შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში "ოსტენდე" სტუმრად დაამარცხეს და მოედნის უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ეს უპირატესობა მომდევნო მატჩშივე გაანიავეს. საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 68:72 დამარცხდა "ოსტენდესთან" და ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
არადა, მასპინძლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის დასაწყისი და მესამე მეოთხედში გამოჩენილი სიზუსტის წყალობით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 5 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.
შენგელია მატჩის ბომბარდირი არ
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. თორნიკემ 4-იდან 4-ივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
საჯარიმოს ხაზიდან მან 3-იდან 2 სროლა გამოიყენა. 11 ქულასთან ერთად შენგელიას 7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მისმა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც 4-ით მეტია ოსტენდელთაგან საუკეთესო დუშან ჯორჯევიჩისაზე.
მაშ ასე, ფინალური სერია გათანაბრდა. მომდევნო მატჩი უკვე "ოსტენდეს" მოედანზე, 1 ივნისს გაიმართება. ჩემპიონობას ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 3 გამარჯვებას მიაღწევს.
gbf.ge