როგორც თავად გვითხრა, ჯერ ისვენებს. სლოვენიური სეზონის შემდეგ ორგანიზმს ენერგიის აღდგენა სჭირდება.
- ვარჯიშს მალე განვაახლებ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებთან ხშირი კავშირი მაქვს. ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგიოს ვავეცისს ვესაუბრე, ავუხსენი, რა კომპონენტზე მჭირდება ყურადღების გამახვილება და მოსამზადებელი პროგრამაც ამის შესაბამისი გამომიგზავნა. ნაკრების ოფიციალური შეკრება 15 ივლისს იწყება. მანამდე გეგმის მიხედვით მოვემზადები. დატვირთვებსაც ნელ-ნელა
- ამერიკის კოლეჯების ლიგიდან დაბრუნებულმა ევროპაში პირველი სეზონი ჩაატარე. განსხვავებული სათამაშო სისტემებია. რომელი უფრო ახლოსაა შენთან?
- ევროპაში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. სლოვენიის ჩემპიონატში თამაში ნამდვილად სასიამოვნო იყო. ამერიკაში მეტი ინდივიდუალიზმია. ჩვენს კოლეჯის მწვრთნელსაც ჰქონდა კომბინაციები, მაგრამ თუ ერთმა, ან ორმა კალათბურთელმა შეცდომა დაუშვა, კომბინაცია აღარ გამოდის, ყველაფერი ირევა და ინდივიდუალურად უნდა გახვიდე ფონს. "სან დიეგოს" კოლეჯს კი ბოლო სეზონში ოთხი ახალწვეული ჰყავდა. შესაბამისად მეტი იყო შეცდომის დაშვების ალბათობა. კომბინაციების დამუშავებას ხომ დრო სჭირდება. სლოვენიაში შედარებით გამოცდილი, ტაქტიკურად განსწავლული თანაგუნდელები მყავდა და თამაშიც უფრო იოლი იყო.
- "პრიმორსკა" რა ტიპის კალათბურთს თამაშობდა?
- არ გვყავდა ტანმაღალი ცენტრები, ამიტომ აქცენტს სწრაფ თამაშზე და პერიმეტრიდან შეტევაზე ვაკეთებდით. სწორედ ისეთ სტილში ვთამაშობდით, მე რომ მიყვარს. ბოსნიელი თანაგუნდელი გაჯიჩი პერიმეტრზე ამოვიდოდა, ბლოკს დამიყენებდა, რის შემდეგაც შეტევითი სივრცე იხსნებოდა.
- სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდი. სეზონის ბოლოს შესაბამისი ჯილდო ხომ არ მიგიღია?
- გუნდმა დამაჯილდოვა საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი პრიზით. თუმცა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ტოპექვსეულში გავსულიყავით და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგვეგრძელებინა.
საინტერესო იყო ისიც, რომ მეტოქე გუნდის კალათბურთელები მთავარ აქცენტს ჩემს შეჩერებაზე აკეთებდნენ, რადგან იცოდნენ, გუნდის სნაიპერი ვიყავი. ამან მეტი გამოცდილება შემძინა, მეტს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ მჭიდრო მეურვეობისასაც გამომენახა შეტევის გზა.
- გუნდს რა დააკლდა ტოპექვსეულში მოსახვედრად?
- სეზონი კარგად დავიწყეთ, დიდი ხნის განმავლობაში ლიგის საუკეთესო სამ გუნდში ვტრიალებდით, მაგრამ შუა სეზონში სიტუაცია ცოტა აირია, რამაც შედეგებზეც იქონია გავლენა და ბოლო მომენტში ჩამოვქვეითდით მეშვიდე ადგილამდე.
- სიტუაციის არევა რამ გამოიწვია?
- ამერიკელი გამთამაშებელი ტროი ფრანკლინი შეცვალეს, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოჰქონდა და მეც კარგად შევეწყვე. იმედი ჰქონდათ, რომ ახალი გამთამაშებელი ალექსანდრ ჩაპინი უფრო სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, შუა სეზონში განხორციელებულმა ცვლილებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სეკულიჩიც შეცვალეს. იგი სლოვენიის ნაკრებში იგორ კოკოშკოვის თანაშემწეა.
- შემადგენლობა თუ იყო საიმისო, რომ ტოპგუნდებთან გებრძოლათ მედლებისთვის?
- ახალგაზრდული გუნდი გვყავდა. სამი ნაკრების წევრი ვიყავით ლიდერებად - სლოვენიელი მორინა, ბოსნიელი გაჯიჩი და - მე. კრკა-ს მოვუგეთ, "ოლიმპიასთანაც" თანაბარი თამაშები გვქონდა. იყო მომენტი, სირენამდე 20 წამით ადრე 4 ქულით ვიგებდით, მაგრამ ორი შეცდომის გამო თამაში ჩვენს სასარგებლოდ ვერ დავასრულეთ. მოკლედ, კარგი სტარტის შემდეგ დაისახა ახალი მიზანი - საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა და პლეი ოფი. სწორედ ამ მიზნის ვერშესრულების გამო შეელივნენ მთავარ მწვრთნელს.
- გუნდში დარჩენას კიდევ აპირებ?
- "პრიმორსკას" ხელმძღვანელობა გამესაუბრა, კონტრაქტიც შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. იმედი მაქვს, კიდევ უფრო უკეთეს გუნდში მომიწევს თამაში. ჯერ კონკრეტული არაფერია, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი არც დამთავრებულა.
- სლოვენიაში ქართველებს დიდ პატივს სცემენ...
- "პრიმორსკას" მეორე მწვრთნელი იყო ტომო მაჰორიჩი, რომელიც "ოლიმპიაშიც" მუშაობდა და "კიევშიც", მარკოიშვილთან. ძალიან უყვარს ქართველები. სხვაგანაც, რომ გაიგებდნენ, ქართველი ვარ, ვლადიმერ ბოისაზე მელაპარაკებოდნენ. მას დიდ პატივს სცემენ, ისევე როგორც ყველა ჩვენიანს, ვისაც სლოვენიაში უთამაშია.
- 7 მაისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. მეტოქეებად სერბეთი და გერმანია გვერგო...
- მშვენიერი გადაწყვეტილებაა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის გამართვა. აქამდე მუნდიალის საგზური ევროპის ჩემპიონატზე თამაშით უნდა მოგეპოვებინა, რაც იოლი სულაც არ იყო. ახლა შინ და გარეთ ვთამაშობთ. თბილისში ნებისმიერ გუნდთან წარმატების დიდი შანსი გვაქვს. ამასთან, მატჩები შუა სეზონში იმართება და გულშემატკივარიც უფრო რიტმში იქნება. არ მოუწევს წლიდან წლამდე ლოდინი ნაკრების სანახავად.
რაც შეეხება მეტოქეებს, რთულია გერმანიისა და სერბეთის შემადგენლობებზე მსჯელობა, რადგან დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. სერბეთს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხალხი რომც არ ჰყავდეს, მაინც სერიოზული რესურსი აქვს. გერმანიას კი შრიოდერი არ ეყოლება, ისევე როგორც ჩვენ - ზაზა ფაჩულია. თუმცა დღეს ნაადრევია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე შანსებზე ლაპარაკი.
- იმავეს ვერ ვიტყვით ევრობასკეტზე, რომელიც აგვისტოში დაიწყება. მეტოქეთა შემადგენლობებიც დაახლოებით ვიცით და ჩვენიც...
- საქართველოს ნაკრები სერიოზული ძალაა, მასთან ვერც ერთი გუნდი ვერ ჩაითვლება აშკარა ფავორიტად. ისეთი ნაკრები გვყავს, ევროპაში ნებისმიერთან შეგვიძლია თანაბრად თამაში და გამარჯვება. როგორც უკვე ვთქვით, ევრობასკეტის მერე მსოფლიოს საკალათბურთო კალენდარი იცვლება, მომდევნო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელსაა და ძალიან მინდა, წლეულს ისტორიული შედეგი ვუჩვენოთ. ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია ჩვენთვის.
- ეს შენთვის მესამე ევრობასკეტი იქნება...
- სასიამოვნოა, რომ საკმარისი გამოცდილება მაქვს. 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ცოტა სათამაშო დრო მქონდა, 2015-ში გუნდს ბოლომდე ვეხმარებოდი, ვიმედოვნებ, ამჯერადაც დიდ წვლილს შევიტან ნაკრების წარმატებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"