გავდივართ? რა შანსი რჩება საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მოსახვედრად

AutoSharing Option
თბილისში მონტენეგროსთან გამარჯვება, ფაქტობრივად, ევრობასკეტის საგზურის განაღდებას ნიშნავდა, თუმცა ბოლო წამებზე 76:74 დავმარცხდით. მონტენეგრო წელში გაიმართა და რადგანაც ჯგუფის ბოლო მატჩი სწორედ ბალკანეთში გველის, ხშირად გაიგონებთ შეკითხვას: გავდივართ ევრობასკეტზე?

ჩვენი გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - უნდა გავიდეთ. სხვა ქვეჯგუფებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გუნდთაგან ორი სწორედ F ჯგუფში თამაშობს - ჩვენ და მონტენეგრო. თუმცა მხოლოდ შემადგენლობა ქულებს არავის უწერს, საჭიროა თამაში და მოგება.

საქართველომ ოთხიდან 3 მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა, დარჩა თბილისური დაპირისპირება
სლოვაკეთთან და ტოპლუცური - მონტენეგროსთან. თუმცა, ორი ტურის შედეგების მიხედვით, მაინც თამამად ვიტყვით: ევრობასკეტზე მოხვედრის რეალური შანსი ვისაც აქვს, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. ოღონდ, ერთი პირობით: სლოვაკეთი, რომელსაც სტუმრად 31 ქულის სხვაობით ვძლიეთ, თბილისშიც უნდა "დავაყუდოთ". რაც მეტი სხვაობით, მით უკეთესი.

დროა დავაკონკრეტოთ.

შეგახსენებთ: შესარჩევი ეტაპიდან ევრობასკეტზე 7 ჯგუფის პირველადგილოსნები და საუკეთესო 4 მეორეადგილოსანი გავა. რადგან ერთი ჯგუფი სამგუნდიანია, მეორეადგილოსნების დახარისხებისას ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები განულდება. სწორედ ასეთი ცხრილია ქვემოთ მოცემული, სახელწოდებით:  "მეორეადგილოსანთა ცხრილი". თუმცა მასში შეყვანილია სადღეისო მონაცემები. საქართველო იმიტომაცაა მეხუთე ადგილზე, რომ ზედა ოთხეულთან შედარებით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

მეორეადგილოსანთა ცხრილი
ა გუნდი თ მ წ სხ +/- ქ
1. უკრაინა 3 2 1 228:220 +8 5
2. ბრიტანეთი 3 1 2 253:263 -10 4
3. ესტონეთი 3 1 2 208:219 -9 4
4. ბოსნია 3 1 2 195:232 -37 4
5. საქართველო 2 1 1 168:139 +29 3
6. გერმანია 2 1 1 132:134 -2 3
7. ისლანდია 2 1 1 140:144 -4 3

მოკლედ, ევრობასკეტზე პირველადგილოსნის სტატუსით გავდივართ: თუ სლოვაკეთს დავამარცხებთ, ხოლო მონტენეგროს მინიმუმ 3 ქულის სხვაობით ვაჯობებთ.

მეორეადგილოსნის სტატუსით გავდივართ: თუ სლოვაკეთს მოვუგებთ, ხოლო მონტენეგროსთან დავმარცხდებით. თუმცა რამდენიმე ნიუანსია გასათვლელი:

1. მეორეადგილოსნების ცხრილში უპირატესობა ენიჭება მოგებების რაოდენობას. მონტენეგროში წაგების შემთხვევაში 2-2 მოგება-წაგება გვექნება (როგორც გითხარით, ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები მხედველობაში არ მიიღება). 4 ტურის შემდეგ 2-2 წაგება აქვს 7 ჯგუფის 3 ნაკრებს: ესტონეთს, დიდ ბრიტანეთსა და ბოსნიას. გერმანიამ და ისლანდიამ ბოლოადგილოსნებთან, შესაბამისად, დანიასთან და შვეიცარიასთან დათმეს, ამიტომ მეორეადგილოსანთა ცხრილში მათ ეს წაგებები არ ეთვლებათ. ასევე თითო მარცხი გვაქვს ჩვენ და უკრაინას.

ასე და ამგვარად: ზოგი მეორეადგილოსანი შესაძლოა სამი წაგებით გამოეთიშოს ევრობასკეტისთვის ბრძოლას, ზოგს სულაც თითო მარცხი დარჩეს.

თუმცა, ქართველებს გვაინტერესებს, ორწაგებიან მეორეადგილოსანთა შორის ვიქნებით თუ არა ევრობასკეტის ზონაში?

2. როდესაც გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, უპირატესობა ენიჭება მას, რომელსაც უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს. ასე რომ, მეორეადგილოსანთა ცხრილში ბურთების შეფარდებას გადავხედოთ.

საქართველოს არ გაუმართლა, რომ ჯგუფში შესარჩევის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი მონტენეგრო ჰყავს, თორემ შეიძლება ციკლი წაუგებლად დაესრულებინა. სამაგიეროდ, გაუმართლა დანარჩენ ორ გუნდში: სლოვაკეთი ახალგაზრდა გუნდია, ალბანეთი კი ახლა იდგამს ფეხს ოთხწლიანი შესვენების შემდეგ. თუმცა მათ გამოცდილებიც რომ ჰყავდეთ, მაინც დავამარცხებდით, მაგრამ როდესაც მეორეადგილოსანს ბურთების შეფარდება სჭირდება, ალბანეთი და სლოვაკეთი მშვენიერი მეტოქეები არიან. ორი მატჩის ჯამში ალბანელებთან +59 გვაქვს, ხოლო სლოვაკებს სტუმრად 31 ქულის სხვაობით მოვუგეთ. რომელი გავა მესამეზე და რომელთან მატჩები განულდება, ბოლო ტურში გადაწყდება: სლოვაკეთი ალბანეთში თამაშობს. შინ ოდენ 69:60 აქვს მოგებული.

სადღეისოდ მესამეა სლოვაკეთი და მეორეადგილოსანთა ცხრილში საქართველოს ამიტომაც ეთვლება სლოვაკეთთან მიღწეული +31, რასაც მონტენეგროსთან ნაჩვენები სხვაობა -2 აკლდება და ვიღებთ +29-ს.

გადავხედოთ სხვა ჯგუფებს და ვნახოთ, რომელ ორმოგებიან მეორეადგილოსანთან გვაქვს უპირატესობა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დარჩენილ ორ თამაშში ერთი მაინც მოვიგეთ და ბურთების შეფარდება იგივე დაგვრჩა (+29), სხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებმა რომ გაგვასწრონ, სჭირდებათ:

ბრიტანეთს მაკედონიასთან +40
ესტონეთს პოლონეთთან +39
ბოსნიას შვედეთთან +67

როგორც აღვნიშნეთ, შვიდი ჯგუფიდან ოთხი მეორეადგილოსანი გადის ევრობასკეტზე. სამი: ბრიტანეთი, ესტონეთი და ბოსნია მინუსებში არიან და წარმოუდგენელია, ერთ მატჩში 39, 40 თუ 67-ქულიან უპირატესობას მიაღწიონ.

რაც შეეხება გერმანიას, ისლანდიას და უკრაინას, მათ ჩვენსავით თითო წაგება აქვთ და ამიტომ მათზე დღეს ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისინიც ორ-ორი მარცხით დაასრულებენ შესარჩევს. გერმანელები ჰოლანდიაში ჩადიან, ხოლო ისლანდიელები უძლეველ ბელგიას სტუმრობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ტოტალიზატორების კუშებში თუ კარგად ერკვევი კარგია ერთის მხრივ იმიტომ რომ 1.6, 2.2-ის წინააღმდეგ უბრალოდ სატყუარაა და 70-80 პროცენტი მოგება 2.2-ს მიაქვს ხოლმე და არცთუ პატარა სხვაობით. და მეორეც არ იფიქრო რომ საქართველოს მოგებაზე მქონდა ფსონი დადებული რადგანაც იშვიათად თუ ვდებ საერთოდ, მაგრამ ქართველების თამაშებზე არასოდეს არც იქით და არც აქეთ იმიტომ რომ ნებისმიერ სახეობაში ვგულშემატკივრობ საქართველოს.
.........
17:11 13-09-2016
0
ჰოდა, საქმეც იმაშია, რომ ამ შემადგენლობით მონტენეგროს ნაკრები პირველად შეიკრიბა და ადრინდელი შედეგები სატვალავში არ არის. ტოტალიზატორების ფსონებიც ამაზე მეტყველებდნენ, ფავორიტი თბილისშიც მონტენეგრო იყო 1.6-ით 2.2-ის წინააღმდეგ. ასე რომ, "გაოცებული თვალები" ნამდვილად არ ქონდათ. მოგება შეგვეძლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოვიგებდით. შეძლებით ბევრი რამეა შესაძლებელი, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს და ის სათავისოდ ფიქრობს. ყველა გუნდთან თამაშია საჭირო და ნებისმიერი მოგება დასაფასებელია, თუნდაც იგივე ალბანეთთან.
კოსტა
15:52 13-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული