როგორი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი? [დასაწყისი]

AutoSharing Option
2013 წლის დეკემბერში, ვიდრე იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით სლოვენიის კალათბურთის ფედერაცია იყო დაინტერესებული. მაშინ, კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებთან გააფორმა ხელახალი კონტრაქტი და ჩვენი გუნდი 2015 წლის ევრობასკეტზე გაიყვანა.

გავიდა ორი წელი და, ორიოდე დღის წინ, სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტზე მოულოდნელი სიახლე შევიტყვეთ - იურე ჟდოვცის ნაცვლად სლოვენიის ნაკრების სათავეში იგორ კოკოშკოვი დაინიშნა.

"ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ნაკრების გაძღოლა, - აღნიშნა სერბმა სპეციალისტმა, - ვეცდები საქართველოს ნაკრებში მუშაობისას
და NBA-ში მოგროვილი გამოცდილება სლოვენიას მოვახმარო და ნაკრებთან ერთად, რაც შეიძლება მაღალი შედეგები ვაჩვენო. სლოვენიელებს კარგად ვიცნობ და დიდ პოტენციალს ვხედავ".

ასე და ამგვარად, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების კანდიდატობიდან ამოეწერა. ვინ დარჩა? სადღეისო ინფორმაციით ერთ-ერთი კანდიდატია ილიას ზუროსი და არიან სერბი მწვრთნელები, რომელთა ვინაობაც ჯერ არ ვიცით.

რამდენიც უნდა ვეცადოთ, ამ პუბლიკაციით მომავალი მწვრთნელის ვინაობას ვერ გავარკვევთ. თუმცა მთავარი ეს არც არის, თუ კითხვის სურვილი გაქვთ, ერთად განვიხილოთ საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპისა და ხარისხის მწვრთნელი გვჭირდება.

ხარისხი
ზაზა ფაჩულია NBA-ს დონის კალათბურთელია, მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია ევროლიგის გუნდებში ლიდერობენ, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ გუნდს წინამძღოლობს, ვიქტორ სანიკიძე - თურქეთის ჩემპიონატში, გიორგი ცინცაძე საფრანგეთის პირველობაზე გამოდის.

ასეთი შემადგენლობისთვის NBA-ს მწვრთნელი თუ არა, ევროლიგის დონის სპეციალისტი ნამდვილად გვემეტება. თან ისეთი, სანაკრებო გამოცდილებაც რომ ჰქონდეს, ქართველებსაც იცნობდეს, დიდი დიპლომატიც იყოს...

..."ჩვენს ქალაქში ასეთი მხოლოდ დიმიტრია, გელოვანი!" - უნებურად ქართული კინოფილმის ფრაზა გაგვახსენდება. პარალელის პოვნა მართლაც შეიძლება - ქართველებს გემოვნება არც ფილმში დაგვეწუნება და არც მწვრთნელის შერჩევის საკითხში. ერთია მხოლოდ - ჩვენ რას წარმოვადგენთ და რისი შესაძლებლობა გვაქვს.

რას წარმოვადგენთ, ზემოთ უკვე მოგახსენეთ - ასეთ კალათბურთელებს ევროპის ბევრი ნაკრები ნატრობს, მაგრამ ფინანსურ შესაძლებლობაზე რა მოგახსენოთ. გასარკვევია ისიც, ღირს კი ტოპ-მწვრთნელში 500 ათასის გადახდა? რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ვერც "სუპერებს" გაუმართლებიათ და დროზე ადრე მიუტოვებიათ ნაკრების საჭე.

ამასთან, ისიც სათქმელია, რომ კალათბურთის ფედერაციას ისეთი მსუყე ბიუჯეტი არა აქვს, ნაკრებში მუშაობა ეტორე მესინას ან დევიდ ბლატს შესთავაზოს. შედარებით ხელმისაწვდომი მწვრთნელი უნდა ვეძებოთ, თან ისეთი, რომელიც უკვე კარგად გვიცნობს.

ვინ როგორ გვიცნობს?
გვიცნობს ის, ვის კლუბშიც ქართველ კალათბურთელებს უთამაშიათ, ან ის, ვისაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. მას ხომ ჩვენი ეროვნული გუნდი დეტალურად ჰყავს შესწავლილი.

ამ კრიტერიუმით კი უამრავი მწვრთნელის დასახელება შეიძლება: ჩეხეთის ნაკრების თავკაცი რონენ გინსბურგი, საქართველოში ნამუშევარი გიორგიოს კეცელიდისი, ქართველ კალათბურთელებთან მუშაობის პრაქტიკის მქონე ერგინ ატამანი...

კიდევ უამრავი გვარის ჩამოწერა შეიძლება, მაგრამ საკალათბურთო სამყაროში "ბინადრობს" ხუთი ადამიანი, რომლებიც სხვებთან შედარებით ყველაზე ახლოს არიან ქართულ კალათბურთთან. ხუთივეს სხვადასხვა ხედვა და სხვადასხვა სათამაშო სტილი აქვს. მათგან საუკეთესო თვისებების ამოკრეფით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესანიშნავ ჰიბრიდს მივიღებდით, მაგრამ ჯერ გენეტიკა ისე არ განვითარებულა, ჩვენთვის სასურველი მწვრთნელი ინკუბატორში გამოვიყვანოთ.

ამიტომ, ქვემოთ ხუთივე მწვრთნელს გავეცნოთ და გავარკვიოთ, რა თვისებების გამო შეიძლება დასახელდეს საქართველოს ნაკრები თავკაცად. სხვათა შორის, სულაც არ არის გამორიცხული, კალათბურთის ფედერაცია რომელიმე მათგანს კანდიდატად განიხილავდეს.

ჰენრიკ დეტმანის გათვლები
2004 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე (B დივიზიონი) ფინეთს უმასპინძლა და 12 ათასი მაყურებლის თვალწინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ფინელებს გერმანელი ჰენრიკ დეტმანი წვრთნიდა, რომელსაც მანამდე გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული (1993 წელს).

2004 წლის შემდეგ დეტმანის გაწვრთნილ ფინელებს ხუთჯერ შევხვდით და მხოლოდ ორჯერ, საშინაო მატჩებში დავამარცხეთ. არადა, შემადგენლობით მეტოქეს ყველა შემთხვევაში ვჯობდით. დეტმანი ჭკვიანი კაცია, საქართველო დეტალურად ჰყავდა შესწავლილი და კარგად აწყობილი არავარსკვლავური გუნდით ამიტომაც გვჯობნიდა.

სხვათა შორის, იგი "მიტელდოიჩერში" მანუჩარ მარკოიშვილს წვრთნიდა. 2016 წლის სექტემბერში თბილისშიც იყო ჩამოსული. კალათბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის არა, უბრალოდ "ბეშიქთაშს" ჩამოუძღვა "ვითასთან" ორი ამხანაგური მატჩისთვის (ერთ თვეში მან თურქული კლუბი დატოვა).

დეტმანს ნამდვილად არაფერი დაეწუნება. მეტსაც გეტყვით: მას იგორ კოკოშკოვთან შედარებით ერთი დიდი პლუსი აქვს - ფინეთის ნაკრების თავკაცად რომ დაინიშნა, თან "დირექტორობაც" შეითავსა, ბავშვებიდან დაწყებული, ახალგაზრდებით გაგრძელებული, ყველას დიდ ყურადღებას აქცევდა.

მოკლედ, ფინეთის კალათბურთის სწორად განვითარების პასუხისმგებლობა იკისრა. შედეგი სახეზეა: ევრობასკეტები ფინელების გარეშე არ იმართება, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს, ხოლო ახლახან ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

დასკვნა: სიამოვნებით ვიხილავდი ჰენრიკ დეტმანს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, რომ არა ერთი დაბრკოლება - ისევ ფინეთს წვრთნის.

ანდრეა ტრინკიერის ტაქტიკა
დეტმანთან ინტერვიუც ჩამიწერია, მაგრამ მისთვის ჩვენი ნაკრების თავკაცობაზე არ მისაუბრია. სამაგიეროდ, იტალიელ სპეციალისტ ანდრეა ტრინკიერის არ დაუმალავს სურვილი საქართველოს ნაკრების გაძღოლისა. ყოველ შემთხვევაში, 3-4 წლის წინათ, როცა იგი იტალიურ "კანტუში" გიორგი შერმადინთან და მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად მუშაობდა, ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა და თავადაც არ იყო უარზე, თუმცა კონტრაქტი არ შედგა.

ანდრეა ტრინკიერის ხსენებაზე დღესაც "კანტუს" თამაში მიდგას თვალწინ: გუნდი ევროლიგაზე უმთავრესად გუნდურობის წყალობით ტოპ-16-ში გავიდა და სეზონის მსვლელობისას არაერთი ევროგრანდი დაამარცხა. "კანტუს" თითოეულმა კალათბურთელმა იცოდა თავისი ადგილი და ფუნქცია, ისინი იმდენად კარგად ურთიერთქმედებდნენ, რომ მრავალსვლიან, რთულ კომბინაციებს თვალდახუჭულად, მაღალ ტემპში ასრულებდნენ.

ასეთ გუნდში კი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა მანუჩარ მარკოიშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა ევროპაში წასვლის შემდეგ საუკეთესო სეზონი (ჯერჯერობით) სწორედ ტრინკიერის "კანტუში" ჩაატარა. თუ სხვა მწვრთნელების ხელში გიორგი ძირითადად ფარქვეშიდან ტყორცნებით კმაყოფილდებოდა, ტრინკიერისთან იგი საშუალო დისტანციიდანაც თავისუფლად ტყორცნიდა და აგდებდა კიდეც. არც პასებს უგვიანებდა ვინმე.

ნაკრების სპეციფიკა ცოტა სხვაგვარია, მოკლე დროში გუნდის შვეიცარიული საათივით აწყობა რთულია. შესაძლოა, სწორედ ამისკენ ისწრაფოდა ტრინკიერი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობისას, მაგრამ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი წარუმატებლად დაასრულა და პოსტიც დატოვა.

იგი ამჟამად გერმანული "ბამბერგის" მწვრთნელია და გუნდთან ერთად ისევ ევროლიგის ტოპ-16-ში თამაშობს.

დასკვნა: თუ ტრინკიერი შუა სეზონში საქართველოსთვის მოიცლის, ურიგო ვარიანტი არ არის, ოღონდ ერთი პირობით - ჩვენი ნაკრები ისევე სწრაფად უნდა აათამაშოს და ისე ააწყოს, როგორც "კანტუ"...

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საუკეთესო კანდიდატად აინარს ბაგატსკისი მიმაჩნია!მხოლოდ მისი ვერდათრევის შემთხვევაში ვიფიქროთ სხვებზე...
ქომაგი დანაღმული სამოთხიდან!
18:03 23-01-2016
0
მშვენიერი სტატიაა მართლაც ვინც მოვა ძალიან გამოცდილი სპეციალისტი უნდა იყოს
_svani_
19:27 23-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული