ზაზა ფაჩულია: ეს არის შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ქართული სპორტის ისტორიაში ტოპ-ტრანსფერი განხორციელდა - NBA-ს საჩემპიონო გუნდში გადავიდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია. იგი "გოლდენ სტეიტში" ივლისში გამოცხადდა და ოკლენდური შთაბეჭდილებები საკუთარ აკადემიაში, ვარჯიშის შემდეგ გაგვიზიარა. ცხადია, აქტუალურია სანაკრებო თემაც...

- NBA-ში თავისუფალ აგენტთა ბაზარი ყოველწლიურად პირველ ივლისს იხსნება და პირველივე დღიდან ჩნდება სხვადასხვა ვარიანტი. ეს შეიძლება უბრალო სატელეფონო ზარი იყოს, შეიძლება - სერიოზული ინტერესი, არის ოფიციალური შემოთავაზებებიც და ა.შ. ეს საქმიანი პროცესია. წინადადებებიდან ზოგი მე არ მაძლევდა ხელს, ზოგ შემთხვევაში გუნდს არ აწყობდა ჩემი
პირობები, თუმცა ბოლოს, გადაწყვეტილების მიღების დრო რომ დადგა, სამი-ოთხი კარგი კონტრაქტი მქონდა. არჩევის პროცესი მეტისმეტად რთული გამოდგა, რადგან იყო გუნდები, რომლებიც უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ.

- მათ შორის "ვაშინგტონ უიზარდსი", რომელთანაც, ამერიკული მედიის მტკიცებით, 20-მილიონიან კონტრაქტზე მიმდინარეობდა ლაპარაკი...
- გუნდებსა და თანხებს ახლა უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა არ უარვყოფ, მართლაც იყო "ვაშინგტონი" და უკეთესი კონტრაქტი თანხის მხრივ. უბრალოდ, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და მიმაჩნია, რომ "გოლდენ სტეიტში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი კარიერისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მომავლისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ასეთ გუნდში ქართველის ხილვა, ალბათ, ბევრი გულშემატკივრის ოცნებაა.

"უორიორზში" თამაში ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს, ამერიკაში ასეთი მიზნების კლუბში ჯერ არ მითამაშია, საერთო აღიარებით ხომ იგი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, სადაც NBA-ს გამორჩეული ვარსკვლავები თამაშობენ.

- "ატლანტა ჰოქსში" გატარებული 8 წლის შემდეგ "მილუოკი ბაქსში" 2013 წელს გადახვედი. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა როლი - "ბაქსშიცა" და "დალასშიც" სასტარტო ცენტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყავი. დღევანდელი გადასახედიდან, "ატლანტაში" ზედმეტად დიდხანს ხომ არ მოგიწია შეყოვნება?
- კალათბურთი ბიზნესივითაა, ყოველ გადაწყვეტილებას ახლავს რისკი. როდესაც თავისუფალი აგენტი ხარ, გადაწყვეტილებას შენ იღებ - საითაც გინდა, იქით წახვალ, თუ სურვილი გექნება, იმავე გუნდში დარჩები...

ამიტომ ვამბობ ხშირად, კალათბურთელისთვის მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ჭკუა, ინტელექტი, მომავლის სწორი ხედვა. კალათბურთელი კარიერაში რამდენიმეჯერ დგება გზაგასაყარზე და სწორედ მაშინ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი.

თუმცა ყველაფერი ფული არ არის, მინდა ეს ახალგაზრდა მოთამაშეებმაც იცოდნენ, ვინც მისმენს, ვინც წაიკითხავს. რა თქმა უნდა, კარიერაში ფულიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მომენტები, როცა მატერიალურ მხარეზე უფრო მაღლა სწორი გადაწყვეტილების მიღება დგას. სწორი კი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მოგცემს მოუმატო, უკეთესი კალათბურთი ითამაშო.

ფული ძალიან მალე იხარჯება, დროც მალე გადის და ისეთი გუნდის არჩევა, სადაც ბევრს ითამაშებ და ლიდერის ფუნქცია დაგეკისრება, უფრო გაგიხანგრძლივებს კარიერას. ასეთ გუნდში მეტს ისწავლი, მეტ გამოცდილებას მიიღებ, რეპუტაციასაც აიმაღლებ...

ასე რომ, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვლელი.

- "ატლანტა"...
- ყოველთვის, როცა ახალი კონტრაქტის გაფორმება მიწევდა, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ ვიღებდი. ბევრს ვფიქრობდი და მიმაჩნია, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სწორ ნაბიჯს ვდგამდი. "ატლანტა ჰოქსში" 8 წელი გავატარე. ეს კარგი 8 წელი იყო, რომლის დროსაც გავიზარდე, როგორც პროფესიონალი. ჯორჯიელებთან პირველი ოთხწლიანი ხელშეკრულება რომ დამიმთავრდა, რამდენიმე სხვა ვარიანტი მქონდა. ერთ-ერთი "სან ანტონიო" იყო.

ძალიან კარგად მახსოვს ის ზაფხული და ყველა საკონტრაქტო ნიუანსი. მაშინ ბევრი ფიქრის შემდეგ "სან ანტონიოს" უარი ვუთხარი და "ატლანტასთან" კიდევ ერთი ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. არ ვიცი, შეიძლება ეს სწორი იყო, შეიძლება - არა, მაგრამ "ჰოქსში" იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რომ დარჩენა ვამჯობინე.

- ჯორჯიის შტატში გატარებული 8 წლის შემდეგ იყო ვისკონსინი, ქალაქი მილუოკი. "ბაქსში" გადასვლის მართებულობას, ალბათ, კითხვის ნიშნები არ ახლავს...
- "მილუოკისთან" კონტრაქტის გაფორმება, ეს იყო საუკეთესო, ჩემს თავს რაც მოხდა. აღმოვჩნდი სხვა ხალხში, სხვა გარემოში, სხვა სიტუაციაში, დამეკისრა სხვა ფუნქციები. "ბაქსი" ისეთი დიდი გუნდი არ არის, როგორც "დალასი", "გოლდენ სტეიტი", "ნიუ იორკი" ან "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". "მილუოკი", ასე ვთქვათ, "პატარა ბაზრის" გუნდია, მაგრამ მთავარი სულ სხვა იყო - გუნდში ლიდერის როლი მქონდა და ზუსტად ამიტომ იყო, რომ შარშან, "დალასში" კარიერის საუკეთესო სეზონი გამომივიდა.

"მილუოკიში" ლიდერის თვისებებზე მომიწია მუშაობა, მწვრთნელიც მენდობოდა, თან როგორი მწვრთნელი?! - ჯეისონ კიდი, რომელიც დაბადებულია ლიდერად. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მასთან თანამშრომლობა. ბევრი რამ შევიძინე, ვისწავლე. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ მასთან გუნდში მხოლოდ ერთი წელი მომიწია ყოფნა.

- არადა, "მილუოკი ბაქსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გაკავშირებდა...
- ატლანტური 8 წლის და მილუოკური ორწლიანი გამოცდილების შემდეგ მართლაც მოულოდნელად აღმოვჩნდი ყველაზე დიდ გუნდში, სადაც აქამდე მითამაშია. ეს არის "დალას მავერიქსი". ივლისში, ერთ დილას ვარჯიშიდან გამოვედი და ტელეფონზე აგენტმა დამირეკა - ბარგი ჩაალაგე, "დალასში" მიდიხარო. გუნდებმა გაცვლა განახორციელეს. ეს ჩემთის დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ჩემი კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი.

"დალასში" სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. მანამდე, 11 წლის განმავლობაში ("ორლანდო", "ატლანტა", "მილუოკი") სულ ახალგაზრდა თანაგუნდელები მყავდა, 18-20 წლის ბიჭები. "ატლანტაში" ჯოშ სმიტი, ელ ჰორფორდი, მერვინ უილიამსი... მეც ახალგაზრდა ვიყავი, მათთან ერთად ვიზრდებოდი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ვეტერანისგან სწავლობ.

"დალას მავერიქსში" 37 წლის დირკ ნოვიცკი დამხვდა, უმეტესობა 30 წელს გადაბიჯებული იყო. ძალიან ვისიამოვნე, რადგან პირველად მომიწია ისეთ კალათბურთელებთან მოედანზე გვერდით ყოფნა, რომლებმაც კალათბურთი იციან... თამაში ყველამ იცის, უბრალოდ, სწორი კალათბურთის თამაშს ვგულისხმობ. ისეთი თანაგუნდელები მყავდა, რომლებსაც ბევრი რამ ჰქონდათ ნანახი, გამოვლილი, ამა თუ იმ სიტუაციაში ადრეც არაერთხელ აღმოჩენილან და იციან, როგორ მოიქცნენ, რა არის სწორი და რა - არა. რამდენიმე მოთამაშეს საჩემპიონო ბეჭედიც აქვს: ჯეი ჯეი ბარეას, დირკ ნოვიცკის...

"დალასის" ორგანიზაცია საკმაოდ გამოცდილია, გუნდმა რამდენჯერმე ფინალი ითამაშა, 2011 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა. ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე, რომ 2015-16 წლების სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო.

- ამას მოჰყვა შარშანდელი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი"...
- ახალი სეზონიდან საჩემპიონო გუნდში მომიწევს თამაში, რასაც წინ გადადგმულ ნაბიჯად ვთვლი. რომ გადავხედოთ შედეგებს (ბოლო ორ წელს ორი ფინალი აქვს ნათამაშები), შემადგენლობას, სატრანსფერო პოლიტიკას (კევინ დურანტი დაიმატეს), რეალურად რომ ვიმსჯელოთ, საჩემპიონო გუნდია.

თუმცა NBA-ში პირველობა იოლი სულაც არ არის, თავიდან ბოლომდე სწორი გზით სიარულია აუცილებელი, ზოგმა რაღაც უნდა დათმოს, რადგან სუპერვარსკვლავი რომ გემატება, ფუნქციებიც სხვადასხვანაირად ნაწილდება. თუმცა სტივ კერის სახით იმდენად კარგი მწვრთნელი გვყავს, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს კარგად დააბალანსებს. იმედი მაქვს, ტრავმის გარეშე ჩაივლის ესოდენ გრძელი სეზონი, რომელიც სამმა უკვე დაიწყო - გრინი, დურანტი და ტომპსონი აშშ-ის ნაკრებთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე თამაშობენ. მეც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ და შემდეგ გავემგზავრები ოკლენდში.

საკმაოდ საინტერესო და რთული სეზონი გველის. კარგია, რომ ყველა გამარჯვებას იქნება მოწყურებული, რადგან "გოლდენ სტეიტს" წლეულს NBA-ს ფინალში წაგების ძალიან ცუდი გემო აქვს დარჩენილი. მით უმეტეს, როდესაც 3:1 დაწინაურების შემდეგ სერიას 3:4-ს აგებ. ბოლო სამიდან ერთი მატჩიც ზედიზედ მეორე ჩემპიონობას ნიშნავდა, მაგრამ "უორიორზმა" ეს ვერ შეძლო.

ახალ სეზონში "გოლდენ სტეიტი" მობილიზებული, მოტივირებული გამოვა, რათა სამაგიერო გადაუხადოს არა "კლივლენდს" ფინალში წაგებისთვის, არამედ NBA-ს 29 გუნდს.

- ოკლენდიდან ახლახან დაბრუნდი. იქ რომელიმე ახალ თანაგუნდელს ხომ არ შეხვედრიხარ?
- რადგან ზაფხულია, ყველა ისვენებს. ამიტომ გუნდში არავინ დამხვედრია. კევინ დურანტიც ჩავიდა, პრეზენტაციას დაესწრო, მედიას შეხვდა და ამერიკის ნაკრებს შეუერთდა. "უორიორზიც" ლას ვეგასში იყო საზაფხულო კემპზე. თუმცა ჩემთან ვისაც ჰქონდა საქმე, ყველა ადგილზე დამხვდა - ექიმი, იურისტები. სამედიცინო შემოწმება გავიარე და კონტრაქტი გავაფორმე.

ჩემს ამერიკაში ყოფნას "გოლდენ სტეიტის" საბავშვო კემპი დაემთხვა და, რა თქმა უნდა, დავესწარი. მოგეხსენებათ, ძალიან მიყვარს პატარებთან ურთიერთობა, მეც ვისიამოვნე და მათაც გაიხარეს. მცირე ტესტიც ჩავუტარე, მაინტერესებდა, იცოდნენ თუ არა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი...

ქალაქში გასული გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა, ასე მასშტაბურად თუ უყურებენ კალათბურთს და გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდს. აღფრთოვანებული დავრჩი იმ სითბოთი, იმ სიყვარულით, რაც თითოეული გულშემატკივრისგან მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ "გოლდენ სტეიტში" ჯერ ერთი მატჩიც არა მაქვს ჩატარებული.

- საქართველოს ნაკრებს როდის შეუერთდები (ინტერვიუ უქმეებზეა ჩაწერილი)?
- უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვი, გუნდი მე შემომიერთდება. თბილისში ვარ, ვემზადები და ველი, მოსკოვური ტურნირის შემდეგ ნაკრები საქართველოში რომ დაბრუნდება, ვარჯიშსაც მასთან ერთად განვაახლებ და თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც ვითამაშებ.

დიდი ხანია, ინდივიდუალურად, მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ, ვცდილობ, საქმეს გონივრულად მივუდგე. საკმაოდ დატვირთული სეზონი მქონდა, რის შემდეგაც დასვენებაც საჭიროა და დროულად ვარჯიშის განახლებაც. ვფიქრობ, უფრო რთული და გრძელი სეზონი მელის. ჯერ ნაკრები, შემდეგ კლუბი. NBA-ს სხვა კალათურთელებთან შედარებით ადრე მიწევს სეზონის დაწყება და რაც ასაკი გემატება, მით უფრო ჭკვიანურად უნდა მიუდგე, რომ სწორად დაგეგმო წინასასეზონო პერიოდი.

ნაკრების მწვრთნელსაც ველაპარაკე, ერთნაირად ვფიქრობთ, დრო საკმარისია საიმისოდ, რომ ახალ კონცეფციას გავეცნო, ვარჯიშიც მოვასწრო და თამაშიც. ამასთან, ინდივიდუალური ვარჯიშიც საჭირო იყო.

- NBA-ს წლევანდელ სეზონში ერთი ფუნქციაც შეგეცვალა: ხშირ შემთხვევაში არა შენი ამპლუის ცენტრებს, არამედ უფრო სწრაფ და სახიფათო მძიმე ფორვარდებს მეურვეობდი, თუნდაც იმავე ბლეიქ გრიფინს, ჩერნოგორიელ ნიკოლა ვუჩევიჩს, რომელიც სექტემბერში ნაკრებთან ერთად თბილისში ჩამოვა...
- "დალასის" მწვრთნელის მითითებით ყოველთვის უფრო ძლიერ, ტანმაღალ კალათბურთელს ვიჭერდი, რადგან ჩემი თანაგუნდელი, დირკ ნოვიცკი, სისწრაფიდან გამომდინარე, თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა სწრაფი ფორვარდების დევნისას. ტოპ-მოთამაშეებთან ჭიდილი ჩემთვისაც საინტერესო იყო, რადგან ყოველთვის გინდა საუკეთესო კალათბურთელის წინააღმდეგ ითამაშო. კარიერაში სწორედ ეს დაგამახსოვრდება. სწორედ მაშინ მატულობს შენი ფასი, როდესაც ვარსკვლავს მეურვეობ და კარგად გამოგდის.

- ერთი მათგანი, ვუჩევიჩი შესარჩევ ეტაპზე დაგვიპირისპირდება. როგორ გესახება სანაკრებო პერსპექტივა?
- ალბანეთთან და სლოვაკეთთან მატჩებსაც დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ, თუმცა, ჩვენთან ერთად ჯგუფის და საერთოდ, შესარჩევი ეტაპის ფავორიტი ჩერნოგორიაა. პირველ რიგში, მის მწვრთნელზე ვიტყვი - ბოგდან ტანიევიჩი ძალიან გამოცდილია, უამრავი ტიტული აქვს მოგებული და ჩერნოგორიასაც კარგად მოამზადებს შესარჩევი ეტაპისთვის. არც კალათბურთელები ჰყავს ნაკლები, არიან NBA-ს და ევროლიგის გამოცდილებით. ნიკოლა პეკოვიჩი არ ჩამოვა, გუნდის ლიდერი ნიკოლა ვუჩევიჩი იქნება, ნიჭიერი, ძლიერი კალათბურთელი.

თუმცა, რაოდენ ძლიერი მეტოქეც უნდა გვყავდეს, ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, როგორ გავალთ და რა გზით, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, პირველი ადგილით გავიდეთ, თუმცა მთავარია, მეოთხედ მოვხვდეთ ევრობასკეტზე.

- ზაზა ფაჩულიას აკადემიაზეც ვთქვათ. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან?
- შარშან აკადემია აგვისტოში ჩავიბარე, თუმცა ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის ვემზადებოდი და გახსნა ცოტა დაგვიანდა, მუშაობა პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ. საბოლოოდ 354 ბავშვი შეიკრიბა და საკმაოდ ნაყოფიერადაც იმუშავა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან ერთად. წლეულს სეზონისთვის მოსამზადებლადაც საკმარისი დრო გვაქვს და ჩვენი გუნდები "ა" ლიგის შესარჩევებში ჩაერთვებიან.

მთავარი მიზანია, ბავშვებმა მოუმატონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ნამდვილად არ მაქვს ამბიცია, გინდა თუ არა, ჩემპიონები გახდნენ. ასეთი მიდგომა არასწორია. მირჩევნია, ბავშვი სწორად გაიზარდოს და დიდი კალათბურთელი გამოვიდეს. ჩემთვის ეს ჩემპიონობაცაა და ოქროს მედალიც.

მართალია, წინასწარ ვიცით, რომ უკლებლივ ყველა დიდ კალათბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ ისეთ სისტემას ვქმნით, რომ ყველას თავისი მაქსიმუმი მივაღწევინოთ. შესაძლებლობის რეალიზების პრობლემა საქართველოში ყოველთვის მწვავედ იდგა.

- ასევე დიდი პრობლემაა არასათანადო სამედიცინო ყურადღება...
- ამ მხრივ, საქმე ჩვენთან მოწესრიგებულია. გვყავს ექიმი, რომელიც სათანადო ყურადღებას უთმობს გუნდებს. ქართულ სპორტში ფსიქოლოგების დეფიციტიცაა. ჩვენი გუნდები საზღვარგარეთ გასვლებით, სხვა ქვეყნის კლუბებთან ურთიერთობით განებივრებულები არ არიან. მსოფლიოსთან, ევროპასთან გახსნილები არა ვართ, ამიტომაა აუცილებელი ფსიქოლოგის კონსულტაცია.

ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რაშიც ძალიან გვეხმარება ჩვენი ფსიქოლოგი. მოზარდი სწორად უნდა მიუდგეს საქმეს, კარგად ჰქონდეს გააზრებული, რა უნდა და რის ხარჯზე შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა. ჩვენი დარბაზების კედლებზე დიდი შრიფტითაა დაწერილი ცნობილი კალათბურთელების გამონათქვამები. ნებისმიერ ბავშვს, ვისაც რამდენიმე ვარჯიში მაინც ჩაუტარებია, აუცილებლად ემახსოვრება ეს ფრაზები. სხვანაირად დიდ სპორტსმენობაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ვარსკვლავები პატარებს ასწავლიან: თუ დისციპლინა, პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა არ გექნებათ, თუ სუსტ მხარეს ძლიერ კომპონენტად არ აქცევ (ბევრი ვარჯიშით), არაფერი გამოგივა...

- დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშის განათლებასაც...
- ევროპაშიც და ამერიკაშიც სხვადასხვა ტიპის, შეხედულების კალათბურთელს შევხვედრივარ. ყველა ინდივიდუალურია, თუმცა ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ დღეს თუ მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ხარ და ინტელექტი არ გაქვს, არავინ გაფასებს. მოედანზე თუ მის მიღმა კალათბურთელი უნდა აზროვნებდეს, კომუნიკაცია ჰქონდეს მწვრთნელთან, თანაგუნდელებთან, მასმედიასთან...

თუ კალათბურთს კარგად თამაშობ, მაგრამ მოედნის მიღმა არასწორად იქცევი, მაშინაც კლებულობს შენი ფასი. მწვრთნელსაც და გულშემატკივარსაც ისეთი მოთამაშეები სჭირდებათ, რომლებიც დარბაზშიც სამაგალითონი არიან და მის გარეთაც. აქედან გამომდინარე, აკადემიაშიც დიდ ყურადღებას ვაქცევთ სწავლას. ჩვენს წარმომადგენლებს ყველა ბავშვის სკოლასთან აქვთ კავშირი და ყოველთვიურად მოწმდება, როგორ სწავლობს იგი. თუ ჩვენთანაც ჩავარდნა აქვს და სკოლაშიც, მაშინ საქმეში ჩვენი ფსიქოლოგი ერთვება, რათა მიზეზები გავიგოთ და დროულად აღმოვფხვრათ.

ასე რომ, ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ და მომავალ სეზონს იმედის თვალით ვუყურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
შესანიშნავი ინტერვიუ არის. ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ დაფიქრდები ადამიანი ბევრ რამეზე, გადააფასებ ზოგიერთ ღირებულებას, დიდი სპორტსმენის თვალით დაინახავ სპორტის სამყაროს. მომეწონა ახალგაზრდების განათლებაზე დასმული კითხვა-პასუხი. მადლობა ლელოს და ავტორ ბატონ სიმონიშვილს.
ლუკა
10:49 17-08-2016
0
გაიხარე ზაზა. წარმატებები!!!!
tuko
17:44 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული