ტკივილებს 1-2 წელი ვითმენდი - ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან

AutoSharing Option
თბილისში მყოფ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ალექსეი შვედი და ტიმოფეი მოზგოვი აკლდნენ. მოზგოვის ყოფნა ჩვენთვის უკეთესიც იქნებოდა, ზოგჯერ ფარქვეშიდანაც შემოგვიტევდნენ, იქ კი ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი საკადრისად დახვდებოდნენ. შვედი კი საქმეს უფრო გაგვირთულებდა, რადგან რუსებმა ისედაც ბევრი სამიანი ჩააგდეს (14)...

თუმცა იყო კალათბურთელი, რომელიც საქართველოს უფრო მეტად აკლდა, ვიდრე რუსებს შვედი და მოზგოვი ერთდროულად. ეს არის მანუჩარ მარკოიშვილი.

სხვათა შორის, ევრობასკეტზე მანუს რუსებისთვის 5 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. თბილისის საერთაშორისო ტურნირის მსვლელობისას მანუჩარი შეხვედრებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. იგი ტრავმირებულ მუხლს
მკურნალობს. როდესაც ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადება დაიწყო, იყო იმედი, რომ ოფიციალურ მატჩებამდე მარკოიშვილი ტრავმას მოიშუშებდა, თუმცა...

მანუჩართან საუბარი თბილისის საერთაშორისო ტურნირით დავიწყეთ. შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ.

- იყო ბევრი დადებითი, უარყოფითი ემოცია. თუმცა, მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, ბიჭების ბრძოლისუნარიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში დიდი როტაცია არ არის, დიდი დატვირთვა რამდენიმე კალათბურთელზე მოდის, მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, სამივე მატჩი სტაბილურად ჩაატარა.

განსაკუთრებით რთული რუსეთთან შეხვედრა იყო. თუ მოსკოვში მშვენივრად ჩატარებული 20 წუთის შემდეგ მეტოქემ აშკარად გვაჯობა, ამჯერად, თბილისში თანაბრად ვიბრძოლეთ, ოვერტაიმიც ვითამაშეთ და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით.

- არადა, სამ დღეში გუნდმა ერთმანეთზე რთული სამი მატჩი ჩაატარა.
- სწორედ რუსეთთან გამოჩნდა, რომ ნაკრებს აქამდე კარგად უშრომია, ფიზიკურად საკმარისადაა მომძლავრებული. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ ოფიციალური მატჩებისთვის კალათბურთელები უკეთეს კონდიციებში იქნებიან. ცხადია, რაც უფრო დაძაბულია მატჩი, მით კარგად ჩანს ამა თუ იმ გუნდის ხარვეზი. ჩვენი ნაკრები ჯერ მზადების შუა ეტაპზეა და მჯერა, მწვრთნელის მითითებით 31 აგვისტომდე ბევრი ხარვეზი გამოსწორდება.

შესაძლოა, გულშემატკივარს ერთი მოსაზრება ჰქონდეს, მე - სხვა, ჟურნალისტს კიდევ სხვა, მაგრამ ილიას ზუროსმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, გუნდი მისი გეგმის მიხედვით ემზადება და დარწმუნებული ვარ, მასზე უკეთ არავის შეუძლია მინუსების პლუსებად ქცევა.

- 2014-15 წლების სეზონში ცსკა-ში თამაშობდი. თბილისის ტურნირზე ბევრი ახლობელიც ჩამოვიდა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ თუ გქონდა მათთან შეხვედრისა და გასაუბრების დრო.
- საკმარისად. საქართველოს შესახებ ბევრი რამ აქამდეც იცოდნენ. შევხვდი ვორონცევიჩს, ფრიძონს, მპირდებოდნენ კიდეც, როცა მოვიცლით ჩამოვალთო, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეს. შარშან ცსკა-სთან ერთად იყვნენ საქართველოში, თუმცა ერთი დღით. სხვათა შორის, ფრიძონი დამპირდა, სანაკრებო ამბების შემდეგ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვალო.

რაც შეეხება საკალათბურთო ამბებს, მათაც იცოდნენ, რომ ქართველებმა გულიანი ქომაგობა ვიცით, ჯიგარი არასოდეს გვაკლდა, თუმცა ასეთ დარბაზში თამაშით ნასიამოვნები დარჩნენ. თუ დააკვირდით, მატჩის შემდეგ მათ ქართველ ქომაგს ტაში დაუკრეს. ევროპის უამრავ დარბაზში უთამაშიათ და იციან, თუნდაც მეტოქის კარგი გულშემატკივრობის ფასი.

- ალბათ, ძალიან ძნელია ტრიბუნებიდან საკუთარი გუნდის თამაშის თვალის დევნება.
- ემოციური თვალსაზრისით მართლაც რთულია. გინდა, ნაკრებს დაეხმარო, მეგობრების გვერდში იყო, მაგრამ ცუდია, რომ ამის საშუალებას ტრავმა არ გაძლევს.

- კონკრეტულად რა გაწუხებს?
- მარტივი ენით რომ ვთქვა, მუხლთან, ოთხთავა კუნთის მიმაგრების ადგილია დაზიანებული. მას დროული მიხედვა სჭირდებოდა, მაგრამ შარშან სათანადოდ ვერ მივაქციე ყურადღება, ვთამაშობდი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და სიტუაცია გაართულა. ამ ყველაფერმა მუხლის სხვა ადგილებზეც იმოქმედა და ახლა კომპლექსური მკურნალობაა საჭირო. ტკივილებს 1-2 წელი ვითმენდი. ეს არავის დაუძალებია, ჩემით გადავწყვიტე ასე, თუმცა ახლა, როგორც ვთქვი, სიტუაცია გართულებულია და კარგი მკურნალობაა საჭირო, საიმისოდ, რომ მუხლის ეს პრობლემა გადაილახოს.

- ბელგიაში იყავი. ოპერაცია არ დაგჭირდა?
- აქაურ ექიმებთანაც გავიარე კონსულტაცია და უცხოელებთანაც. მითხრეს, რომ მდგომარეობის გამოსწორება ოპერაციის გარეშე შეიძლება. თუ შედეგს არ მოგვცემს, ამის შემდეგ ვიფიქროთ ოპერაციაზეო.

- როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია?
- დიდი ხანია ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ვარ, მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებ, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. ნაკრებიდან გამათავისუფლეს, სამწუხაროდ. მაგრამ ისიც არ ვიცი, კიდევ რამდენი დრო დამჭირდება სამკურნალოდ, ერთი თვე? უფრო ნაკლები, თუ მეტი... ახლა "დარუშაფაკასგან" ველი უფლებას, რომ სამკურნალოდ ბელგიაში დავბრუნდე.

- სტამბოლურ კლუბში გატარებული გასული სეზონი როგორ გახსენდება?
- ვერ ვიტყვი, რომ მთლად სასიამოვნო გასახსენებელი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. ევროლიგის ტოპ-16-შიც ვითამაშეთ; თურქეთის თასის ფინალშიც ვიყავით ("ფენერბაჰჩესთან" დავმარცხდით); ხოლო თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში, დარწმუნებული ვარ, "ეფესის" გავლა შეიძლებოდა, მაგრამ 0:3 დავმარცხდით, არადა იყო ეპიზოდი, 20 ქულის სხვაობითაც ვიგებდით. გაცილებით მეტი შეგვეძლო.

- ამ ზაფხულს ბერძნულმა საიტებმა დაწერეს, მარკოიშვილით "პანათინაიკოსი" სერიოზულად დაინტერესდაო...
- ინტერესი მართლაც დიდი იყო, კონტრაქტის გაფორმების პირველ ეტაპამდეც კი მივედით, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი შეიცვალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ "პანათინაიკოსმა" ჩემს პოზიციაზე ამერიკელი კალათბურთელი აიყვანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ნაკრებზე თქვა უარი რა პრეტეზიებია...
dato
00:31 21-08-2016
0
ნაკრებიდან არავის გაუთავისუფლებია. თვითონ თქვა უარი, ვერ ვითამაშებო. აბა, ტყუილად რატომ უნდა შეეყვანათ განაცხადში და ეტარებიათ აქეთ-იქეთ.
გიო
14:21 20-08-2016
0

სიახლეები პოპულარული