ეჰ, რეფერი, რეფერი....
კალათბურთი კონტაქტური სპორტია. როდესაც თანაბარი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსაჯობას. სპორტის ამ აწოწილ სახეობაში ბევრია ისეთი მომენტი, როდესაც მსაჯი წამიერად დგება დილემის წინაშე, ბურთი ერთ გუნდს გადასცეს თუ მეორეს მიანიჭოს უპირატესობა. ასე მოიქცევა თუ ისე, ტრიბუნიდან მომზირალი გულშემატკივრისთვის რთული იქნება მსაჯის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ლაპარაკი. ჰოდა, ასეთ დროს არბიტრი, როგორც წესი, მასპინძლის მხარეს იჭერს, რომ ქომაგთა გინება არ დაიმსახუროს. საქართველო-მონტენეგროს მატჩისას კი, არბიტრების შემყურეთ, თავი მონტენეგროში გვეგონა - ჯერ ზაზა ფაჩულიას მისცეს სადავო მეხუთე ფოლი, შემდეგ გიორგი შერმადინს
არადა, ისინი მონტენეგროელები რომ ყოფილიყვნენ და მატჩი პოდგორიცაში გამართულიყო, დიდი ალბათობით, არ დააჯარიმებდნენ.
სწორედ ზაზას და გიორგის არყოფნა დაეტყო გუნდს ბოლო წამებზე, როდესაც მეტოქემ ბურთი ჩვენს ფარზე რამდენიმეჯერ მოხსნა. თუმცა, თუ მსაჯებს ჩვენი წაგება ჰქონდათ ჩაფიქრებული, ვერც ფაჩულია და შერმადინი გვიშველიდნენ.
რატომ ვმსჯელობთ არბიტრების მოქმედებაზე ასე თამამად? მიზეზი მარტივია: სწორედ იმ დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.
ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა...
ზუსტად 3 წლის წინ, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სლოვენიასთან ბოლო წამებზე 68:74 დამარცხდა. ვისაც ის მატჩი ახსოვს, არ გაუკვირდება, თუ ვიტყვით, ბოლო წამებზე არბიტრებმა მხოლოდ სლოვენიის სასარგებლოდ უსტვინეს. სწორედ ისე, როგორც გუშინ, სპორტის სასახლეში.
სამიანები
მსაჯის ერთი დასტვენა ან ერთი არდასტვენა როდესაც წყვეტს თამაშის ბედს, ბევრი გამართლებაზე ლაპარაკობს. მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა ნამატჩევს აღნიშნა:"არ ვთვლი, რომ გაგვიმართლა, ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო. მეორე პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი სხვაობა მოიპოვა, მალევე მოვახერხეთ ჩამორჩენის გაბათილება. სწორედ ამ ეპიზოდმა იქონია დიდი გავლენა მატჩის შედეგზე.
ისევე, როგორც ჩვენ, საქართველოსაც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ასეთი გუნდების მატჩში ძალიან ბევრს წყვეტს მცირე ნიუანსები".
მაინც რა ნიუანსებმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი? როდესაც მეტოქე 13 სამქულიანს ჩააგდებს, შენ - 3-ს, ლოგიკურად მოგებაც მას უნდა დარჩეს... საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს მოვუსმინოთ:
"საქართველოს ნაკრები მოედანზე სათანადოდ კონცენტრირებული გავიდა, თუმცა რიგ ეპიზოდებში კონცენტრაცია დავკარგეთ, განსაკუთრებით, შეტევაში.
იყო შეცდომები, რომლებმაც თამაშის ბედზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ბევრი იოლად ჩასაგდები ბურთი ვერ მოვათავსეთ კალათში, მონტენეგრომ კი რთული სროლები გამოიყენა.
ჩაგვიგდეს 13 სამქულიანი. ეს ძალიან ბევრია. დაცვაში ამ კომპონენტზე ვმუშაობდით, თუმცა მონტენეგროელმა კალათბურთელებმა ბევრი სამიანი ძალიან შორიდან სტყორცნეს, 9-10 მეტრიდან... და ჩააგდეს... ასე მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის გუნდები აკეთებენ".
ფარი
მონტენეგრომ 13 სამქულიანის პარალელურად, 12 ორქულიანი გამოიყენა, 42 ორიანი ისროლა და 33 სამიანი. ეს სტატისტიკა პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მეტოქეს შორეული ტყორცნების სტრატეგია ჰქონდა არჩეული. საკითხავი ის არის, რატომ აირჩია ბოგდან ტანიევიჩმა ასეთი ტაქტიკა. მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ ბალკანელებს "ორლანდო მეჯიქის" მეფარე ნიკოლა ვუჩევიჩი ჩამოჰყვათ, სამწამიან ზონაში მაინც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ (ბოლო ათწამეულს თუ არ ჩავთვლით).
თავად განსაჯეთ: საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეს მოხსნებში 48:37 აჯობა, ხოლო სამწამიანი ზონიდან თითქმის ორჯერ მეტი ბურთი ჩაუგდო - 40:24. ამ მხრივ აღსანიშნავია ზაზა ფაჩულიას თამაში, რომელმაც 22 ქულას მოუყარა თავი.
როდესაც ფარქვეშიდან ქულების მოგროვება გიჭირს, პერიმეტრზე აკეთებ აქცენტს. მონტენეგროს კი, სლოვაკეთისგან განსხვავებით, მაღალი დონის შემსრულებლები აღმოაჩნდა და მიზანსაც მიაღწია.
გულშემატკივარი
2010 წლის შემდეგ (საქართველო-ბელგია) სპორტის სასახლე პირთამდე მეორედ გუშინ გაივსო. თვით მონტენეგროელებიც მოხიბლულნი დარჩნენ ქართული ქომაგობით:"საქართველოში 50 წლის წინ მაქვს ნათამაშები. მაშინ "დინამოში" ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ასპარეზობდნენ. ყველაზე მეტად გავსებული დარბაზი და მხურვალე ქომაგობა მახსოვს.
ვიცოდი, რომ ქართველებს კალათბურთი ძალიან გიყვართ, მდიდარი ტრადიციები გაქვთ და დღესაც ბოლომდე გაივსებოდა დარბაზი. მშვენიერი სანახაობა იყო და ვფიქრობთ, ჩვენც კარგი კალათბურთი ვუჩვენეთ", - აღნიშნა ჩერნოგორიელთა დამრიგებელმა ბოგდან ტანიევიჩმა.
ჩვენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა კი თითოეულ ქომაგს მხურვალე მადლობა გადაუხადა.
წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია, მით უმეტეს, როცა თვალწინ გიდგას რამდენიმე ეპიზოდი, რომლის საჩვენოდ დასრულების შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა თამაშის მოგება. გულშემატკივარი დარბაზიდან გულდაწყვეტილი კი წავიდა, მაგრამ არა გულნაკლული - კალათბურთელებმა იბრძოლეს, მაღალი კლასის კალათბურთი უჩვენეს და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებამდე ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდათ.
დაბოლოს
საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან რომ მოეგო, ერთი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე იქნებოდა. თუმცა არც ამ წაგებით დასრულებულა ყველაფერი, შანსი ისევ არის. თანაც დიდი შანსი... თუნდაც შვიდიდან ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრაა საკმაოდ რეალური."წავაგეთ ბრძოლა. ომი გრძელდება. ჩვენი ცხოვრებაც ომია, არც ერთ საქმეში არ შეიძლება დანებება, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ბოლომდე უნდა მიიყვანო.
მჯერა ჩემი კალათბურთელების, ვიცი მათი მებრძოლი ხასიათის შესახებ და დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ერთად მივაღწევთ მიზანს, რომელიც შესარჩევის დაწყებამდე დავისახეთ - ევრობასკეტი 2017", - გვაიმედებს ილიას ზუროსი.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ტური
A ჯგუფი
ბელგია-ისლანდია 80:65
შვეიცარია-კვიპროსი 76:80
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 3 3 0 232:183 6
2. ისლანდია 3 2 1 228:216 5
3. კვიპროსი 3 1 2 190:216 4
4. შვეიცარია 3 0 3 220:255 3
B ჯგუფი
გერმანია-ჰოლანდია 71:75
ავსტრია-დანია 86:66
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. გერმანია 3 2 1 233:208 5
2. ავსტრია 3 2 1 220:199 5
3. ჰოლანდია 3 2 1 237:218 5
4. დანია 3 0 3 212:277 3
C ჯგუფი
შვედეთი-რუსეთი 73:85
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 2 2 0 168:127 4
2. ბოსნია 2 1 1 128:154 3
3.შვედეთი 2 0 2 144:159 2
D ჯგუფი
პოლონეთი-ესტონეთი 78:64
ბელორუსი-პორტუგალია 72:62
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 3 3 0 258:200 6
2. ესტონეთი 3 2 1 221:208 5
3. ბელორუსი 3 1 2 213:240 4
4. პორტუგალია 3 0 3 187:231 3
E ჯგუფი
სლოვენია-უკრაინა 81:77
ბულგარეთი-კოსოვო 105:84
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 3 3 0 280:223 6
2. უკრაინა 3 2 1 226:216 5
3. ბულგარეთი 3 1 2 252:246 4
4. კოსოვო 3 0 3 215:288 3
F ჯგუფი
საქართველო-ჩერნოგორია 74:76
სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 3 3 0 286:212 6
2. საქართველო 3 2 1 254:186 5
3. სლოვაკეთი 3 1 2 197:251 4
4. ალბანეთი 3 0 3 180:268 3
G ჯგუფი
მაკედონია-უნგრეთი 66:76
დიდი ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 95:72
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნგრეთი 3 3 0 261:207 6
2. დ. ბრიტანეთი 3 2 1 268:247 5
3. მაკედონია 3 1 2 234:247 4
4. ლუქსემბურგი 3 0 3 211:273 3
მეორეადგილოსანთა ცხრილი
ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 2 1 1 168:139 3
2. ესტონეთი 2 1 1 145:140 3
3. უკრაინა 2 1 1 156:153 3
4. ავსტრია 2 1 1 134:133 3
5. დ. ბრიტანეთი 2 1 1 173:175 3
6. ისლანდია 2 1 1 140:144 3
7. ბოსნია 2 1 1 128:154 3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ მოგება ბვინდოდა გუშინ უნდა მოგვეგო. დანარჩენი ემოცია და სურვილია.