"ჰიუსტონი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად, ლიდერი ოკლენდელების დამარცხების სოლიდური ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და მასპინძელი 113:106 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე ბოლო ხანებში სტანდარტულად ქცეული - 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. ზაზამ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ეს გახლდათ "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის მე-200 კარიერული გამარჯვება, რომელიც მან 238-ე მატჩში მიაღწია. ეს კი NBA-ს აბსოლუტური რეკორდია. ერთი, რომ კერი ერთადერთია, რომელსაც NBA-ში 200 გამარჯვება მოუპოვებია, მეორეც, ასე მცირე მატჩებში ამდენი მოგებაც ვერავის მოუხერხებია. მაგალითად, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა პირადი მე-200 გამარჯვება 270-ე მატჩში იზეიმა.
"გოლდენ სტეიტმა" თავისებური რეკორდი მიითვალა, რაც ზედიზედ 3 სეზონში მინიმუმ 60 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს. ოკლენდელებს 60 მოგების წილ 14 მარცხი აქვთ და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 8 მატჩიდან 6 მოგება ჰყოფნით, პირველობა რომ მოიპოვონ.
მორიგ მატჩში, 30 მარტს, "გოლდენ სტეიტი" უშუალო კონკურენტსა და მდევარ "სან ანტონიოს" შინაურ არენაზე ხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით