[ექსკლუზივი] "ასეთი ქომაგობით თბილისში ყველა მატჩს მოვიგებთ"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ლეგიონერია - მაიკ დიქსონი, 25 წლის, 186 სმ სიმაღლის უკანახაზელი. საკონტროლო მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი ჩვენს გუნდში კარგად ჩაეწერა - კალათბურთელებსაც უგებს და გულშემატკივრის გულის მოგებასაც ცდილობს. მხოლოდ სამქულიანებით არა - გულიანი თამაშით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, როგორ მოხვდა მაიკ დიქსონი საქართველოს ნაკრებში და რატომ გადაწყვიტა უცხო ქვეყნის ნაკრებში თამაში.

- გასულ სეზონში ჩეხური "ნიმბურკის" ღირსებას ვიცავდი, კარგი სეზონი მქონდა, გუნდთან ერთად ვითიბი ლიგაზე ვთამაშობდი, ხოლო ჩეხეთის ჩემპიონატში
პირველები ვიყავით. სეზონის დასრულების შემდეგ დამიკავშირდა ჩემი აგენტი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. მითხრა, საქართველოს ნაკრებს სურს შენი დამატება, ასეთი წინადადებით თუ დაინტერესდებიო. სიამოვნებით ვითამაშებ-მეთქი.

- არც დაფიქრებულხარ, ინტერნეტში არ გინახავს, როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები, როგორია მისი შემადგენლობა?
- დაუფიქრებლად იმიტომ დავთანხმდი, რომ მაშინვე მივხვდი - ეს ჩემთვის ახალი შანსია, ახალი გამოწვევა. ძალიან მინდა ჩემი ქვეყნის, ამერიკის ნაკრებში თამაში, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მაღალი დონის კალათბურთელია და მასში მოხვედრა რთულია. რადგან ასეა, რატომ არ უნდა დავიცვა სხვა ქვეყნის ღირსება იმ საქმეში, რაც შემიძლია და რაც მიყვარს - კალათბურთში. ამასთან საქართველოს ნაკრებში გამოსვლის შემთხვევაში მივიღებდი ამ ქვეყნის პასპორტს, რაც სპორტულ კარიერაში ძალიან დამეხმარებოდა. მოკლედ, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ დაფიქრება არ სჭირდებოდა...

- რადგან მალევე დათანხმდი, საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ მანამდეც გექნებოდა ინფორმაცია.
- საქართველოში შარშან ჩეხეთის "ნიმბურკთან" ერთად ვიყავი. მომეწონა, ლამაზია, კერძებიც გავსინჯე, მშვენიერი იყო. განსაკუთრებით პურში ჩადებული ყველი მომეწონა...

- ხაჭაპური?
- დიახ, დღეს, როდესაც უკვე ქართველი ვარ, ხაჭაპური ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ამასთან, თბილისში რომ ვიყავი მშვენიერი ამინდი დამხვდა, დეკემბერში ჩამოვედით, მაგრამ არ ციოდა. ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ საქართველოში მეორედ უკვე ნაკრების წევრის სტატუსით ჩამოვსულიყავი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა გულთბილად შემხვდა, ბიჭები ჩემი ძმებივით არიან. სამწვრთნელო შტაბი შესანიშნავია. ძალიან კარგი ხალხი მუშაობს კალათბურთის ფედერაციაში. აქ ყოფნა ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა.

- და გულშემატკივარი, რომელსაც რუსეთთან მატჩისას ხშირად მოუწოდებდი აქტიურად ქომაგობისკენ...
- ძალიან მიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. საქართველოში დიდი დარბაზია და ბევრი მაყურებელიც ეტევა. ეს ორმაგად სასიხარულოა. ასევე მიყვარს, როცა თამაშში მხოლოდ კალათბურთელები კი არა, გულშემატკივრებიც ბოლომდე არიან ჩართულნი. მჯერა, რომ ასეთი გულშემატკივრობით თბილისში შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრას მოვიგებთ.

ფანები ენერგიით გვკვებავენ, გამარჯვებაში ძალიან გვეხმარებიან. ამასთან, როდესაც გულშემატკივარი მეტოქის შეტევისას გამაყრუებლად ყვირის, მოწინააღმდეგეზე უარყოფითად მოქმედებს, კალათბურთელებს ერთმანეთის შეძახილები არ ესმით და ბევრ იერიშს აფუჭებენ. სწორედ ასეთი გულშემატკივრობის გამო მიყვარს კალათბურთი.

მინდა მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართველ ფანებს, რაც შეიძლება ხმამაღლა გვიქომაგონ.

- ბევრი ვისაუბრეთ საშინაო მატჩებზე. გაცილებით რთული უნდა იყოს გასვლითი შეხვედრები...
- რა თქმა უნდა, კალათბურთელებისთვის თბილისში თამაში უფრო იოლია, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებს გვაქვს საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რომ სლოვაკეთისა თუ ჩერნოგორიის გულშემატკივრობამ არ შეგვაშინოს. ბევრი რთული მატჩი ჩაგვიტარებია სტუმრად. ასე რომ, არ ინერვიულოთ, შინაც და გარეთაც ყველაფერი კარგად იქნება.

- შენი სამქულიანების იმედი გვაქვს. თუმცა ზოგჯერ ძალიან ცოტას ისვრი.
- ყველა მატჩი სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ მეტი ტყორცნის შესაძლებლობა გეძლევა, ზოგჯერ - პირიქით. კალათბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა მთავარი ის არის, რომ მე აქ ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოს დავეხმარო. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მსროლელად თუ გამთამაშებლად.

- საკონტროლო მატჩებში ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელებს მოედანზე დიდხანს გიწევთ ყოფნა. ეს კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. როგორ ფიქრობ, ოფიციალური შეხვედრებისთვის, როცა კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა, ფიზიკურად როგორ კონდიციებში იქნებით?
- მოსამზადებელი ეტაპი მშვენივრადაა დაგეგმილი. დღეში ორჯერადად ვვარჯიშობთ, შიგადაშიგ თამაშები გვაქვს ჩვენი კონდიციების გადასამოწმებლად. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ყველა კალათბურთელი მონდომებულია. მწრთნელებიც კარგად მუშაობენ და ცდილობენ ყოველი მატჩისთვის კალათბურთელები ხალასად ვყავდეთ.

- თანაგუნდელების შესახებ რისი თქმა შეგიძლია?
- როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში უამრავი გუნდელი მყოლია. ყველა პიროვნება ინდივიდუალურია, სხვადასხვა ხასიათი აქვს. ზოგი წყნარია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ზოგი პირიქით, უფრო კონტაქტურია. ბევრს ვსაუბრობ ბექა ბურჯანაძესთან, თორნიკე შენგელიასთან... ყველასთან...

როგორც აღვნიშნე, კალათბურთელებს ერთმანეთში ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი დიდი ხანია ერთად თამაშობს.

- 2004 წლიდან...
- 12 წელი. ძალიან დიდი დროა. ასეთ გუნდში მოხვედრა ნებისმიერი ახალწვეულისთვის საინტერესო და სასიამოვნოა.

- ახლა, რაც შეეხება მეორე ახალ გუნდს - საბერძნეთის აეკ-ს. რატომ გადაწყვიტე "ნიმბურკიდან" ათენში გადასვლა?
- ბერძნებმა კონტრაქტი თვე-ნახევრის წინ შემომთავაზეს. სიტუაცია ოჯახის წევრებთან ერთად ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ წინსვლისთვის ეს იყო კარგი შანსი. აეკ-ში საშუალება მექნება, ევროპაში ვუჩვენო ჩემი შესაძლებლობები. სასიამოვნო ის იყო, რომ ზაფხულის დასაწყისში დამიკავშირდნენ, მაშინ, როდესაც გუნდის დაკომპლექტება ახალი დაწყებული იყო. მწვრთნელმაც მიმახვედრა, რომ ვჭირდები და აეკ-ში მნიშვნელოვანი ფუნქცია დამეკისრება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, საბერძნეთის ლიგა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. გარდა ამისა, ჩემი ახალი გუნდი ჩემპიონთა თასზე ითამაშებს. სხვათა შორის, საბერძნეთში კარგი საფეხბურთო გუნდებიც ჰყავთ...

- ფეხბურთსაც თამაშობ?
- შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ყველა სპორტში მოვსინჯე ძალა. ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ბეისბოლსაც, ამერიკულ ფეხბურთსაც, ველომრბოლელიც ვიყავი და მორბენალიც... ყველაზე რთული ამერიკული ფეხბურთია, ძალიან დიდი ენერგია და გაბარიტები სჭირდება. ყველაზე საინტერესო - კალათბურთი.

- რას ნიშნავს კალათბურთი მაიკ დიქსონისთვის?
- მამაჩემი კალათბურთს კოლეჯების ლიგაში თამაშობდა. ჩემი ძმაც კალათბურთელია, ისიც კოლეჯების ლიგაშია. ამჟამად, მისურის უნივერსიტეტის ღირსებას იცავს. მთელი ცხოვრება მეც კალათბურთის ბურთს დავდევ. ეს ჩემთვის საქმეცაა, ჰობიც, გასართობიც, დედამიწაზე ჩემი ყველაზე საყვარელი რამაა.

ამერიკაში ყოველ ნაბიჯზე მოედნებია. ჩემს სახლთანაც არის პატარა მოედანი. პატარაობაში ყოველდღე ჩავდიოდი, სროლებზე ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი. წარმოუდგენელია მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდე, თუ ბავშვობა ეზოს მოედანზე არ გაქვს გატარებული. სწორედ მაშინ შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
საინტერესო ფენომენი გავხდით სპორტის ქართველი ქომაგები. სპორტსმენებისგან მოვითხოვთ მასიმუმს და ჩვენ ელემენტარულად სტვენაც გვეზარება მეტოქე გუნდის დასაბნევად. კარგი იქნება ტელევიზიამ გვაჩვენოს ან იქნებ sportal.ge-მ დადოს ძველი თამაშები როგორ ვუგებდით ცსკას ევროპაში ერთერთ უძლიერეს გუნდს. ბურთს რომ მეტოქე მიიღებდა დარბაზი რამის იქცეოდა გამაყრუებელი სტვენით და ხმაურით, ასეტ შემთხვევაში ყოფილა ჩვენ კალათბურთელებს 15 და 20 ქულაც ამოუქაჩიათ. მასპინძლობას ეს უპირატესობა აქვს, თორემ მოედანი და კალათი ყველგან ერთნაირია სტურისთვისაც და მასპინძლისთვისაც. არ ვიცი რა მოხდა რა დავემართა, რამ დაგვაკნინა, როგორც ადრე ჩვენს დროს იტყოდნენ ხოლმე რამ გაგვაქეთინოვა. 1979-ში ლუჟნიკებში ორი დინამო ეცილებოდა საკავშირო თასს თბილისის და მოსკოვის როცა ჩვენები ბურთს მიიღებდნენ ქართული ომახიანი დ ი ნ ა მ ო რამის აზნზარებდა უზარმაზ ნაგებობას, ხოლო რუსების წამოკნავებული ძ ი ნ ა მ ო მგონი ფეხბურთელაბამდეც ვერ აღწევდა. ვუყურებ და ვერ გამიგია ასე რამ დავაჩანაკა, შეძახილი უნდა შეცავდეს იმდენ ენერგიას, რომ შენს მოთამაშეს გულს უჩქროლებდეს და ორჯერ მეტის გაკეთებისთვის განაწყობდეს, ხოლო მოწინააღმდეს მუხლებს უკანკალებდეს, ვინ დიდი ფეხბურთის და კალათბურტის მომსწრეა დამეთანხმება, როგორ დღეში ჩაგვიგდია ქომაგებს მოწინააღმდეგე უდიდესი გამოცდილების გუნდებიც კი, როგორ დაბნეულან და ვეღარ გაუგიათ რა ეკეთებინატ, იმედია იმ დროის მოთამაშე სპორცმენები დამიდასტურებ ამას. თამაშს მარტო სპორცმენები კი არა ქომაგებიც იგენ არც თუ იშვიათად. აგერ ამერიკემაც გვთხოვა თუ მოხვალ გვიქომაგეც კიდევაც მარტო მაყურებლები ნუ იქნებითო.
gizog
09:12 29-08-2016
0
პატივცემულო "მაია" არავითარი 16 მილიონი არ სჭირდება ლეგიონერის მოყვანას.ის პასპორტი რისთვისაც მოდის მისთვის უკვე სტიმულია და მერწმუნეთ გაცილებით უკეთესის ჩამოყვანაა შესაძლებელი. თქვენ რა გნებავთ ბრძანოთ რომ 15 მილიონი გადაუხადა მაკედონიამ ბო მაკალებს? თუ შემონდ ვილიამს უხდიდა ფედერაცია 15 მილიონს?? მართლა როცა არ იცით ნუ იტყვით ისეთ რამეს რაც გააცინებს ადამიანს! სწორი სელექციაა საჭირო და არა ლეგიონერის მოყვანა რომლის გამონათებას ველოდოთ და ძირითადად ცინცაძე სჯობდეს მანამდე.
Luka
18:37 28-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული