საქართველო-რუსეთი 97:100 (დ.დ.) - აი, რატომ მიყვარს კალათბურთი!

AutoSharing Option
ერთწლიანი შესვენების შემდეგ თბილისს სანაკრებო კალათბურთი დაუბრუნდა. სპორტის სასახლეში შეიკრიბნენ ჰოლანდია, რუსეთი, უკრაინა, საქართველო და მერიის თასზე საინტერესო ორთაბრძოლები გააჩაღეს. ქართველი გულშემატკივრის წინაშე პირველად წარდგნენ მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ნატურალიზებული მაიკ დიქსონი... პირველადი შთაბეჭდილება დადებითია.

საქართველოს ნაკრებმა ჯერ ჰოლანდიის წინააღმდეგ ითამაშა (77:66), შემდეგ - უკრაინის (73:69), ბოლო დღეს კი, საჩემპიონო მატჩში რუსეთს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში, ანგარიშით 97:100 დამარცხდა (იხილეთ სრული სტატისტიკა).

* * *
- აი, ამიტომ მიყვარს კალათბურთი! - მთელი ხმით დაიყვირა ჩემ გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა გულშემატკივარმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში
ენერგიულად ქომაგობდა საქართველოს ნაკრებს, - თამაში წაგებული მეგონა და აი, მოგების შანსი გვაქვს. მიყვარს ქულები, გოლები, ბოლოს ოთხჯერ ვიყავი ფეხბურთზე და ერთი გოლიც არ გაგვიტანია...

ეს შეძახილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე მოვისმინე, როდესაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, ორქულიანი ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა (86:86) და თან ჯარიმის ტყორცნის უფლებაც მიიღო.

მას საჯარიმოც რომ გამოეყენებინა, რუსებს თამაშის გადასარჩენად ძალიან მცირე დრო დარჩებოდათ. თუმცა ბურთი კალათში ვერ ჩაეშვა. ბექა ბურჯანაძემ მოხსნა, ჩაბრუნება სცადა, მაგრამ გამარჯვებისა ვერც მან ჩააგდო.

დაინიშნა ოვერტაიმი, რამაც ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო გააერთიანა, გაახსენა 2014 წელი, უნგრეთთან და პორტუგალიასთან შეხვედრები, როცა ხმაურისგან დარბაზი ინგრეოდა. მეტოქე კი შეცდომებს უშვებდა. მაიკლ დიქსონი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად, გულიანად მოუწოდებდა მხარდაჭერისკენ.

...თუმცა რუსეთის ნაკრები, უნგრეთისა და პორტუგალიისგან განსხვავებით, ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს და ქართველი გულშემატკივრის დაწოლასაც გაუძლო. ოვერტაიმში სამქულიანების ტყორცნისასაც არავის აჰკანკალებია ხელი. საქართველოს ნაკრების მოთამაშეები კი ბოლომდე მედგრად იდგნენ, თუმცა მეორედ თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ ეყოთ. ჩვენს გუნდში ხომ ძირითადად 8 კალათბურთელი დაიტვირთა, როცა რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ყველა კალათბურთელს თანაბრად გაუნაწილა დრო და ბოლო წუთებისთვის ლიდერები შემოინახა.

არ უთამაშიათ მთლად ლიდერებს, ალექსეი შვედსა და ტიმოფეი მოზგოვს. ამ უკანასკნელის არყოფნაში ჩვენმა მეტოქემ აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთა, ბოლო სამ თამაშში 100-ზე მეტი სამქულიანი ისროლა. გუშინ სულაც 36-ჯერ სტყორცნა პერიმეტრიდან და 14 ჩააგდო. სწორედ ამიტომ წავაგეთ, თორემ იყო კომპონენტები, რომლებშიც რუსეთის ნაკრები აშკარად დავჩაგრეთ. ეს მეტოქის მწვრთნელმა სერგეი ბაზარევიჩმაც აღნიშნა - ფარი წავაგეთო.

მოხსნებში რუსებს 56:33 ვაჯობეთ. ეს "ფარის წაგება" კი არა, ფარის ჩამოხსნაა. სამწამიანი ზონიდან კი მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტი ქულა ჩავაგდეთ - 38:20. მაშინაც კი, როცა ზაზა ფაჩულიამ ხუთი ფოლის გამო მოედანი დატოვა, ქართველებს ფარი არ დაუთმიათ. ზაზას მსაჯმა ტექნიკური ჯარიმა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:50 წუთით ადრე მისცა. იმ მომენტისთვის რუსები 86:82-ს იგებდნენ, თუმცა, როგორც გითხარით, შენგელიამ ორი ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა.

"როდესაც ზაზა მოედნიდან გამოდიოდა, დავფიქრდით, ცენტრი გიორგი შერმადინი შეგვეყვანა თუ ფორვარდი ბექა ბურჯანაძე. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ბექას დავყრდნობოდით, ტანდაბალი ხუთეულით გვეთამაშა (ცინცაძე, დიქსონი, სანიკიძე, შენგელია, ბურჯანაძე), უფრო მობილურად გვემოძრავა დაცვაში, რადგან რუსებს აქცენტი სამქულიანებზე ჰქონდათ გაკეთებული და მაღალი სიზუსტით აგდებდნენ.

ვფიქრობ,  ჩვენმა გადაწყვეტილებამ გაამართლა. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ შერმადინისა და ზაზა ფაჩულიას გარჯით. რომ არა ისინი, ფარქვეშ ასეთ უპირატესობას ვერ მოვიპოვებდით", - აღნიშნა ნამატჩევს ილიას ზუროსმა.

შეხვედრის ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო თორნიკე შენგელიამ მიიღო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში თამამად იკისრა ლიდერის ფუნქცია და მშვენივრადაც შეასრულა.

მეორეადგილოსანი საქართველოს ნაკრები ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა, ხოლო პირველადგილოსანთა კაპიტან ვიტალი ფრიძონს თასი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

თბილისის მერიის თასი 2016
ა გუნდი თ მ წ ქ
1. რუსეთი 3 3 0 6
2. საქართველო 3 2 1 5
3. უკრაინა 3 1 2 4
4. ჰოლანდია 3 0 3 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვეთანხმები ”არ დამბლოკო”-ს, ეს უბედურება კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით მოიშორეთ!!! ვინც ცოტა მაინც აზრზეა კალათბურთის 10 ბალიანი სისტემით 5-ზე თუ შეაფასებდა ჩვენს თამაშს! გეყოფათ ეს ურა პატრიოტიზმი და არაა აქ ნაცების თუ ქოცების შედარებების ადგილი! გაუსწორეთ თვალი რეალობას და ისე იმსჯელეთ, თორემ კალათბურთსაც ერთი ნაბიჯი აშორებს ქართული ფეხბურთისნაირ წიმპესი რომ აღმოჩნდეს!გუსინდელ თამაშს რაც შეეხება, შედეგიდ ნუ იმსჯელებთ, ვინ რას აკეთებდა მოედანზე ისე შეაფასეთ. ბევრი პრობლემა გამოვლინდა, მაგრამ ჩემთვის როგორც ზაზას დიდი გულშემატკივრისთვის მართლა აუტანელი სანახავი როგორც მან მიიღო მე-5 პერსონალური! ამხანაგურ თამაშში ესე თუ ვერ თოკავ თავს, ოფიციალურში რაღას უნდა ელოდოო ა?! აიღე მაგალითი ოლიმპიადაზე როგორ იქცევიან ავსტრალიელი, ფრანგი თუ ლიტველი ნბა-ს მოთამაშეები, მით უმეტეს გუნდის ლიდერები!!! ვინ იქცევა ასე აგრესიულად და შედეგად დააღალატა გუნდი. დიდი იმედი მაქვს მეტი ესეთი შეცდომა ზაზას აღარ მოუვა!და ბოლოს, დაამატეთ ძირითადი გამთამაშებელი, ცინცაძის იმედზე შორს ვერ წავა ჩვენი ნაკრები.
პაატა
19:19 15-08-2016
0
დახურეთ რა პირველი არხი საერთოდ .ჯერ კარტოფილებით იღებენ თამაშს მერე ეს ბირჟის კომენტატორები.
lasha
19:43 15-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული