- ტრადიციული შეკითხვა: როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- დიდი ხანი არ არის, რაც გუნდს შევუერთდი. შეიძლება ითქვას, რომ სანაკრებო გამოსვლის შემდეგ დასვენება ცოტა გამიგრძელდა კიდეც.
მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას, რათა დავამტკიცო, რომ ტყუილად არ ჩამოვსულვარ. აქ ყველაფერი მომწონს, სიმპათიური ქალაქია, კარგი კლიმატი... მახარებს ისიც, რომ ენის ბარიერი არ მაქვს, თავისუფლად ვლაპარაკობ რუსულად და ინგლისურად.
ადაპტაციის საკითხში ეს დიდი პლუსია. ამასთან, კარგად ვიცნობ არტურ დროზდოვს,
- რატომ აირჩიეთ "ბუდიველნიკი"?
- გამოგიტყდებით, შეთავაზება რომ მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია. ტრავმის გამო ვერა და ვერ მოვახერხე სათანადო დონეზე ასვლა.
ბევრი სპორტსმენისთვის ნაცნობ სიტუაციაში აღმოვჩნდი: ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციამ დიდი დრო წამართვა, ფორმის აღდგენასაც დრო დასჭირდა. ყოველივე ამის გადატანა იოლი არ იყო. ძალიან მინდოდა მალე მეთამაშა ისე, როგორც შემიძლია.
ამ ზაფხულს მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრების დახმარება იყო; შემდეგ ისეთი კლუბის პოვნა, რომელიც ევროარენაზე გამოდიოდა.
სანაკრებო ბატალიებისას აგენტმა დამირეკა და მითხრა - "ბუდიველნიკია" დაინტერესებული, რომელიც ევროთასზე იასპარეზებსო. შეთავაზების ფინანსურ დეტალებს გავეცანი და წინადადება მივიღე. ნაკრებთან ერთად დასახული ამოცანა შევასრულე, კლუბთან კი ახალი მიზნებისთვის საბრძოლველად ვემზადები.
- სად შეიძლება აღმოჩენილიყავით, რომ არა "ბუდიველნიკი"?
- გუნდის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის წარმომადგენელია.
- სპორტული სააგენტოებით ბევრი არ არის კმაყოფილი, მათ შორის, გუნდის თავკაცი აინარს ბაგაცკისი...
- არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ ჩემს მენეჯერს დიდი ხანია, ვიცნობ და მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ბოლომდე ვენდობი. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ "დონეცკში" გადასვლა სწორედ მან მირჩია.
რაც შეეხება მწვრთნელს, აინარს ბაგაცკისს პირადად ვიცნობდი - ჩვენი გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა იგი საქართველოში მუშაობდა.
- "დონეცკში" თამაშის პერიოდი როგორ დაგამახსოვრდათ?
- კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, ტაქტიკას გავეცანით, ცოტა წავითამაშეთ და ყველაფერი მალე დამთავრდა. უცნაური შეგრძნება იყო - შუა სეზონში გუნდის ყველა ლეგიონერს დაგვემშვიდობნენ.
- თქვით: ძალიან მინდოდა მეთამაშა ისე, როგორც შემიძლიაო. რა დონეს გულისხმობთ?
- ძნელია საკუთარ შესაძლებლობებზე მსჯელობა, თუმცა პასუხის გაცემას მაინც ვეცდები. დღევანდელ მდგომარეობაზე ლაპარაკი ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლით შემიძლია. გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ნამდვილად არ მქონდა უმნიშვნელო როლი, გარდა თამაშის ორგანიზებისა, უკმაყოფილო არ ვარ სხვა ასპექტებში საკუთარი გარჯით - მოხსნებში, ჩაჭრებში, ტყორცნებში. შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მქონდა.
- გუნდის გამოსვლით კმაყოფილი თუ ხართ?
- ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს მეორე შემთხვევაა სპორტის გუნდურ სახეობაში ქართული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა! სხვათა შორის, პირველადაც ჩვენ გავედით ევროპაზე - 2011 წელს ლიტვაში ვითამაშეთ.
მოხარული ვარ ეროვნული ნაკრების წევრობით. მერვე წელიწადია, ამ გუნდში ვარ, ყოველთვის სიხარულით ჩავდივარ. იქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- ყველაზე ახლოს ვისთან ხართ?
- როგორც ვთქვი, ყველასთან დიდი ხანია, ოჯახებით ვმეგობრობ - მანუჩართან, თორნიკესთან, ზაზასთან...
- და მაინც, ყველაზე მეტად?
- თუ ასე დაჟინებით მეკითხებით, გიპასუხებთ: ვიქტორ სანიკიძესთან.
- ბოლო წლებში შეიცვალა გიორგი ცინცაძე? რას უნდა ელოდნენ კიეველი ქომაგები მისგან?
- მნიშვნელოვნად. ოსტატობის დონეზე არაფერს ვიტყვი, შევიცვალე ფსიქოლოგიის, კალათბურთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. კარგი მაგალითი იტალიაში გამართული "ადიდასის კემპი" იყო, სადაც ძალიან ახალგაზრდა ჩავედი.
იქ უამრავი სკაუტი გახლდათ, როგორც ევროპული, ისე ამერიკული კლუბებიდან. თითოეული კალათბურთელი საკუთარი თავის წარმოჩენაზე ფიქრობდა, გუნდურად არავინ თამაშობდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი.
მოკლედ, მაშინ ყველაფერი კარგად გამომივიდა და რამდენიმე დღეში არაერთი საინტერესო წინადადება მივიღე. ასეთსავე კემპზე 20 წლისაც მიმიწვიეს და მოხდა საპირისპირო: პლეიმეიქერად თამაშის საკმარისი გამოცდილება მქონდა და როცა კალათისკენ დავიძრებოდი, თავისუფალი პარტნიორის გამოჩენისთანავე პასს ავტომატურად ვაძლევდი.
ასეთმა ცინცაძემ სკაუტებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ახლა კიდევ უფრო გამოცდილი, პასზე ორიენტირებული გამთამაშებელი ვარ. სწორედ ასეთს მნახავენ "ბუდიველნიკის" ქომაგები.
- ლეგიონერები უკრაინის ჩემპიონატს დროებით, ბუფერულ პუნქტად განიხილავენ. "მშენებელთა" შორის კიდევ რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?
- "ბუდიველნიკს" დროებით გუნდად არ განვიხილავ. თუ ასეთი გუნდი შეიძლება დასახელდეს, ეს თბილისის "ოლიმპი" იყო, რომელიც სათანადოდ დამეხმარა ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციისას.
რაც შეეხება "ბუდიველნიკს", იგი ერთი წლის წინათ უკრაინის ჩემპიონი გახდა, ახლა ევროთასზე ასპარეზობს და მაღალ მიზნებსაც ისახავს.
მინდა, მისი პროგრესის გზას მეც გავყვე. დანარჩენს სეზონის ბოლოს ვნახავთ. თუ კლუბს დავჭირდები და მეც კმაყოფილი ვიქნები, სიამოვნებით დავრჩები. სამუშაო ადგილი არაერთხელ გამოვიცვალე და აქ გაჩერება ურიგო ნამდვილად არ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"