საქართველო VS პორტუგალია - ილიას ზუროსის გახსნის დღე

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს, 2 აგვისტოს წლის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მეტოქე პორტუგალიაა.

სწორედ ამ მატჩში შედგება ორი უცხოელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში: მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის და ნატურალიზებული ამერიკელი მაიკლ დიქსონისა. როგორც ჩვენი გუნდის პრესატაშე ირაკლი პერტაიამ გვითხრა, პორტუგალიის ნაკრებიც სლოვენიაში გადის შეკრებას - ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისთვის საკურორტო ქალაქ ლაშკოში ემზადება და სწორედ იქიდან ჩავა პოდჩეტრტეკში, სადაც საქართველოსთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი არ იგეგმება. შეხვედრა დახურული ხასიათისაა, ორივე ნაკრებისთვის პირველია მიმდინარე ციკლში და
სწორედ ამ მიზეზთა გამო მისი ვიდეოტრანსლაცია არ განხორციელდება.

შემადგენლობები
მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის განკარგულებაში სადღეისოდ 15 კალათბურთელია: გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, დუდა სანაძე, ბესო ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, გიგი გოგობერიშვილი, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური.

რაც შეეხება პორტუგალიას, მისი მთავარი მწვრთნელი მარიო პალმაა. მას სლოვენიაში 14 კალათბურთელი ახლავს: მარიო ფერნანდეში, ტომას ბაროზო, პედრო პინტუ, ნუნუ ოლივეირა, ჟოაო ბალსეირო, ჟოზე სილვა, ფაბიო ლიმა, ჟოაო სოარეში, ჟოაო ბეტინიო გომესი, ჟოაო გუერეირუ, მიგელ კეიროში, სტეფან ჯუკიჩი, კლაუდიო ფონსეკა, პედრო ბელუ.

ამ შემადგენლობიდან პორტუგალიის ნაკრებში 8 მოთამაშეა, რომლებიც 2014 წელს, ევროშესარჩევი მატჩისთვის თბილისში ჩამოვიდნენ. მას მერე ორი წელი გავიდა და რადგან კალათბურთელთა უმეტესობა შეინარჩუნეს, ლოგიკურად, პორტუგალიელებს შეკრული გუნდი უნდა ჰყავდეთ.

ცხადია, საქართველოს ნაკრებშიც შენარჩუნებულია ძირითადი ბირთვი და დღეს გამარჯვების იმედიც უნდა გვქონდეს. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ესაა ამხანაგური მატჩი, რომელშიც მწვრთნელები შედეგზე მეტ ყურადღებას ტაქტიკა-სტრატეგიის დახვეწას უთმობენ. თანაც, ორივე გუნდისთვის ეს სეზონის პირველი შეხვედრაა და ოპტიმალურ კონდიციებამდე ორივეს ბევრი უკლია. პირველ ოფიციალურ თამაშს ხომ 31 აგვისტოს ჩავატარებთ (ალბანეთს ვუმასპინძლებთ).

ისტორია
რაც შეეხება საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებათა ისტორიას, ამხანაგურ-ოფიციალურებიანად, საერთო ანგარიში ჩვენ სასარგებლოდაა - 4:1.

სხვათა შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი პირენეელებთან პირველი და ბოლო მატჩებია: პირველად 1999 წელს ვეთამაშეთ. ევრობასკეტი 2001-ის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიის 12 და მეტი სხვაობით დამარცხება გვჭირდებოდა, რომ შესარჩევზე მეორე საკვალიფიკაციოს გარეშე მოვხვედრილიყავით, მაგრამ ძალიან ცოტა დაგვაკლდა, 75:65 მოვიგეთ...

მას მერე საქართველოს ნაკრებში გაცილებით ძლიერი თაობა გამოჩნდა და პორტუგალიაც გემრიელ ლუკმად იქცა. ამ გუნდთან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში, 9 წლის წინ. 2010 წელს სწორედ პორტუგალიელები იყვნენ ჩვენი მეტოქეები, რომლებსაც თბილისშიც ვაჯობეთ და ფაფეშიც.

ხოლო 2014 წელს ევრობასკეტის შესარჩევზე პორტუგალიასთან ორივე მატჩი ისტორიული გამოდგა: პირველი ოვარში ჩატარდა და მეტოქეს 23 ქულით ჩამოვრჩით. ასეთი ჰანდიკაპი საქართველოს ნაკრებს მანამდე არ აღმოეფხვრა და მეტად სანერვიულო მატჩში საბოლოოდ ოვერტაიმში ვიმარჯვეთ.

განმეორებით შეხვედრაში კი სწორედ პორტუგალიის დამაჯერებელი დამარცხებით დავიკავეთ ჯგუფში პირველი ადგილი და მოვიპოვეთ ევრო-2015-ის საგზური. ეს ის მატჩი იყო, რომლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ მიკროფონით მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს. ქომაგთა ემოციებით იმდენად მონუსხულები იყვნენ პორტუგალიელები, რომ თავადაც ტრიბუნებთან მიირბინეს და ქართველებს ევრობასკეტზე გასვლა მიულოცეს.

მატჩამდე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

- შემიძლია ვთქვა, რომ შეკრების დაწყებიდან დღემდე გუნდის მუშაობითა და შედეგებით კმაყოფილი ვარ. შესარჩევი ეტაპისთვის მზადება ადრე დავიწყეთ, რადგან ბევრი სამუშაო გვქონდა.

ოფიციალურ მატჩებამდე უამრავი ნიუანსი გვაქვს მოსასწრები, განსაკუთრებით, დაცვაში.

კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. სამწუხაროდ, თოკო შენგელიას ტრავმის გამო მომზადებაში ხელი შეეშალა, თუმცა მიხარია, რომ იგი ჩვენთანაა, მოგვყვება და უშუალოდ მოედნიდან ეცნობა სიახლეებს. კარგია, რომ იგი უკვე შეუდგა მზადებას.

ამხანაგურ მატჩებს 2 აგვისტოს, პორტუგალიით ვიწყებთ, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, მზად ვიყოთ ოფიციალური შეხვედრებისთვის, რომლებიც 31 აგვისტოს დაიწყება. მოგეხსენებათ, შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ალბანეთის წინააღმდეგ ჩავატარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული