საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სლოვენიაში მზადების მეორე ეტაპს გადის. ჩვენი გუნდი აქტიურად ვარჯიშობს ახალი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით.

20 ივნისი ქართველი კალათბურთელებისთვის დასვენების დღე იყო, 21-ში კი საწვრთნელი პროცესი ჩვეულებრივად განახლდა. გუნდის მომზადებასა და თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილიას ზუროსის ასისტენტი კოტე ტუღუში საუბრობს.

"ერთდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიშები განვაახლეთ და გუნდი ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ძირითადი ყურადღება გადატანილია ტაქტიკაზე. მონახაზის მიხედვით მიმდინარეობს მუშაობა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ტაქტიკაზე. ვფიქრობთ, რომ ოფიციალური მატჩებისთვის გუნდი ტაქტიკურად სათანადოდ უნდა იყოს მზად".

დაგეგმილი იყო, რომ თორნიკე
შენგელიას გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში 21 ივლისს უნდა ჩაეტარებინა.

"თორნიკემ ივარჯიშა. გეგმის მიხედვით მივდივართ. რა თქმა უნდა, სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოველდღიურად უფრო მეტად დაიტვირთება. იგი ამხანაგური მატჩებისა და თბილისში დაგეგმილი ტურნირისთვის უკვე მზად იქნება და გუნდსაც სათანადოდ დაეხმარება", - დასძინა კოტე ტუღუშმა.

მოვუსმინოთ საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების ახალ მწვრთნელ გიორგიოს ვავეცისს:

"ყოველთვის რთულია ზრდასრულ მოთამაშეებთან ახალი ვარჯიშების დანერგვა, თუმცა საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა. ეს ის ვარჯიშებია, რომლებიც კალათბურთელებს სისხარტესა და კოორდინაციას უვითარებს, რის შემდეგაც მათ ნებისმიერი ვარჯიშის შესრულება კიდევ უფრო გაუიოლდებათ. გეგმაზომიერად წინ მივდივართ და გუნდმა სასურველ კონდიციებს ოფიციალური მატჩებისთვის უნდა მიაღწიოს".

კალათბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, ნაკრების შემადგენლობაში სიახლეებია. გუნდს შეუერთდა ბექა ბექაური, რომელიც საქართველოს "ბ" ნაკრებს ჩინეთში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში დაეხმარა. ბექაურთან ერთად სლოვენიაში უნდა ჩამოსულიყო "ბ" ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული ბექა წივწივაძეც, რომელმაც ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სლოვენიაში აღარ ჩასულა. ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა ნიკა მეტრეველმა, რომელსაც ნაოპერაციები საზარდული ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება 3 აგვისტომდე გაგრძელდება, პირველ ამხანაგურ მატჩს კი გუნდი პოდჩეტრტეკში, პორტუგალიასთან 2 აგვისტოს ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
...წაყვანა არ დაგავიწყდეთ!
irakli
11:00 22-07-2016
0
წივწივაძეს ... პრობლემები უფრო აქვს. დააკავეს გუშინ და სად წავიდოდა. ფედერაციამ დისკვალიფიკაცია უნდა მისცეს წესით.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული