გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კალათბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარი გაცხადდა - ბერძენი ილიას ზუროსისა, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

როცა ეს ამბავი უცხოურმა საიტებმა დაწერეს, უმალ გამახსენდა, რომ ზუროსთან ერთად საბერძნეთსა და ლიტვაში მუშაობდა გიორგიოს კეცელიდისი, რომელიც ორიოდე წლის წინათ საქართველოში მოღვაწეობდა, "შსს აკადემიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

გიორგიოს კეცელიდისს საბერძნეთში დავუკავშირდი და ვესაუბრე როგორც მის კარიერაზე, ასევე ჩვენი ნაკრების კანდიდატზე. საქართველოდან წასვლის შემდეგ კეცელიდისი ლიბანის "შამპვილშიც" მუშაობდა, ბოლოს კი კვიპროსის აეკ-ში იყო, რომელთანაც კუნძულზე ჩემპიონი
გახდა. თუმცა შუა სეზონში ბერძენი სპეციალისტისა და აეკ-ის გზები გაიყო. საუბარი სწორედ ამ სიტუაციით დავიწყეთ.

- რა იყო კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი? სამწუხაროდ, არც მე ვიცი, კლუბის პრეზიდენტს მიზეზი არ უთქვამს, ისე მიიღო გადაწყვეტილება. ასე რომ, მეც გაურკვევლობაში ვარ. არადა, წარუმატებელი გუნდი ნამდვილად არ გვყავდა. თავად განსაჯეთ: მოვიგეთ კვიპროსის ჩემპიონატი, სუპერთასი და ევროთასის მეორე რაუნდში გავედით... ჩემპიონატში 2 მატჩი წავაგეთ, ეს თუ იყო მიზეზი...

- სამომავლოდ რას აპირებთ?
- კონკრეტული გეგმები ჯერ არ დამისახავს. ჯერჯერობით ჩემსა და აეკ-ს შორის ფინანსური სიტუაციის გარკვევას ველოდები და შემდეგ ვიფიქრებ მომავალ გუნდზე.

- მოგეხსენებათ, ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია. მას კარგად იცნობთ, ისევე, როგორც ჩვენს ნაკრებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი ვარიანტია ზუროსი ჩვენი გუნდისთვის?
- მასთან ერთად არაერთი წელი ვიმუშავე. ამიტომ არ ვთვლი, რომ ჩემი პოზიცია ობიექტური იქნება. თუმცა, გეტყვით, რომ ზუროსი საქართველოსთვის დიდებული ვარიანტია. ის ხომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და თავის CV-ში უამრავი წარმატება უწერია.

- ილიას ზუროსთან საქართველოს ნაკრების შესახებ თუ ისაუბრეთ?
- არა, ჯერ არ მილაპარაკია.

- საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ, მწვრთნელის ან მეგობრის რანგში?
- საქართველოში სტუმრობა ძალიან მინდა. თქვენს ქვეყანასთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო (საუკეთესო თუ არა) მოგონებები მაკავშირებს. თბილისში ხომ ძალიან კარგი მეგობრები მყავს. საქართველო ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია.

რაც შეეხება მწვრთნელის რანგში ჩამოსვლას... არ ვიცი. მწვრთნელის პროფესია ისეთია, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ხშირად ხდება, რომ მომავალ ნაბიჯს შენ ვერ დგამ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არ მიმიღია შეთავაზება არც საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან და არც რომელიმე კლუბიდან.

არ უარვყოფ, რომ საქართველოს სამუშაოდ კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვეწვეოდი.

- საქართველოში ყოფნის პერიოდიდან ყველაზე მეტად რა გახსენდებათ?
- ბევრი კარგი მოგონება მაქვს. რა თქმა უნდა, საუკეთესო ქვეყნის ჩემპიონობა იყო. ბევრი ვიშრომეთ და ძალიან სასიამოვნო იყო "შსს აკადემიას" კალათბურთელებთან ერთად საჩემპიონო თასის აღმართვა. თავიდანვე გვჯეროდა, რომ ამის მიღწევა შეგვეძლო და შევძელით კიდეც.

სახალისო მოგონებებიდან თბილისში ჩამოსვლიდან პირველი დღის ამბავი მაგონდება. არჩილ ჟღენტთან ერთად ვიყავი, მანქანამ ყინულზე ისეთი ტრიალი შეასრულა, ნამდვილად შემეშინდა, თუმცა ახლა, ამას რომ ვიხსენებ, მეცინება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული