შერმადინმა და ბურჯანაძემ "ანდორას" გამარჯვება მოაპოვებინეს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "მორაბანკ ანდორამ" მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერების დახმარებით ანდორელებმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხეს და პლეი ოფში გასვლის შანსები გაიუმჯობესეს.

ანდორელებმა მადრიდულ "ფუენლებრადას" უმასპინძლეს, პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ - 96:78.

ტრადიციულად, ქართველმა ლეგიონერებმა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:57 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ
მიუღია, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შედარებით მცირე დრო - 12:28 წუთი გაატარა მოედანზე ბურჯანაძემ, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ბექამ 4 ფოლი მალევე აკრიფა. ქართველმა ფორვარდმა 2-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 9 ქულას კი 2 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ამასთან, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ბურჯანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 17 ქულით მეტი ჩააგდეს.

"ანდორამ" 15 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და საპლეიოფო მე-8 ადგილი გაიმყარა, რადგანაც მე-9 პოზიციაზე მყოფ "ბილბაო ბასკეტს" უკვე 2 გამარჯვებით უსწრებს. ქართველ კალათბურთელთა გუნდს მომდევნო მატჩი 30 აპრილს ელის, როდესაც სწორედ ბილბაოელებს ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული