი ოფში საქართველო გავა.

არის დამატებითი ფაქტორი საქართველოს სასარგებლოდ: დღის პირველი მატჩი სლოვენია - მაკედონიაა. სლოვენიელებმა რომ წააგონ, ჯგუფში თითქმის გარანტირებულად გადიან მე-4 ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებულს - სავარაუდოდ, ლიტვას შეხვდებიან. ბალტიისპირელ გრანდთან დაჯახება კი სლოვენიელთა გეგმებში არ უნდა შედიოდეს და ამის თავიდან ასაცილებლად ქართველებისგან დათრგუნული მაკედონიის დამარცხებაა საჭირო.

ასე და ამგვარად, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათისთვის გვეცოდინება, მიდის საქართველოს ნაკრები ლილში თუ...

ნებისმიერ შემთხვევაში, მაკედონია წააგებს თუ არა სლოვენიასთან, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მოსაგებად გავა, რადგან უმოტივაციოდ დარჩენილი მასპინძლების დამარცხება ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლის საწინდარი შეიძლება გახდეს. ესეც რომ არ იყოს, ქართველები არასდროს თამაშობენ უმოტივაციოდ და ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

C ჯგუფი
1. საბერძნეთი 4 4/0 319/275 8
2. ხორვატია 4 3/1 301/272 7
3. სლოვენია 4 2/2 305/305 6
4. საქართველო 4 1/3 298/306 5
5. ჰოლანდია 4 1/3 290/309 5
6. მაკედონია 4 1/3 273/319 5.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
სრულიად ვეთანხმები თეიმურაზს.გაზეთმა უფრო კვალიფიციური გათვლა უნდა გააკეთოს. საქართველო-ხორვატიის თამაშს არავითარი სატურნირო დატვირთვა არ აქვს. მთავარია ჰოლანდიამ წააგოს.
Vakhtang
22:10 10-09-2015
0
მოკლედ, ჩვენს ქვეჯგუფში მდგომარეობა შემდეგია: 1. საბერძნეთი (უვარიანტოდ); 2. ხორვატია (უვარიანტოდ); 3. სლოვენია (თუ არ წააგო მაკედონიასთან, ან წააგო 8 ქულაზე ნაკლებით და მოიგო საქართველომ), ან მაკედონია (მოიგო სლოვენიასთან ნებისმიერი სხვაობით თუ ჩვენ წავაგეთ, ან მოიგო 20 ქულით ან მეტით ყველანაირ ვარიანტში), ან საქართველო (ასეთი ვარიანტიც არის, თუ მაკედონია მოიგებს 8-დან 19 ქულამდე სლოვენიასთან, ჩვენ კი ნებისმიერი სხვაობით ხორვატიასთან, ჰოლანდია კი აგებს საბერძნეთთან); 4. საქართველო (თუ წააგო მაკედონიამაც და ჰოლანდიამაც, ან მოიგო მაკედონიამ 8 ქულაზე ნაკლებით და ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას, თანაც წააგო ჰოლანდიამ), ან ჰოლანდია (მოუგო საბერძნეთს, წააგო მაკედონიამ, ჩვენს თამაშს მნიშვნელობა არ აქვს), ან მაკედონია (მოუგო სლოვენიას, მაგრამ მცირე სხვაობით, და მოიგო ან საქართველომ, ან ჰოლანდიამ).
Teimuraz
17:03 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული