როგორი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი? [დასასრული]

AutoSharing Option
გაგრძელება. იხილეთ დასაწყისი

წინა სტატიაში გესაუბრეთ მწვრთნელებზე, ანდრეა ტრინკიერისა და ჰენრიკ დეტმანზე. მათ თავისი პლუსები აქვთ. ტრინკიერის ძალიან კარგად აწყობილი კლუბები ჰყავს, ხოლო დეტმანი ფინეთში თავიდან ფეხებამდე კალათბურთში იყო ჩაფლული და ამ ქვეყანაში ეს სპორტი მაღალ დონეზე ასწია.

დღეს სხვა მწვრთნელების დადებით თვისებებს განვიხილავთ და საბოლოოდ გამოვიყვანთ ჰიბრიდს - როგორი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების თავკაცი.

ტოონ ვან ჰალფტერენის დისციპლინა
ჰოლანდიის ნაკრები ხომ გახსოვთ? - ევრობასკეტის გახსნით მატჩში რომ დაგვამარცხა. ყველაზე მეტად ვინ გაგონდებათ მეტოქე გუნდიდან? ალბათ, აფრიკული წარმოშობის შარლონ კლოოფი, რომელმაც
ჩვენს კალათაში ყველაზე მეტი ქულა მოათავსა. იმავე კლოოფმა იცით რა "ჩაიდინა" გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთთან? - ბოლო წამებზე რამდენიმე ჯარიმა გააცუდა და ბერძნებმა ჰოლანდია სამი ქულის სხვაობით დაამარცხეს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჰოლანდიელთა ყველაზე შედეგიან კალათბურთელსაც კი არ აღმოაჩნდა სათანადო კლასი ერთმანეთის მიყოლებით ორი სამი მატჩი ჩაეტარებინა მაღალ დონეზე.

ასეთი გუნდი კინაღამ ევრობასკეტის პლეი ოფში გავიდა. ეს ყველაფერი მთავარი მწვრნელის, ტოონ ვან ჰალფტერენის დამსახურება იქნებოდა. ზაგრებში, საბერძნეთთან წაგების შემდეგ იგი კალათის უკან იდგა და ვიღაცას ელოდა.

პრესლოჟიდან ჩავედი და გამოველაპარაკე. დიქტოფონი არ ჩამირთავს, მინდოდა გულწრფელად მეთქვა რას ვფიქრობდი და მისგანაც იგივე მომესმინა. აი, რა მითხრა:

"ჰოლანდიის ნაკრები საქართველოს შემადგენლობით ვერ გაუტოლდებოდა. მოგება თუ გვინდოდა, დაცვაში უშეცდომოდ უნდა გვეთამაშა და მწვრთნელების მიერ მიცემული გზიდან ერთ კალათბურთელს არ უნდა გადაეხვია.

საქართვლოსთან ეს გამოვიდა, საბერძნეთთანაც, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა".

ვან ჰალფტერენს მოედანზე მართლაც ჯარისებრი დისციპლინა ჰქონდა, ისეთი, როგორიც საქართველოს ნაკრებში ვერასოდეს დამყარდება. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთან მაღალი კლასის ინდივიდუალისტები თამაშობენ... აბა, როგორ შეიძლება თორნიკე შენგელია არჩევანში შეზღუდო და სისწრაფეაკრეფილს რამე კომბინაცია მოსთხოვო. თუმცაღა, თოკო "ბასკონიაში" ერთ-ერთი ყველაზე გუნდური კალათბურთელია.

დასკვნა: ტოონ ვან ჰალფტერენი იმდენად უშუალო ადამიანია, ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება, არც ჩვენი შემადგენლობისთვის შესაფერისი სტრატეგიის მოძებნა იქნება პრობლემა, ერთია მხოლოდ - ჰალფტერენი პირველად სწორედ 2015 წელს იყო ევრობასკეტის დარ შეჯიბრებაში. გაცილებით გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება.

აინარს ბაგაცკისის გამბედაობა
ლატვიელ აინარს ბაგაცკისს არც გამოცდილება აკლია, არც გამბედაობა და არც ქართველებთან ურთიერთობა.

გამოცდილება: ბაგაცკისმა ლატვიის ნაკრებთან ერთად ევროპის ორ ჩემპიონატზე ითამაშა, 2015 წელს სულაც მეოთხედფინალში გავიდა. იგი პარალელურად წარმატებული საკლუბო მწვრთნელია - ნაკლებად ცნობილი შემადგენლობით "ნიჟნი ნოვგოროდთან" ერთად ევროლიგის ტოპ-16-შიცაა ნათამაშები და არაერთი მაღალბიუჯეტიანი გუნდი დაუმარცხებია. შემოდგომით თვით ცსკა-ს აჯობა.

ქართველებთან ურთიერთობა: 2011 წელს ბატონი აინარსი წვრთნიდა ქართულ "სოხუმს"; 2014 წელს "ნიჟნი ნოვგოროდში" აიყვანა ლევან ფაცაცია; 2013 წელს გიორგი ცინცაძესთან ერთად "ბუდიველნიკს" უკრაინის ჩემპიონატი მოაგებინა; ევრო-2013 წელს შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა, 2015 წლის ზაფხულში თბილისში მერიის თასზე ითამაშა.

გამბედაობა: ბაგაცკისმა 2012 წელს მითხრა - ჯგუფის ფავორიტი საქართველოს ნაკრებია, თქვენებრი მაღალი დონის კალათბურთელებს მეც ვნატრობო. საქართველოსთან მატჩებში სტრატეგიაც საინტერესო შეარჩია - თორმეტივე კალათბურთელი საკმარისად დატვირთა, მთელი თამაში მაღალ ტემპში წარმართა, რომ გამოცდილი ქართველები მოეღალა და ბოლო წუთებზე უპირატესობა მოეპოვებინა.

ასეც მოხდა: თბილისში ლატვიამ ბოლო პერიოდში 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წამებზე მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა მეჟერისმა ორივე საჯარიმო გააცუდა და პულენმა სამქულიანით გამარჯვება საქართველოს მოუტანა.

სწორედ თბილისურ მატჩში გამოჩნდა ბაგაცკისის გამბედაობა: ახალგაზრდა კალათბურთელებს ბოლომდე ენდობოდა, ისინი კი მომავალი წლებისთვის გამოცდილებას აგროვებდნენ და, როგორც გითხარით, ლატვიის ნაკრები 2015 წელს ევრობასკეტის მეოთხედფინალში გაიყვანეს.

დასკვნა: მეჟერისზე არანაკლებ ნიჭიერი ახალგაზრდები ჩვენც გვყავს, რომლებსაც დროულად სჭირდებათ გუნდთან შერწყმა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელად ბაგაცკისი რომ დაინიშნოს, გუნდში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, განაცხადში მყოფი 12-დან 10 კალათბურთელი მეტ-ნაკლებად თანაბრად დაიტვირთება და ნაკრების პერსპექტივაც გამოჩნდება...

აინარს ბაგაცკისი თბილისს შემოდგომითაც სტუმრობდა, "ვითასთან" სათამაშოდ "ნიჟნი ნოვგოროდს" ჩამოუძღვა. ვკითხეთ კიდეც, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე რა აზრისა იყო. გვიპასუხა:

"ადრე დაინტერესება მართლაც იყო, ოღონდ ოფიციალური წინადადება არ მიმიღია. წლეულს შეთავაზება არ მაქვს, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი..."

...ეს იყო შემოდგომით.

იგორ კოკოშკოვის დიპლომატია
კოკოშკოვმა ქართულ საზოგადოებას წინასაახალწლოდ ღია წერილით მიმართა, რომელშიც სამადლობელი სიტყვები იყო და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იგორი გვემშვიდობებოდა.

რეალურად, მას ევრობასკეტის შემდეგ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ნაკრების მწვრთნელი აღარ არის.

ბატონი იგორი ქართული სპორტის ისტორიაში უკვე შევიდა: ნაკრების თავკაცის პოსტზე მისებრ დიდი ხნით აქამდე არც ერთ სპეციალისტს არ უმუშავია, სპორტის არც ერთ სახეობაში. იცით, რატომ გაძლო 8 წელიწადი? - იმიტომ, რომ ქართული მენტალიტეტიც კარგად შეიცნო და თავისებური დიპლომატიით კალათბურთელებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა.

ცხადია, იყო მეორე მიზეზიც - შედეგი. კოკოშკოვის ხელში საქართველოს ნაკრებმა მეორე ეშელონს თავი დააღწია, ზედიზედ სამ ევრობასკეტზე ითამაშა და ისევ და ისევ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად გაიყვანა ეროვნული ნაკრები ასეთი დონის შეჯიბრების პლეი ოფში.

დასკვნა: ამ შემთხვევაში დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან თავად კოკოშკოვი უკვე სლოვენიის ნაკრების თავკაცია. მხოლოდ ის შეგვიძლია დავწეროთ, რომ მისებრი დიპლომატი მწვრთნელი გვჭირდება.

ილიას ზუროსის დრო
ბერძენი ილიას ზუროსი ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია, თუმცა მას, როგორც სანაკრებო მწვრთნელს, კარგად არ ვიცნობთ, ამიტომ ვრცლად ვერ ვილაპარაკებთ. მხოლოდ თითო პლუსისა და მინუსის გამოყოფა შეიძლება:

ბერძენი სპეციალისტი კლუბში მუშაობას ახლო მომავალში არ აპირებს, შესაბამისად, ბევრ სხვა კანდიდატთან შედარებით დიდი პლუსიც ექნება. მართალია, კალათბურთში მიღებულია ნაკრების პარალელურად კლუბში მოღვაწეობა, მაგრამ სად ორ საქმეს რომ გააკეთებს და სად ერთს!

და მეორე: ზუროსს სანაკრებო გამოცდილება ნამდვილად აქვს, თუმცა ხანმოკლე, რითაც ზოგიერთ კონკურენტს ვერ გაუტოლდება. იგი 2011 წლის მარტში საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ევრობასკეტის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსაც დაუპირისპირდა (73:60 აჯობა), ხოლო მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა.

ზუროსის გაწვრთნილმა საბერძნეთმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზური ვერ მოიპოვა და ელინთა ნაკრებს დაემშვიდობა.

ვინაიდან ზუროსის სანაკრებო ხედვასთან დაკავშირებით სრული წარმოდგენა არ გვაქვს, ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის ჰიბრიდი მის გარეშე შევადგინოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე მაინც მგონია,რომ იგი ჭკვიანი, განათლებული,ოჯახში გაზრდილი და ცუდი შესახედაობის არ უნდა იყოს.მირჩევნია თერაპევტი იყოს.
აგული
19:41 24-01-2016
0
მე მაინც შექმნილ ვითარებაში ბაგატსკისი მიმაჩნია ოპტიმალურ ვარიანტად.
სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზუროსის მიმართ.
georgian
01:39 25-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული